პრემიერლიგა. რეალობა თუ ფლეისთეიშენი?

AutoSharing Option
პრემიერლიგაში ძალზე უჩვეულო ტური იყო. ბუნებრივია, ჩვენი მიმოხილვის საკვანძო მომენტი ერთობ ანომალიური მოვლენა იქნება - 9 გამართული მატჩიდან (ტურს დღევანდელი "სიტი"-"ლივერპული" დააგვირგვინებს) სამ შემთხვევაში 6:0 დაფიქსირდა. უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, ერთ-ერთში სულაც 0:6 დაფიქსირდა...

ჯერ იყო და, შაბათის ადრეულ მატჩში "არსენალმა" ასეთი ანგარიშით ინგლისურ ელიტაში უხანგრძლივესი პაუზის შემდეგ დაბრუნებული "ბლექპული" დააჩოქა. არადა, ამ უკანასკნელმა სეზონი ძალზე ეფექტურად დაიწყო - გასვლით მატჩში "უიგანი" 4:0 გაანადგურა. "უიგანის" საოცარი უკბილობა ცალკე საუბრის თემაა და ეტყობა, ამ გუნდთან წარმატებამ ბლექპულელებს ცუდი სამსახური გაუწია. "ემირეიტსზე"
გამართული მატჩის საწყისი 10 წუთი მშვიდად მიილია, მერე "ბლექპულმა" ერთხელ შეუტია და ამით დაასრულა თავისი აქტიურობა. დანარჩენი დრო "მეთოფეთა" იყო.

თეო უოლკოტმა სასტარტო შემადგენლობაში დაყენება არსენ ვენგერს სამი გოლის გატანით დაუფასა, თითო გოლი აბუ დიაბიმ, ანდრეი არშავინმა (პენალტით) და მარუან შამახმა შეაგდეს, თანაც არშავინის მიერ გატანილი 11-მეტრიანიც მაროკოელმა გამოიმუშავა. საერთოდაც, ეს ფორვარდი ყველაზე აქტიური იყო "მეთოფეთა" შორის, თუმცა 5-6 საგოლე მომენტის გაცუდებაც მოასწრო.

შაბათსვე, კიდევ ერთმა ლონდონურმა გრანდმა, პირველ ტურში აღებული ტემპის დაგდება არ ისურვა და თუ ერთი კვირით ადრე "ჩელსიმ" 6:0 საკუთარ სტადიონზე გამოაცხო, ამ ჯერზე იგივე ანგარიში უიგანის "DW სტედიუმის" ელექტროტაბლოზე დატოვა. სასტარტო მატჩის ანგარიში ფლორან მალუდამ გახსნა და ფრანგმა იგივე უიგანშიც მოახერხა. ფრანგთა ნაკრებიდან პრაქტიკულად სამუდამოდ მოკვეთილმა ნიკოლა ანელკამ და შეცვლაზე შესულმა ბონავენტურ კალუმ საბრალო კრის კირკლენდს (ორ ტურში 10 გოლი გაუშვა) ორ-ორჯერ გაუტანეს, ერთიც "ჩელსის" ახალბედა იოსი ბენაიუნმა წაამატა და მორიგი 6:0-ც გამზადდა!

"არისტოკრატთა" დამრიგებელი კარლო ანჩელოტი თვალებს არ უჯერებდა: "ეს არარეალური ფეხბურთია. მსგავსი რამ მხოლოდ "ფლეისთეიშენზე" მინახავს. პირველ ტაიმში "უიგანი" დიდ პრობლემებს გვიქმნიდა და არ ველოდი, რომ ასეთი ანგარიშით მოვიგებდით. ზედიზედ მეორედ 6:0 მართლაც ფანტასტიკის სფეროდანაა. ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა, თუმცა ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ".

მესამე 6:0-ის შესახებაც ვთქვათ. "ნიუკასლისა" და "ასტონ ვილას" შეხვედრისგან ასეთ შედეგს არავინ ელოდა. "კაჭკაჭები" მშობლიურ "სენტ ჯეიმს პარკზე" ტრადიციულად მძლავრები კი არიან და თანაც პირველ ტურში ოლდტრაფორდული 0:3-იც არ ასვენებდათ, მაგრამ ბირმინგემული კლუბის მყარი და დისციპლინირებული დაცვა საყოველთაოდაა ცნობილი, ამასთან, "ვილა" არ შეტევაშია სუსტი. ანუ, რომელიმე მხარის "მსხვილი" გამარჯვება ამიტომ იყო ნაკლებსავარაუდო.

არადა, არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა მოვლენები ამ მატჩში, იონ კარეუს ეშლი იანგის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი რომ გაეტანა - აყლაყუდა ნორვეგიელმა ნიშნულიდან უმძლავრესად, მაგრამ არაზუსტად გაისროლა.

კარეუს უზუსტობა, გარკვეულწილად, სიმბოლურიც აღმოჩნდა - ამის მერე სტუმრებმა კიდევ ხუთჯერ დაარტყეს "ნიუკასლის" კარისკენ, მაგრამ მუდამ აცილებდნენ. მართალია, 24-ე წუთზე იანგმა ბურთს "ჯორდთა" კარის ხაზი გადააკვეთინა, მაგრამ ლაინსმენმა ოფსაიდის მომიზეზებით კარის აღება გააუქმა.

თუმცა ანგარიში იქამდე უკვე გახსნილი იყო - სკანდალისტმა ჯოი ბარტონმა დაამტკიცა, რომ ფეხბურთის თამაში არ დავიწყებია და ბირმინგემელთა საჯარიმო მოედნის ხაზიდან ისეთი დასცხო, მრავალნაცად ბრედ ფრიდელს კარის ხსნის არანაირი შანსი აღარ დარჩა.
ტაიმის ბოლოსკენ კი მარკ ნოლანმა და ენდი კეროლმა ანგარიში "ვილასთვის" სამარცხვინომდე გაზარდეს. მაგრამ მთავარი სირცხვილი ჯერ კიდევ წინ იყო - სტუმრებმა მეორე ტაიმი პირველზე სუსტად ჩაატარეს და თავის ამერიკელ გოლკიპერს მადლობები უნდა უძღვნან, 0:6 რომ დამარცხდნენ და არა... ვთქვათ, 0:10.

მარტო კეროლს უნდა გაეტანა კიდევ, მინიმუმ, 3 გოლი, თუმცა 21 წლის ტანმაღალმა ფორვარდმა კარიერის პირველ "ჰეთ თრიქს" ხელი მაინც გამოჰკრა და ახალდაწყებული პრემიერლიგის ბომბარდირებში დროგბა-მალუდა-უოლკოტის ტრიოს შეუერთდა. მთლიანობაში, "ნიუკასლი" ლიგის აუტსაიდერებს აღარ უნდა მივაკუთვნოთ. გუნდს სერიოზული პოტენციალი ეტყობა, თუმცა ეს გასაკვირი არცაა - მის ღირსებას უამრავი გამოცდილი და ავტორიტეტული ფეხბურთელი იცავს...

აი, ასე - ერთ ტურში სამი 6:0! თუმცა უფრო მოკრძალებული ციფრების მიუხედავად, ტურის არც სხვა მატჩები გამოვიდა უინტერესო. მარტო "ფულჰემი"-"მანჩესტერი" რად ღირს. უკვე მესამე წელია, მრისხანე მანკუნიანელები "კრეივენ ქოთიჯზე" გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებენ. მარკ ჰიუზმა თავისი კარიერის 13 სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა და ამ გუნდის მეტოქეებს 100-ზე მეტი გოლიც გაუტანა, გუშინ კი უელსელმა მწვრთნელის რანგში თავის ყოფილ დამრიგებელს დააკარგვინა ქულები.

თამაში მართლაც სანახაობრივი გამოდგა, უამრავი საგოლე მომენტითა და დრამატული ფინალით. შეხვედრის სტარტზე სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ, რომელსაც პოლ სქოულზის ეფექტური გოლი მოყვა, შემდეგ კი ლონდონელები ნელ-ნელა დაიქოქნენ, გახურდნენ, გუნდური თამაშიც დაარეგულირეს და ზეგამოცდილი ედვინ ვან დერ სარი რომ არა, ანგარიშს პირველ ტაიმშივე გაათანაბრებდნენ.

მეორე ნახევარში საიმონ დეივისის გოლმა წონასწორობა აღადგინა. ეს 57-ე წუთზე მოხდა და ამის მერე უკვე "მანჩესტერმა" უმატა ტემპს. სერ ალექსმა თამაშში გიგზი, ნანი და ოუენი. ამ სამეულმა სტუმართა თამაში მართლაც გაამწვავა. მანჩესტერელთა დაწოლა მატულობდა და "ფულჰემმაც" ვერ გაუძლო - კუთხურიდან საჯარიმოში შეგდებული ბურთი ლონდონელთა 2-მეტრიან ნორვეგიელ ჰანგელანდს ფეხზე მოხვდა და კარში აღმოჩნდა.

მომდევნო მანკუნიანურ შეტევას ერთობ სადავო პენალტი მოყვა. თუმც სამართალმა პური ჭამა და ნანიმ საჩუქარი ქარს გაატანა - მეკარე სტოკდეილმა პორტუგალიელის "პიჟონური" დარტყმა მოიგერია. სულ ბოლოს კი, როცა "ფულჰემი" მთელი შემადგენლობით წინ წავიდა, ხსენებულმა ჰანგელანდმა ზუსტი თავურით მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:2.

"ბირმინგემმა" "ბლექბერნს" დიდი გაჭირვებით მოუგო. პენალტის "სეივი" ამ შეხვედრაშიც დაფიქსირდა - ყოფილმა მანჩესტერელმა ბენ ფოსტერმა ბლექბერნელი ნორვეგიელის მორტენ გამსტ პედერსენის დარტყმა მოიგერია. აი, "ევერტონმა" კი მოულოდნელად დაკარგა ქულები. "ვულვზთან" საშინაო მატჩში მერსისაიდელები აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ ფრეს კი დასჯერდნენ. "ვესტ ბრომვიჩს" მალხაზ ასათიანის ყოფილმა თანაკლუბელმა პიტერ ოდემვინგიმ მოაგებინა. დედით რუსმა და მამით ნიგერიელმა ფორვარდმა თავის პრემიერლიგურ დებიუტში გოლი გაიტანა და იტალიელი რობერტო დი მატეოს გუნდის ფანობას პირველ ტურში "ჩელსისგან" ნაწვნევი 0:6 დაავიწყა.

"ტოტენჰემში" ფორვარდთა დეფიციტია. ზოგი ცუდ ფორმაშია, ზოგიც - ტრავმირებული. ჰოდა, ასეთ სიტუაციაში გოლეადორობა გუნდის ნომინალურმა მცველმა, ბოლო დროს კი ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა ითავა. უელსელმა 11-წუთიანი ინტერვალით ორჯერ დაამწუხრა "სტოკის" დანიელი კიპერი ტომას სიორენსენი, ამ გოლებს შორის კი მასპინძელთა იამაიკელმა ფორვარდმა რიკარდო ფულერმაც გაიტანა.

ბოლოს კი ერთი საინტერესო სერიის გაგრძელებაზეც ვთქვათ - "ბოლტონმა" ზედიზედ მეშვიდედ დაამარცხა "ვესტ ჰემი". "ჩაქუჩების" მეკარე რობერტ გრინი "ლეგენდადაა" ქცეული, მაგრამ ბოლტონელებთან მარცხში მას ბრალს ვერ დავდებთ - ლონდონური გუნდის დაცვას იმ საღამოს ალბათ ნებისმიერი დონის გუნდი გააბითურებდა...

მომდევნო ტური
28 აგვისტო. ბლექბერნი-არსენალი, ბლექპული-ფულემი, ჩელსი-სტოკი, მანჩესტერი-ვესტ ჰემი, ტოტენჰემი-უიგანი, ვულვზი-ნიუკასლი. 29 აგვისტო. ასტონ ვილა-ევერტონი, ბოლტონი-ბირმინგემი, ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი, სანდერლენდი-სიტი.

არსენალი-ბლექპული 6:0
არსენალი: ალმუნია, სანია, სონგი, ვერმალენი, კლიში, დიაბი (62. ფაბრეგასი), უილშერი, უოლკოტი (66. ველა), როსიცკი, არშავინი (66. ვან პერსი), შამახი.
ბლექპული: ჯილკსი, ბეპტისტი, ევეტი, კეთკარტი, კრეინი, სილვესტრი (37. კეინანი), ვონი, ედამი, გრანდენი, ჰერვუდი (57. ორმეროდი), ტეილორ-ფლეტჩერი (57. დემონტანიაკი).
გოლები: 1:0 უოლკოტი (12), 2:0 არშავინი (32 პ.), 3:0 უოლკოტი (39), 4:0 დიაბი (49), 5:0 უოლკოტი (58), 6:0 შამახი (83)
გაძევება: ევეტი (31)
გაფრთხილება: 0-0; კარში დარტყმა: 30-5 (12-1); ჯარიმა: 10-5; კუთხური: 8-2; თამაშგარე: 4-3; ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 60 032

ბირმინგემი-ბლექბერნი 2:1
ბირმინგემი: ფოსტერი, კარი, ჯონსონი, დანი, რიჯუელი, ლარსონი, ფერგიუსონი, გარდნერი (82. ფაჰი), მაკფადენი (77. ბოიერი), ჯერომი, ჟიგიჩი (66. დერბიშირი).
ბლექბერნი: რობინსონი, სალგადო, სამბა, ნელსენი, ჟივე (73. მამ დიუფი), ელ ჰაჯი დიუფი, ჯონსი (64. ემერტონი), ოლსონი, პედერსენი, ნ'ზონზი, კალინიჩი (84. ჰოილეტი).
გოლები: 0:1 ნ'ზონზი (54), 1:1 გარდნერი (57), 2:1 გარდნერი (71)
გაფრთხილება: 2-3; კარში დარტყმა: 13-15 (5-4); ჯარიმა: 14-14; კუთხური: 4-12; თამაშგარე: 3-2; ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 21 394

ევერტონი-ვულვზი 1:1
ევერტონი: ჰოვარდი, ჰიბერტი, იაგელკა, დისტენი, ბეინსი, პიენარი, ჰეიტინხა (82. ფელაინი), არტეტა, ბილიალეტდინოვი (82. ოსმანი), კეიჰილი, ბეკფორდი (71. საა).
ვულვზი: ჰანემანი, ფოლი, ბერა, კრადოკი, ელოკობი (53. გედიურა), ჯარვისი, ჰენრი, ჯონსი (70, ჰელფორდი), უორდი, ებანკს-ბლეიკი (90. სტირმენი), დოილი.
გოლები: 1:0 კეიჰილი (43), 1:1 ებანკს-ბლეიკი (74)
გაფრთხილება: 1-2; კარში დარტყმა: 15-10 (2-2); ჯარიმა: 17-16; კუთხური: 3-3; თამაშგარე: 3-0; ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 37 767

სტოკი-ტოტენჰემი 1:2
სტოკი: სიორენსენი, ჰუტი, ფაი, შოუკროსი, კოლინზი, დელაპი (85. სიდიბე, 88. ტოუნჯი), უაიტჰედი, ველანი (63. თუნჯაი), ეთერინგტონი, უოლტერსი, ფულერი.
ტოტენჰემი: გომისი, ჩორლუკა, დაუსონი, კაბული, ასუ-ეკოტო, ლენონი (87. უოკერი), ჯენასი, ჰადლსტოუნი, პალასიოსი, ბეილი, კრაუჩი.
გოლები: 0:1 ბეილი (19), 1:1 ფულერი (25), 1:2 ბეილი (30)
გაფრთხილება: 3-1; კარში დარტყმა: 19-9 (6-6); ჯარიმა: 15-5; კუთხური: 6-2; თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 27 243

ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი 1:0
ვესტ ბრომვიჩი: კარსონი, ხარა, ტამაში, ულსონი, ჩეხი, მორისონი, დორანსი (82. რიდი), მულუმბუ (86. შორი), ბრანტი, ოდემვინგი, თომასი (46. ბარნზი).
სანდერლენდი: მინიოლე, ონუოჰა, და სილვა, ბრემბლი, რიჩარდსონი, მალბრანკი (66. ზენდენი), ჰენდერსონი, რივეროსი (84. ვაგჰორნი), ელმოჰამადი (67. უელბეკი), ბენტი, კემპბელი.
გოლები: 1:0 ოდემვინგი (81)
გაფრთხილება: 3-2; კარში დარტყმა: 12-11 (3-2); ჯარიმა: 17-14; კუთხური: 4-6; თამაშგარე: 3-3; ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 23 624

ვესტ ჰემი-ბოლტონი 1:3
ვესტ ჰემი: გრინი, ფობერი, გებიდონი, აპსონი (54. რიდი), ილუნგა, დაიერი (77. მაკარტი), პარკერი, ნეიბლი, ბარერა, პიკიონი, კოული (86. სირსი).
ბოლტონი: იაასკელაინენი, სტეინსონი, ნაითი, კეიჰილი, რობინსონი, ლი (81. ტეილორი), მუამბა, ჰოლდენი, პეტროვი (88. ბლეიკი), კევინ დეივისი, ელმანდერი (86. მარკ დეივისი).
გოლები: 0:1 აპსონი (48 ს.კ.), 0:2 ელმანდერი (68), 1:2 ნეიბლი (79 პ.), 1:3 ელმანდერი (84)
გაფრთხილება: 2-4; კარში დარტყმა: 22-11 (8-5); ჯარიმა: 11-15; კუთხური: 8-5; თამაშგარე: 6-0; ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 32 533

უიგანი-ჩელსი 0:6
უიგანი: კირკლენდი, სტამი, გოური, ალკარასი, ფიგეროა (84. ბოისი), მაკარტი (80. უოტსონი), ტომასი, დიამე (80. მაკართური), ნ'ზოგბია, ბოსელი, როდალიეგა.
ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი (63. პაულუ ფერეირა), ალექსი, ტერი, კოული, ესიენი (80. ბენაიუნი), მიკელი, ლემპარდი, ანელკა, დროგბა, მალუდა (70. კალუ).
გოლები: 0:1 მალუდა (34), 0:2 ანელკა (48), 0:3 ანელკა (52), 0:4 კალუ (78), 0:5 ბენაიუნი (90), 0:6 კალუ (90)
გაფრთხილება: 1-2; კარში დარტყმა: 15-11 (5-8); ჯარიმა: 12-10; კუთხური: 0-0; თამაშგარე: 2-5; ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 14 476

ნიუკასლი-ასტონ ვილა 6:0
ნიუკასლი: ჰარპერი, პერჩი, უილიამსონი, კოლოჩინი, ხოსე ენრიკე, როტლიჯი (76. ამეობი), სმითი (76. ტეილორი), ბარტონი, ხონასი (81. სისკო), ნოლანი, კეროლი.
ასტონ ვილა: ფრიდელი, ლუკ იანგი, დანი, კლარკი (89. ბეი), უორნოკი, აირლენდი, ოლბრაიტონი (57. ჰესკი), ეშლი იანგი, დაუნინგი, კარევი (65. რეო-კოუკერი).
გოლები: 1:0 ბარტონი (13), 2:0 ნოლანი (32), 3:0 კეროლი (33), 4:0 კეროლი (67), 5:0 ნოლანი (87), 6:0 კეროლი (90)
გაფრთხილება: 3-1; კარში დარტყმა: 17-6 (11-0); ჯარიმა: 15-13; კუთხური: 10-2; თამაშგარე: 1-5; ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 43 546

ფულჰემი-მანჩესტერი 2:2
ფულჰემი: სტოკდეილი, პეინტსილი, ჰიუზი, ჰანგელანდი, კონჩესკი, დეივისი (90. გერა), მერფი (81. გრინინგი), დემპსი (61. დემბელე), ეტუჰუ, დაფი, სამორა.
მანჩესტერი: ვან დერ სარი, ო'ში, ვიდიჩი, ევანსი, ევრა, ვალენსია (74. გიგზი), ფლეტჩერი, სქოულზი, პარკი (67. ნანი), ერნანდესი (75. ოუენი), ბერბატოვი.
გოლები: 0:1 სქოულზი (11), 1:1 დეივისი (57), 1:2 ჰანგელანდი (84-საკ. კარში), 2:2 ჰანგელანდი (89)
გაფრთხილება: 2-2; კარში დარტყმა: 20-22 (8-8); ჯარიმა: 10-7; კუთხური: 5-11; თამაშგარე: 0-2; ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 25 643

მანჩესტერ სიტი-ლივერპული ორშაბათს

	                  თ	მ	ფ	წ	ბ	ქ
1. ჩელსი	          2	2	0	0	12-0	6
2. არსენალი	          2	1	1	0	7-1	4
3. მანჩესტ. იუნ	  2	1	1	0	5-2	4
4. ბოლტონი	          2	1	1	0	3-1	4
5. ბირმინგემი	  2	1	1	0	4-3	4
6. ვულვზი	          2	1	1	0	3-2	4
7. ტოტენჰემი	  2	1	1	0	2-1	4
8. ნიუკასლი	          2	1	0	1	6-3	3
9. ბლექბერნი	  2	1	0	1	2-2	3
10. ბლექპული	  2	1	0	1	4-6	3
11. ასტონ ვილა	  2	1	0	1	3-6	3
12. ვესტ ბრომვიჩი	  2	1	0	1	1-6	3
13. ფულჰემი	  2	0	2	0	2-2	2
14. ლივერპული	  1	0	1	0	1-1	1
15. მანჩესტ. სიტი	  1	0	1	0	0-0	1
16. სანდერლენდი	  2	0	1	1	2-3	1
17. ევერტონი	  2	0	1	1	1-2	1
18. სტოკი 	          2	0	0	2	2-4	0
19. ვესტ ჰემი	  2	0	0	2	1-6	0
20. უიგანი	          2	0	0	2	0-10	0
ბომბარდირები: 3 - დროგბა (ჩელსი), მალუდა (ჩელსი), უოლკოტი (არსენალი), კეროლი (ნიუკასლი).



მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთის აფირისტს ობოლაძეს რომ დაეკითხოთ ყველაზე კონკურენტ უნარიან ჩემპიონატს გვაყურებინებს ,სადაც მატცები 6-0 მთავრდება და სადაც თანაშში ნახევარი საათის მერე ყველაფერი იასნია....
zumba
15:10 23-08-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული