ვენსან კომპანი მზად იქნება

AutoSharing Option
იანვრის მერე "მანჩესტერ სიტის" კაპიტანი, 25 წლის ვენსან კომპანი შედარებით იშვიათად თამაშობს - ბელგიელი დისკვალიფიცირებულია და ან ტრავმას იშუშებს.

აღნიშნული მიზეზებით ფეხბურთელმა 8 თამაში გამოტოვა. თუმცა "სიტის" სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელთა თქმით, უქმეებზე "სტოკ სიტისთან" მატჩისთვის ის მზად იქნება. ჯერჯერობით ისევ გაურკვეველი რჩება "ქალაქელთა" მეორე წამყვანი სტოპერის, ჯოლეონ ლესკოტის ამბავი - 29 წლის ფეხბურთელს საზარდული ჯერ კიდევ ძლიერად აწუხებს.

უეფას უარი უელსელებს
წარუმატებლად დასრულდა უელსის ფეხბურთის ფედერაციის მცდელობა, დაერწმუნებინა უეფა, რომ ამ ქვეყნის თასის მფლობელისთვის ევროპალიგაში გამოსვლის უფლება მიეცა.

ასე რომ,
ისეთ კლუბებს, როგორებიც არიან "სუონსი" და "კარდიფ სიტი", ევროპაში ფანჯრის გაჭრის შანსი მხოლოდ პრემიერლიგაში ან ინგლისურ სათასო ტურნირებში წარმატების მიღწევის შემთხვევაში მიეცემათ. ვალიელთა მხრიდან ეს საკითხი უეფას წინაშე პირველად არ დასმულა.

ანალოგიურ თხოვნაზე უარი ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 2001 წელსაც თქვა. 1995 წლამდე წამყვანი უელსური კლუბები, რომლებიც ინგლისის ჩემპიონატში თამაშობენ, უელსის თასზეც მონაწილეობდნენ, მაგრამ მას მერე ამ ტურნირს უგანეს და მისი პრესტიჟი ნულამდე დასცეს.

"ამ თხოვნაზე უარის ძირითადი მოტივი ძალიან მარტივია. თუკი გადაწყვიტე, რომ ინგლისის ჩემპიონატში უნდა ითამაშო, მაშინ ევროთასებზე შენი გზა მხოლოდ ამ ქვეყანაზე უნდა გადიოდეს," - განაცხადა უეფას აღმასრულებელმა დირექტორმა ჯანი ინფანტინომ.

მარსელს ანგარიშს უწევენ
28 მარტს "მარსელს" ჩემპიონთა ლიგაში "ბაიერნთან" დაპირისპირება ელის, რის გამოც პროვანსელთა ხელმძღვანელობამ საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგას 31-ში "მონპელიესთან" გასამართი შეხვედრის გადატანა სთხოვა. ლიგამ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონების თხოვნა გაითვალისწინა. როდის გაიმართება ეს შეხვედრა, ამას ორგანიზაცია მოგვიანებით დაადგენს.

ლეონარდო არ საყვედურობს
"პარი სენ-ჟერმენის" სპორტული დირექტორის, ლეონარდოს თქმით, მას მიაჩნია, რომ გუნდს ყველა ტურნირში გამარჯვებისთვის უნდა ებრძოლა, მაგრამ ამის მიუხედავად, არავის საყვედურობს საფრანგეთის თასის 1/4-ფინალში წაგების გამო.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს "ლურჯ-წითლებმა" შინ "ლიონს" უმასპინძლეს და 3:1 დამარცხდნენ. "მე ვერ მექნება პრეტენზიები გუნდთან, - განუცხადა მან "ფრანს პრესს". - თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ პირველ ტაიმში ცხოვრება თავად გავირთულეთ, კარგად ჩატარებული მეორე ნახევარი კი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად აღარ გვეყო. "ლიონს" კარგი გუნდი ჰყავს. მან პრაქტიკულად ყველა მომენტი გამოიყენა, რაც ჰქონდა.

ასეთ დროს კი გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია ხოლმე. არა უშავს, ეს პირველი წაგებაა, რომელიც ანჩელოტის ხელში ვიწვნიეთ. აქამდე ზედიზედ 17 თამაში გვქონდა წაუგებლად განვლილი და ერთი მარცხი არაფერს წყვეტს.

ზოგადად მსაჯზე ლაპარაკი არ მჩვევია, მაგრამ კლემენ ტურპინზე იმას ვიტყვი, რომ ის დაძაბული იყო და თამაშსაც ცოტა ნერვიულ სტილში უძღვებოდა. პსჟ-ს 18 წელიწადია, ჩემპიონის ტიტული არ მოუგია. ასე რომ, ძალების მობილიზება ახლა აქეთ გვმართებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული