დევიდ ბექჰემის ექვსი ვარიანტი კარიერის გასაგრძელებლად

AutoSharing Option
ამ დღეებში გაირკვა, რომ ინგლისელი სუპერვარსკვლავი, 37 წლის დევიდ ბექჰემი დეკემბრის ბოლოს "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს და კარიერას სხვა ქვეყანაში გააგრძელებს.

სად? სწორედ ამ კითხვაზე ეცადა პასუხის გაცემას გამოცემა "სანის" ჟურნალისტი. აღმოჩნდა, რომ ვეტერან ინგლისელს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კლუბი სთავაზობს თანამშრომლობას. მას წინადადებები ლამის მთელი მსოფლიოდან აქვს.

ფრაზა "უკანასკნელი გამოწვევა" დევიდ ბექჰემის ბაგეებიდან გაჟღერდა. ახლა მისი ფანები გულის ფანცქალით დაელოდებიან მომენტს, როდესაც დევიდი გადაწყვეტს, თუ საიდან მიიღოს ეს "გამოწვევა". ისევე, როგორც მისი კალიბრის ფეხბურთელს შეეფერება, საქმე მას
ასარჩევად აქვს.

ვარიანტი №1: ავსტრალია
ადგილობრივ A ლიგაში ძილშიც კი იმაზე ოცნებობენ, როგორ ჩავა ბრიტანელი ვარსკვლავი მწვანე კონტინენტზე. პირველად სწორედ ავსტრალიელები გამოეხმაურნენ ბექზის განცხადებას, რომ მისი კარიერის ამერიკული ეტაპი დასასრულს უახლოვდებოდა.

მიუხედავად ალესანდრო დელ პიეროსა და ემილ ჰესკის ყოფნისა, ავსტრალიის ლიგაში ბექჰემის დონის ვარსკვლავს ჯერ არ უთამაშია.

ოღონდ დევიდმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ სამყაროს დასალიერს, უდაბნოსა და კენგურუების სანახავად თუნდაც ძალიან დიდი ფულის გამო სათამაშოდ არ წავიდოდა. ასე რომ, ეს ვარიანტი შეგვიძლია ბოლოში მოვაქციოთ.

ვარიანტი №2: ჩინეთი
პრემიერლიგის ყოფილმა ვარსკვლავებმა ნიკოლა ანელკამ და დიდიე დროგბამ უკვე ნახეს მყუდრო თავშესაფარი ამ ქვეყანაში.

გამორიცხული არ არის, მალე მათ ფრენკ ლემპარდიც შეუერთდეს. და რატომ არ შეიძლება, რომ ამ კამპანიას დევიდიც შეუერთდეს? მით უფრო, რომ ჩინეთი ფეხბურთელებს თავისთან საოცარი ფინანსური შეთავაზებებით იტყუებს.

ამ მონეტას მეორე შელახული მხარეც აქვს. ამბობენ, რომ ჩინელები ფეხბურთელებს დიდ ფულს კი ჰპირდებიან, მაგრამ ენთუზიაზმის გარეშე იძლევიან მას.

შევხედოთ სხვა კუთხიდან: ბექჰემის გადაბირება ნებისმიერი კლუბის უდიდესი წარმატების გარანტია იქნება მარკეტინგული თვალსაზრისით. დევიდი კი შანსს მიიღებს, რომ კიდევ ერთი კონტინენტი დაიპყროს.

ვარიანტი №3: ინგლისი
წლების წინ ბექზიმ გამორიცხა სამშობლოში ფეხბურთის სათამაშოდ დაბრუნების შესაძლებლობა. დრო გადის და მისი პოზიცია შეიძლება შეცვლილიყო კიდეც. მით უფრო, რომ გასულ უქმეებზე დევისი "არსენალის" ბაზაზე გამოცხადდა და იქ ივარჯიშა.

არსენ ვენგერს არაფერი ეტყობა, რომ ვეტერანის გუნდში აყვანას აპირებდეს. სამაგიეროდ, მსგავსი სურვილი არაერთხელ დაუდასტურებიათ "ქუინზ პარკში".

მაგალითი, რომ სოლიდურ ასაკშიც შეიძლება პრემიერლიგაში მაღალ დონეზე თამაში, უკვე არსებობს: რაიან გიგზი და პოლ სქოულზი დღემდე "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავენ.

რატომ არ შეიძლება, სწორედ ბექჰემი გახდეს "იუნაიტედისთვის" მინდვრის ცენტრში პრობლემების გასაღები მოკლე პერიოდით? პრემიერლიგაში დაინტერესებულთა შორისაა "ვესტ ჰემიც".

ვარიანტი №4: საფრანგეთი
თუკი რეალურ გამოწვევაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად საფრანგეთში სათამაშოდ გადასვლაა, რადგან ასეა თუ ისე, ლიგა 1 ევროპის ელიტურ ლიგებში შედის.

ბექჰემის შესაძლო დისლოკაციის ადგილი გარკვეულია - პარიზი, "პარი სენ-ჟერმენი". კარლო ანჩელოტი დიდი ხანია, ინგლისელის ნიჭის თაყვანისმცემელია.

2009 წელს სწორედ მან მიიწვია დევიდი "მილანში" ხანმოკლე საიჯარო კონტრაქტით. თუმცა უკანასკნელი ინფორმაციით, ლიგა 1-ის წარმომადგენლებს დევიდის მიმართ სერიოზული ინტერესი არ აქვთ.

ვარიანტი №5: რუსეთი
თუკი ბექჰემს მხოლოდ კარგი ხელფასის კი არა, მაღალ დონეზე თამაშის სურვილი ჯერ კიდევ აქვს. რუსული პრემიერლიგა ერთ-ერთი ყველაზე მისაღები ვარიანტია. ხანდაზმული ვარსკვლავებისადმი ლტოლვა ამ ქვეყანაში არასოდეს აკლდათ.

არსებობს ყველასთვის მისაღები ვარიანტი - "ანჟი". აქ დევიდის ყოფილი თანაგუნდელი რობერტო კარლოსი სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობს და შეუძლია კლუბს XXI საუკუნის ინგლისის ნაკრების სიმბოლოს გადაბირებაში სერიოზულად შეუწყოს ხელი.

ვარიანტი №6: გაერთიანებული საემიროები
არაბული ქვეყნები დიდი ხანია გადაიქცნენ იმ ფეხბურთელთა თავშესაფრად, რომლებიც პენსიაზე გასასვლელად ემზადებიან, მაგრამ კიდევ სურთ 2-3 მილიონის შოვნა.

ადგილობრივი ფეხბურთი ბოლო წლებია, აღმავლობას განიცდის. განსაკუთრებით ეს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად ყატარის დასახელების შემდეგ იგრძნობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული