ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მეათედ გაუშვა პირველი გოლი და მეშვიდედ შეძლო ასეთი მატჩის მოგება. თითქოს ერთხელ ჩამორჩენა საკმარისი არ ყოფილიყო და ამჯერად "წითელმა ეშმაკებმა" ორმაგი ე.წ. ქამბექი შემოგვთავაზეს.

მორიგი მატჩი წააგო "არსენალმა", რის გამოც არსენ ვენგერს საკუთარი ქომაგის სტვენის მოსმენა მოუწია.

გულშემატკივრის კრიტიკას უკვე შეეჩვია რაფაელ ბენიტესი, რომლის გუნდმაც, როგორც იქნა, გოლი გაიტანა, მაგრამ ამჯერადაც ვერ მოიგო. ის კი არა, საერთოდ დამარცხდა.

ლი პრობერტის მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა დევიდ მოიესი, ხოლო ორშაბათს "ნიუკასლმა" მსაჯის დახმარებით "უიგანს" სძლია და 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

"მადეისკიზე"
შეკრებილმა მაყურებელმა საოცარი პირველი ტაიმი, უფრო სწორად, პირველი 34 წუთი იხილა. ამ პერიოდში გუნდებმა ერთმანეთს 7 გოლი გაუტანეს, თანაც, ლიდერი ისე ხშირად იცვლებოდა, თითქოს არა ფეხბურთი, არამედ საკალათბურთო მატჩი ყოფილიყო. 34 წუთში ლიდერის ოთხჯერ შეცვლა მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

* * *
სერ ალექს ფერგიუსონი იმდენად უკმაყოფილო იყო დაცვის მოქმედებით, რომ რაფაელი უკვე 31-ე წუთზე შეცვალა, რამაც ბრაზილიელი ისე გააბრაზა, რომ ფერგის ხელი არ ჩამოართვა.

მატჩის შემდეგ სერ ალექსს ამ ინციდენტზე არ უსაუბრია, თუმცა დაცვის სუსტი მოქმედება კი გამოჰყო:

"ამ სეზონში ასე ცუდად დაცვაში არ გვითამაშია. ასე გაგრძელება არ შეიძლება, რამე უნდა მოვიმოქმედოთ. საბედნიეროდ, გუნდში მებრძოლი ბიჭები გვყავს, რომლებსაც გუნდის გადარჩენა შეუძლიათ. უეინ რუნიმ საოცარი პირველი ტაიმი ჩაატარა - ის, ვან პერსი და იანგი, უბრალოდ, ბრწყინავდნენ. შეტევაში ყველაფერი შესანიშნავად იყო, მაგრამ დაცვის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა".

* * *
"არსენალს" აშკარად კრიზისი აქვს. 14 ტურის შემდეგ "მეთოფეებს" 21 ქულა ჰქონდათ, რაც არსენ ვენგერის ეპოქაში ყველაზე ცუდი შედეგი გახლდათ - ამაზე ცუდი სტარტი "არსენალს" ბოლოს 1994 წელს ჰქონდა, როდესაც 14 შეხვედრაში 19 ქულა მოაგროვა.

კასორლა და კომპანია "სუონსისთან" ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ "არსენალი" ძალიან უნიათოდ უტევდა და გერჰარდ ტრემელს პრობლემებს ვერ უქმნიდა, შეხვედრის ბოლოს კი გოლი აქეთ გაუშვა - მატჩის 88-ე წუთზე მიჩუმ და ლუკ მურმა მარტივი კომბინაცია გაითამაშეს, რასაც ესპანელის გოლი მოჰყვა, ხოლო არბიტრის დამატებულ წუთებზე მიჩუ შჩესნისთან პირისპირ დარჩა და დუბლი შეასრულა.

საფინალო სასტვენის შემდეგ მასპინძელთა ქომაგებმა ფეხბურთელებს და არსენ ვენგერს ობსტრუქცია მოუწყვეს, რაც ფრანგის ლონდონში ყოფნის პერიოდში არცთუ ისე ხშირად მომხდარა.

* * *
ობსტრუქციას და სტვენას მიჩვეულია რაფაელ ბენიტესი, რომლის გათავისუფლებასაც "ჩელსის" ქომაგები მისი დანიშვნის დღიდან ითხოვენ.

რაფას გუნდმა პირველ ორ შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა, რამაც ქომაგების განწყობა კიდევ უფრო ნეგატიური გახადა.

"არისტოკრატების" მწვრთნელის რანგში მესამე შეხვედრა ესპანელს "ვესტ ჰემთან" ჰქონდა და ამჯერად მისმა გუნდმა გოლი კი გაიტანა (ხუან მატა), მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა და ლიდერ "მანჩესტერ იუნაიტედს" უკვე 13 ქულით ჩამორჩა.

რომან აბრამოვიჩის მოსვლის შემდეგ (2003 წელს) "ჩელსის" 15 თამაშიდან ასე ცოტა ქულა არასდროს ჰქონია და გარდა ამისა, ამავე პერიოდში გუნდმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერიაც პირველად "გამოაცხო".

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ბოლეინ გრაუნდზე" შეკრებილმა "ჩელსის" გულშემატკივრებმა ბენიტესის წასვლა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

* * *
მარუან ფელაინი შესანიშნავ სეზონს ატარებს. ბელგიელმა "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში ყველაფერი გააკეთა: გოლიც გაიტანა, აქტიურიც იყო და პენალტიც მოიპოვა, ოღონდ ამჯერად ბელგიელს თავზე ხელს არავინ გადაუსვამდა, რადგან 11-მეტრიანი მისი გუნდის კარში დაინიშნა.

იმ მომენტში "სიტი" კუთხურს აწვდიდა, საჯარიმოში კი ფელაინი ედინ ჯეკოს მეურვეობდა. საბოლოოდ ეპიზოდი ჯეკოს დაცემით და ლი პრობერტის სასტვენით დასრულდა. პენალტი კარლოს ტევესმა გამოიყენა და ამ გოლის წყალობით მატჩი ფრედ დამთავრდა.

სხვათა შორის, "სიტიმ" და "ევერტონმა" მანჩესტერში პირველად ითამაშეს ფრედ. აქამდე პრემიერლიგის შეხვედრებში ან მასპინძლები იგებდნენ, ან სტუმრები.

დევიდ მოიესი, რომელსაც მანჩინი 6 შეხვედრიდან 5-ში ჰყავდა დამარცხებული, არბიტრის მოქმედებით უკმაყოფილი დარჩა:

"არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს გუნდის წარუმატებლობას მსაჯს ვაბრალებ, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ეპიზოდში ორი, თითქმის ორმეტრიანი მოთამაშე იბრძოდა ბურთისთვის, რაც ერთ-ერთის დაცემით დასრულდა. არა მგონია, რომ იმ სიტუაციაში პენალტი უნდა დანიშნულიყო", - საკმაოდ რბილად გამოხატა თავისი აღშფოთება 49 წლის შოტლანდიელმა.

* * *
შესანიშნავ ფორმაშია "სტოკ სიტი", რომელმაც ბოლო 5 შეხვედრაში 13 ქულა მოაგროვა და ამ მხრივ მთელ პრემიერლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

ტონი პულისის შეგირდებმა სეზონის მთავარი სენსაცია, "ვესტ ბრომვიჩი" დაამარცხეს, თანაც იმ დროს, როდესაც უელსელ სპეციალისტს პიტერ კრაუჩი, მაიკლ ოუენი და კამერონ ჯერომი არ ჰყავდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი დინ უაიტჰედმა გაიტანა, რომელიც უფრო უხეშობით არის გამორჩეული, ვიდრე გოლების გატანით.

* * *
როგორც იქნა, გამარჯვება მოიპოვა "ნიუკასლმა", რომელმაც ზედიზედ 4 წაგების შემდეგ სახლში "უიგანი" დაამარცხა.

ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა დემბა ბამ, ერთი გოლი კი ახალგაზრდა ბურუნდელმა გაელ ბიგირიმანამ გაიტანა.

მატჩის საბოლოო შედეგი დიდწილად მე-12 წუთზე დანიშნულმა მეტად საეჭვო პენალტმა განსაზღვრა, რომელსაც მეინორ ფიგეროას გაძევებაც მოჰყვა. 11-მეტრიანი ბამ გოლად აქცია და ამის შემდეგ ალან პარდიუს შეგირდებს 10-კაციანი "უიგანის" დამარცხება აღარ გასჭირვებიათ.

ტურის გმირი
XV ტურის საუკეთესო მოთამაშედ მიჩუ უნდა დავასახელოთ, რომელმაც "ემირეტსზე" დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მოულოდნელი გამარჯვება მოუტანა.

ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელშიც უელსელებმა "რაიო ვალეკანოს" მხოლოდ 2 მილიონი ევრო გადაუხადეს, კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ბომბარდირთა დავაში ლიდერებს გაუთანაბრდა.

განსაკუთრებით ლამაზი მიჩუს პირველი გოლი იყო, როდესაც მარცხენა ფეხით ვოიცეხ შჩესნის შორეული კუთხე დალაშქრა.

ტურის მწვრთნელი
აქაც "სუონსის" წარმომადგენელი უნდა გამოვარჩიოთ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა გუნდმა "არსენალს" სტუმრად მოუგო - ლეგენდარული მიქაელ ლაუდრუპის კრებული შესანიშნავად ათამაშდა და უკანასკნელ ექვს დღეში 7 ქულა აიღო. თანაც უელსელთა მეტოქეები "ლივერპული", "არსენალი" და ამ სეზონის მთავარი სენსაცია "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" იყვნენ.

Sportall.Ge

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 იუნაიტედი 15 12 0 3 37-21 36
2 სიტი 15 9 6 0 28-11 33
3 ჩელსი 15 7 5 3 25-16 26
4 ტოტენჰემი 15 8 2 5 28-23 26
5 ვესტ ბრომვიჩი 15 8 2 5 24-19 26
6 ევერტონი 15 5 8 2 25-19 23
7 სუონსი 15 6 5 4 23-17 23
8 ვესტ ჰემი 15 6 4 5 19-17 22
9 სტოკ სიტი 15 5 7 3 14-12 22
10 არსენალი 15 5 6 4 24-16 21
11 ლივერპული 15 4 7 4 19-18 19
12 ნორვიჩი 15 4 7 4 13-21 19
13 ფულჰემი 15 4 5 6 25-26 17
14 ნიუკასლი 14 3 5 6 14-21 14
15 უიგანი 14 4 2 8 15-25 14
16 ასტონ ვილა 15 3 5 7 12-23 14
17 სანდერლენდი 14 2 7 5 13-18 13
18 საუთჰემპტონი 15 3 3 9 21-32 12
19 რედინგი 14 1 6 7 19-27 9
20 ქუინზ პარკი 15 0 6 9 11-27 6

ბომბარდირები
10 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლუის სუარესი (ლივერპული), მიჩუ (სუონსი), დემბა ბა (ნიუკასლი);
9 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი);
8 - მარუან ფელაინი (ევერტონი);
7 - კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი);
6 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი), სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი);

ასისტენტები
7 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი);
6 - ხუან მატა (ჩელსი);
5 - ედენ აზარი (ჩელსი), ბრაიან რუისი (ფულჰემი);

გოლი+პასი
14 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 10+4;
12 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 10+2;
11 - მიჩუ (სუონსი) - 10+1, ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი) - 9+2, მარუან ფელაინი (ევერტონი) - 8+3, კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 7+4, ხუან მატა (ჩელსი) - 5+6, უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 4+7;

გაფრთხილებები
6 - დინ უაიტჰედი (სტოკი), კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი), ახნელ რანხელი (სუონსი), მარკ ნობლი (ვესტ ჰემი).

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი, EA SPORTS-ის მიხედვით
1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2. მარუან ფელაინი (ევერტონი)
3. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
4. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)
5. მიჩუ (სუონსი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის
149 მატჩი
100 მოგება
49 ფრე
74 მშრალად შენახული კარი
412 გოლი
2.76 საშუალო შედეგიანობა
18 ავტოგოლი
2111 ზუსტი დარტყმა კარში
1675 აცილება
450 ფეხბურთელი
295 ლეგიონერი
71 ეროვნების მოთამაშე
3 ჰეთ თრიკი
33 დუბლი
454 ყვითელი ბარათი
22 წითელი ბარათი
5 286 558 ფანი ტრიბუნებზე

მომდევნო ტური
8 დეკემბერი
არსენალი-ვესტ ბრომვიჩი, ასტონ ვილა-სტოკი, საუთჰემპტონი-რედინგი, სანდერლენდი-ჩელსი, სუონსი-ნორვიჩი, უიგანი-ქუინზ პარკი.

9 დეკემბერი:
მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი, ევერტონი-ტოტენჰემი, ვესტ ჰემი-ლივერპული, ფულჰემი-ნიუკასლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტური: ფავორიტების უსიტყვო კაპიტულაცია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული