ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტურის წინ: როგორ ფერზე შეიღებება მანჩესტერი?

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-16 ტურის და საერთოდ ევროპული უქმეების ყველაზე გამორჩეული მატჩი კვირას, "ეტიჰად სთედიუმზე" გაიმართება.

მანჩესტერული დერბი, რა თქმა უნდა, ამ ტურის ყველაზე საინტერესო მატჩია, მაგრამ მათი დაპირისპირების გარდა, კიდევ რამოდენიმე შეხვედრის გამორჩება შეიძლება.

კვირას ლივერპულში, "გუდისონ პარკზე" "ევერტონი" "ტოტენჰემს" უმასპინძლებს, ხოლო ამ მატჩის დაწყებიდან ერთ საათში ლონდონში "ვესტ ჰემი" ლუის სუარესის გარეშე დარჩენილ "ლივერპულს" შეხვდება...

კვირას მთელი ევროპის ყურადღება მანჩესტერისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც თბილისის დროით 17:30 საათზე მარტინ ატკინსონის სასტვენის ხმა გაისმება და ევროპული უიქ-ენდის ყველაზე საინტერესო მატჩი დაიწყება.

"ქალაქელები"
"იუნაიტედს" სატურნირ ცხრილში სამი ქულით ჩამორჩებიან და გამარჯვების შემთხვევაში პრემიერლიგას სათავეში ჩაუდგებიან.

"სიტი" ინგლისის 4 პროფესიონალურ დივიზიონში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია და რობერტო მანჩინი იმედოვნებს, რომ დაუმარცხებელი სერია დერბის შემდეგაც გაგრძელდება:

"მათ წაგების უფლება აქვთ, რადგან სამი ქულით გვისწრებენ, ჩვენ კი სამი ქულით ჩამოვრჩებით, ამიტომ არ უნდა წავაგოთ. ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის "იუნაიტედი" ჩვენზე ძლიერია, მაგრამ დერბი დერბია".

იტალიელმა სპეციალისტმა პასუხი გასცა ფერგიუსონსაც, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შემდეგ მეტოქე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "სიტის" მსგავს გუნდს ჩემპიონთა ლიგაში ასეთი ჩავარდნა არ ეკადრება.

"ფერგიუსონმა პირველი საჩემპიონო ტიტული პოსტზე დანიშვნიდან შვიდ წელიწადში მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი 14 წლის შემდეგ (სინამდვილეში 13), ასე რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად წინ კიდევ 12 წელი მაქვს", - განაცხადა მანჩინიმ პრესკონფერენციაზე.

"მანჩესტერ სიტის" მთავარი პრობლემა დავიდ სილვას ტრავმაა, რომლის გამოც მისი თამაში საეჭვოა. თუ ესპანელმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, ძირითადში მის ადგილს ხავიერ გარსია დაიკავებს და "სიტი" უფრო დაცვითი ტაქტიკით ითამაშებს.

მასპინძლებს ასევე არ ეყოლებათ ალეკსანდარ კოლაროვი, სამაგიეროდ გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზად არის გაელ კლიში. მისი დაბრუნება ნამდვილი შვებაა მანჩინისთვის, რომელსაც მარცხენა მცველის პოზიციაზე ექსპერიმენტების ჩატარება აღარ მოუწევს.

რაც შეეხებათ სტუმრებს, "იუნაიტედის" რიგებში ტომ კლევერლის თამაში არის საეჭვო და ასევე ტრავმირებულნი არიან შინჯი კაგავა, ნანი და ანდერსონი, სამაგიეროდ მომჯობინდნენ კაპიტანი ნემანია ვიდიჩი და ანტონიო ვალენსია, თუმცა ფერგის განცხადებით სერბისთვის თამაში ჯერ ადრეა.

შოტლანდიელმა სპეციალისტმა ჩემპიონატში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა:

"ჯერ ძალიან ადრეა იმისთვის, რომ ორი ცხენის დოღზე ვისაუბროთ, რადგან თუ კარგად გაიხსენებთ, არც ისე ცოტა ხნის წინ "ჩელსის" 12 ქულით ჩამოვრჩებოდით, ხოლო 1998 წელს, როდესაც საბოლოოდ ჩემპიონი "არსენალი" გახდა, ჩვენ მათ 11 ქულით ვუსწრებდით".

სავარაუდო შემადგენლობები:
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კლიში - ბერი, იაია ტურე - სილვა, ტევესი, ნასრი - აგუერო.
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - რაფაელი, ევანსი, ფერდინანდი, ევრა - კერიკი, სქოულზი - ვალენსია, რუნი, იანგი - ვან პერსი.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის
ჩემპიონთა ლიგის საგზურის ორი მაძიებელი ერთმანეთს "გუდისონ პარკზე" შეხვდება.

დევიდ მოიესის "ევერტონმა" სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ბევრი ქულა დაკარგა და უკვე მე-6 ადგილზეა.

მართალია, მერსისაიდელები პრაქტიკულად არ აგებენ (მხოლოდ 2 წაგება), მაგრამ მოგებაც უჭირთ. მათი მეტოქე კი არის "ტოტენჰემი", რომელმაც საკუთარი ქომაგი სერიებით თამაშს დააჩვია - ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდი ან ზედიზედ იგებს, ან ზედიზედ მარცხდება.

ამ მომენტისთვის ლონდონელებს 3-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ და მის გაგრძელებას ეცდებიან, თუმცა ძალიან კი გაუჭირდებათ, რადგან "დეზებს" ამ შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გარეთ ბეილი არ ეყოლებათ, რომელმაც წინა ტურში ტრავმა მიიღო.

არ იქნება იუნეს ქაბულიც, რომელიც მხოლოდ იანვარში დაბრუნდება, სამაგიეროდ გამოჯანმრთელდნენ ბენუა ასუ-ეკოტო და სკოტ პარკერი, თუმცა 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არ არიან.

"ევერტონმა" ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და 7 ფრედ დაასრულა. მერსისაიდელებს ახლა 23 ქულა აქვთ და მომავალ მეტოქეს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.

დევიდ მოიესი შეგირდებს მოსაგებად დაგეშავს, მითუმეთეს მასპინძლებს ყველა ლიდერი მწყობრში ჰყავთ.

სავარაუდო შემადგენლობები:
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - ჰიბერტი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - გიბსონი, ოსმანი - ნეისმიტი, ფელაინი, პიენაარი - იელავიჩი.
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, კოლკერი, ვერტონგენი, ნოუტონი - სანდრო, ჰადლსტოუინი - ლენონი, დემბელე, დემპსი - დეფო.

სუარესის გარეშე
კვირას კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართება: "ვესტ ჰემი"-"ლივერპული". მერსისაიდელებს სერიოზული დანაკლისი აქვთ, რადგან მათ ლუის სუარესი ვერ დაეხმარება. ურუგვაელმა წინა ტურში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთი მატჩით დისკვალიფიცირებულია.

"ვესტ ჰემს" კალენდრის თვალსაზრისით საკმაოდ რთული პერიოდი აქვს. "ჩაქუჩებმა" ზედიზედ წააგეს "ტოტენჰემთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან", წინა ტურში კი სემ ელერდაისის ბიჭებმა "ჩელსი" დაამარცხეს და ახლა მეორე გრანდის ბეჭებზე გაკვრას ეცდებიან.

მასპინძლებს ვერ დაეხმარება ენდი კეროლი, რომელიც გარდა იმისა, რომ ლონდონში "ლივერპულიდან" არის განათხოვრებული, ასევე ტრავმირებულია და მოედანზე გასვლას ახალ წლამდე ვერ შეძლებს.

"არსენალი" ამ ტურში "ვესტ ბრომვიჩს" უმასპინძლებს და 3-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებას ეცდება. სტივ კლარიკის გუნდს, რომელიც ამ სეზონის მთავარი სენსაციაა, ბოლო ორ მატჩში დამარცხდა, მაგრამ სატურნირო ცხრილში მაინც "მეთოფეებზე" წინ არის.

არსენ ვენგერს ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს, სტუმრებს კი კვლავ არ ეყოლებათ ბენ ფოსტერი, მაგრამ მის არყოფნაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა ბოაზ მაიჰილმა, რომელიც ამჯერადაც ძირითადში იქნება.

ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტური
8 დეკემბერი
არსენალი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ტრავმა: დიაბი, კოშიელნი, ფაბიანსკი - კ. დოუსონი.
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +4 =0 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 116 თამაში: +58 =27 -31 (206-151)

ასტონ ვილა-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: ადამი (სტოკი)
ტრავმა: ე. სტივენსი, ვლაარი, ჯ. ბენეტი, ნზოგბია, დანი, გარდნერი - დელაპი, უოლსონი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 67 თამაში: +28 = 17 -22 (105-75)

საუთჰემპტონი-რედინგი 19:00
ტრავმა: კებე, მაკარტი, კარაჩანი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +1 =3 - 2 (5-8)

სანდერლენდი-ჩელსი 19:00
ტრავმა: კატერმოლი, ოში, ბრაუნი - ტერი, ლამპარდი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +0 =4 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 102 თამაში: +34 =18 -50 (154-186)

სუონსი-ნორვიჩი 19:00
ტრავმა: პაბლო ერნანდესი, ბარტლი, ვორმი, ტეილორი - კეინი, ჯ. რადი
ბოლო 6 მატჩი
+3 =3 -0 +3 =3 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +4 =0 -4 (15-12)

უიგანი-ქუინზ პარკი 19:00
ტრავმა: რამისი, უოტსონი - ზამორა, ე. ჯონსონი
დისკვალიფიკაცია: ფიგეროა, კოლდუელი
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 +0 =3 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2 =3 -3 (7-8)

9 დეკემბერი
მან. სიტი-მან. იუნაიტედი 17:30
ტრავმა: დ. სილვა, კოლაროვი, მილნერი, რიჩარდსი - კაგავა, ანდერსონი, ნანი
ბოლო 6 მატჩი
+3 =3 -0 +5 =0 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 139 თამაში: +39 =45 -55 (190-199)

ევერტონი-ტოტენჰემი 19:00
ტრავმა: ნევილი - ბეილი, მ. დოუსონი, ასუ-ეკოტო, ქაბული.
ბოლო 6 მატჩი
+1 =4 -1 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 149 თამაში: +47 =47 -55 (196-228)

ვესტ ჰემი-ლივერპული 20:00
ტრავმა: ა. დიარა, კოლისონი, ვას ტე - ბორინი, კელი
დისკვალიფიკაცია: - სუარესი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 101 თამაში: +20 =26 -55 (93-171)

10 დეკემბერი
ფულჰემი-ნიუკასლი 00:00
ტრავმა: ს. დევისი - გოსლინგი, ს. ტეილორი, კაბაი, რ. ტეილორი, ვუჩკიჩი
დისკვალიფიკაცია: ჰანგელანდი.
ბოლო 6 მატჩი
+0 =3 -3 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +18 =7 -11 (61-54)

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები:

10 - ბა (ნიუკასლი), მიჩუ (სუონსი), სუარესი (ლივერპული), ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი); 9 - დეფო (ტოტენჰემი); 8 - ფელაინი (ევერტონი); 7 - ტევესი (მანჩესტერ სიტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული