ჯოი ბარტონისა და დიტმარ ჰამანის ვირტუალური ომი

AutoSharing Option
“მარსელის” 29 წლის ინგლისელ ნახევარმცველ ჯოი ბარტონსა და 2006/07 წლების სეზონში “მანჩესტერ სიტიში” მის ყოფილ თანაგუნდელს, 39 წლის გერმანელ დიტმარ ჰამანს შორის “ტვიტერზე” სერიოზული სიტყვიერი შეხლა-შემოხლა გაიმართა.

ერთი შეხედვით, მათ წაკინკლავების მიზეზი არ უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ჯოის ფიცხ ხასიათს რას გაუგებ? 14 იანვრის ღამეს “ოლიმპიკის” ფეხბურთელმა თანაგუნდელ ლოიკ რემის სავარაუდო ტრანსფერზე სოციალურ ქსელში უტაქტო ჩანაწერი გააკეთა:
“სწორედ ახლა შემატყობინა ჯადოქარმა, რომ რემიმ კონტრაქტი “ქუინზ პარკთან” გააფორმა. არ ვიცი, რა მოხდა მასა და “ნიუკასლს” შორის. ალბათ, ისევ დერეკ ლამბიასის (“კაჭკაჭების” ტექნიკური
დირექტორი. რედ) სისულელის გამო”.


ცნობილი სკანდალისტის ამ გამოთქმას სწორედ ჰამანი გამოეხმაურა და დაუწერა: “ნიუკასლისა” და “ქუინზ პარკის” სატრანსფერო პოლიტიკა შენი საქმე არ არის, რადგან ისინი ფულს შენ ფეხბურთის თამაშში გიხდიდნენ და არა რჩევებში”. “მე ყოფილ კლუბებზე ცუდი არასოდეს არაფერი დამიწერია, შენ კი ჭკუის სასწავლი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გაქვს”.

გერმანელის ცოტა არ იყოს და პროვოკაციულ ფრაზას შეიძლება სხვა უკომენტაროდ დატოვებდა, მაგრამ ბარტონი ასე არასოდეს რომ არ მოიქცევა, შეგვიძლია თავი დავდოთ. მისი პასუხი ჰამანის მიმართ უკვე შეურაცხმყოფელი იყო. ყველაფერთან ერთად, ჯოიმ მას “ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი პროფესიონალი” უწოდა. სიტყვიერი ომი კარგა ხანს გაგრძელდა, რომელიც ბოლოს ისევ ბარტონს მობეზრდა და ქსელი დატოვა. ვიდრე მეტოქე “ბრძოლას” განერიდებოდა, ჰამანმა მას ისიც წამოაძახა, რომ როცა ევროპის მასშტაბის ვარსკვლავობაზე გაქვს პრეტენზია, საფრანგეთში არ უნდა თამაშობდეო.

“იმედგაცრუებული ვარ, რომ პროვოკაციას ავყევი. არასოდეს უნდა მისცე ძაღლს საშუალება, გიმტკიცოს, რომ ის ძაღლი არ არის,” – აი, ფრაზა, რომელიც ჯოიმ კარის გაჯახუნებამდე დაგვიტოვა.

P.S. ლოიკ რემის რაც შეეხება, ბოლო ცნობებით, მას 15 იანვარს “ქუინზ პარკში” სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯოი ბარტონი - არც ერთი დღე სკანდალის გარეშე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული