"მანჩესტერ სიტი": საზაფხულო ვაჭრობა ქალაქში

AutoSharing Option
ინგლისურ ფეხბურთში უეფას ფინანსური ფეარ პლეის წესმა სერიოზული ცვლილებები გამოიწვია. ამას დაემატა უშუალოდ პრემიერლიგის გადაწყვეტილება, რომელიც მესაკუთრეებს სერიოზულად უზღუდავს კლუბების დოტაციას. ფულის დაზოგვის მიზნით მენეჯერები პირველ რიგში რასაც მისდგნენ, ეს სახელფასო ფონდებია, რომელიც რიგ შემთხვევაში, წლიური დანახარჯების 80%-საც კი სცდება. ამ მხრივ პრობლემები შეექმნა "მანჩესტერ სიტისაც".

"ქალაქელების" სახელფასო ბიუჯეტი არათუ პრემიერლიგაში, მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალია. შესაბამისად, "სიტის" ბოსებმა "ზედმეტი" ფეხბურთელების თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. "გარდიანის" მტკიცებით, "ეტიჰადს" სეზონის დასრულების შემდეგ 11 ფეხბურთელი დატოვებს.

კლუბთან კონტრაქტები უმთავრდებათ: რიჩარდ რაიტს, კოლო ტურეს, უეინ
ბრიჯსა
და როკე სანტა კრუსს. მათთან თანამშრომლობის გაგრძელება არ იგეგმება და შესაბამისად, ისინი თავისუფალი აგენტების სტატუსით წავლენ. ამას გარდა, გამოცემა ვარაუდობს, რომ ტრანსფერზე დადგებიან: კარლოს ტევესი, ედინ ჯეკო, სამირ ნასრი, გარეთ ბარი, ჯოლეონ ლესკოტი, მაიკონი და ჯონ გუიდეტი.

თავნება არგენტინელი
კარლოს ტევესის სავარაუდო ტრანსფერზე ცნობას უარყოფენ "სიტის" წარმომადგენლები. მეტიც, მათი თქმით, რობერტო მანჩინიმ ფეხბურთელს დარჩენა უკვე შესთავაზა. მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას ზაფხულში უნდა მიუსხდნენ.

აქ ერთი მომენტია: შესაძლოა, მანჩინის მართლაც სურდეს არგენტინელთან თანამშრომლობა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, თავად "სიტი" თუ აპირებს იტალიელის პოსტზე დატოვებას. "ვფიქრობ, კარლოსი ჩვენთან თავს კომფორტულად გრძნობს. თანაც, მის ტრანსფერზე ჩვენ ჯერ არც ერთი ოფიციალური შემოთავაზება არ მიგვიღია," – განაცხადა ინგლისის ჩემპიონთა აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან მარვუდმა.

აქვე გაცნობებთ, რომ სასამართლო, რომელზეც კარლოს ტევესის მიერ მანქანის მართვის მოწმობის გარეშე ტარების საქმე უნდა განიხილოს, 3 აპრილს არის დანიშნული. პოლიციამ არგენტინელს სიჩქარის გადაჭარბებისთვის მოწმობა მარტის პირველ რიცხვებში ჩამოართვა, მაგრამ თავნება ვარსკვლავმა საჭესთან დაჯდომა მაინც გაბედა. სამართალდამცავებმა ის დააკავეს და გირაოთი გამოუშვეს.

29 წლის თავდამსხმელს კანონის დარღვევის გამო შესაძლოა ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კარლოს ტევესი დაიჭირეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული