პრემიერლიგა. XXX ტური: უქმეების მთავარი შედეგი [VIDEO]

AutoSharing Option
ცუდი მსაჯობის ფონზე
"ევერტონი"-"სიტი" მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. მე-13 წუთზე, "ქალაქელებმა" ლეიტონ ბეინსის სტანდარტულის შემდეგ, საჯარიმოდან ბურთი ცუდად გამოიტანეს. მომენტი კევინ მირალიაშის გოლით დაგვირგვინდა, მაგრამ ის არ ჩაითვალა. მთავარი მსაჯი ლი პრობერტი უხეშად შეცდა. მან რამდენიმე შეცდომა კიდევ დაუშვა: არ დანიშნა პენალტი მატეა ნასტასიჩის მიერ მარუან ფელაინის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევის გამო და ვერ დაინახა იმავე ფელაინის მიერ საჯარიმოში ხელით თამაში.

სტუმარმა სასტარტო ზეწოლა მოიგერია და აქეთ დაემუქრა იან მუხას კარს. ორჯერ ედინ ჯეკო ურტყამდა სახიფათოდ, ერთი მომენტიც კარლოს ტევესმა შექმნა.
ტაიმის შუაწელს ანგარიში მოულოდნელად გაიხსნა. სიმუს კოულმენის დაგორებულ ბურთს ლეონ ოსმანმა ისეთი მარჯვენა შეაგება, რომ 31 წლის ნახევარმცველს ნამდვილი შედევრი გამოუვიდა.

მეორე ტაიმში სტივენ პიენაარის გაძევების შემდეგ მოქმედ ჩემპიონებს თამაშის გადარჩენის შანსი მიეცათ, მაგრამ სანახაობას წერტილი ნიკიცა იელავიჩმა დაუსვა. ხორვატმა პირველივე შეხებით გაიტანა. მერსისაიდელმა ფეხბურთელებმა "გუდისონ პარკზე" მუშაობის 11 წლისთავი თავიანთ მწვრთნელს ბრწყინვალე გამარჯვებით მიულოცეს.

მეორე ექვსქულიანი
"ასტონ ვილამ" ზედიზედ მეორე თამაშში დაამარცხა უშუალო კონკურენტი, რითაც დიდი ნაბიჯი გადადგა ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად. "რეინჯერებს" დიდწილად არც გაუმართლათ. განსაკუთრებით ეს პირველ ტაიმზე ითქმის, როცა ბრედ გუზანმა რამდენჯერმე იხსნა საკუთარი გუნდი.

თავისი შანსი მხოლოდ ჯერმეინ ჯენასმა გამოიყენა. მასპინძლებმა კი ერთადერთი მომენტი შექმნეს და ისიც გაიტანეს. მეტიუ ლოუტონის პასით გაბი აგბონლაჰორმა გაათანაბრა. მეორე ნახევარში მატჩის სცენარი შეიცვალა. უპირატესობა ბირმინგემელთა მხარეს გადავიდა. გამოირჩეოდა ანდრეას ვაიმანი. ავსტრიელმა ჯერ თავად გამოიჩინა თავი, ანდროს თაუსენდის გამათანაბრებელი ბურთის შემდეგ კი კრისტიან ბენტეკესაც გაატანინა.

კიდევ ერთი 2:0
ჩემპიონთა ლიგაში "ბაიერნთან" 2:0-ის შემდეგ "მეთოფეებმა" პრემიერლიგაშიც იმავე ანგარიშით იმარჯვეს და თანაც ისევ გასვლით შეხვედრაში. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქელთა დაცვამ ისევ გამართულად ითამაშა, რაც მიმდინარე სეზონში იშვიათად ხდება. მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო.

მე-5 წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა თვენახევრიანი პაუზის შემდეგ ძირითადში დაბრუნებულ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს. 19 წლის ნახევარმცველმა ძელს გაარტყა. პირველ ტაიმში მას მეორედაც არ გაუმართლა, როცა შორიდან ხარიხას "დაუმიზნა". "გედები" დაბნეულები ჩანდნენ. ყველაზე რეალური შანსი მიგელ მიჩუს ჰქონდა, მაგრამ ესპანელის დარტყმამ ძელს ჩაუქროლა.

მართალია, მეორე ტაიმში ორი გოლი გავიდა, მაგრამ ის კიდევ უფრო უინტერესო სანახავი გამოდგა. ნაჩო მონრეალმა "არსენალში" პირველი ბურთი 8-9 მეტრიდან შეაგდო, შეცვლაზე შესული ჟერვინიო კი მეკარესთან პირისპირ გავიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

VideoSportall.Ge
16.03.13. სუონსი - არსენალი 0:2


კიდევ ერთი გრანდი
"ლივერპულამდე" "საუთჰემპტონმა" "სენტ მერიზე" უკანასკნელად "მანჩესტერ სიტის" სძლია. ვერ დავიჩემებთ, რომ "წმინდანებზე" ლიდერებთან დაპირისპირება განსაკუთრებულად აღმგზნებად მოქმედებს, მაგრამ ფაქტია, მაურისიო პოჩეტინიოს გუნდს მას მერე ასე კარგად არ უთამაშია.

"ლივერპულის" სასტარტოს ორთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მარტინ შკრტელი, მაგრამ სლოვაკმა ცენტრალურმა მცველმა სუსტად ითამაშა. სწორედ მის პოზიციურ შეცდომას მოჰყვა პირველი გოლი ბრედ ჯონსის კარში. მასპინძლებს მეორე ბურთის გატანაც მალე შეეძლოთ, მაგრამ ავსტრალიელმა გოლკიპერმა რიკი ლამბერტს დუელი მოუგო. უკანასკნელმა მაინც გამოიჩინა თავი, ამჯერად საჯარიმოდან. ოღონდ ამაში მას მცირე რიკოშეტი დაეხმარა.

ტაიმის დასრულებას არაფერი უკლდა, როცა "წითლებმა" ანგარიში დაასველეს. ფელიპე კოუტინიომ ახლო მანძილიდან შეამცირა ჩამორჩენა. მეორე ნახევარიც "წმინდანების" სცენარით განვითარდა. მე-80 წუთზე ჯეი როდრიგესმა საგოლე გადაცემას გოლიც მიაყოლა დესერტად. "ლივერპულის" დაცვამ თავდამსხმელს ვერც პირველი დარტყმისას შეუშალა ხელი და ვერც დამატებაზე გაუწია წინააღმდეგობა.

კოჭლი იუნაიტედი
"ოლდ ტრეფორდზე" სენსაცია არ შედგა. "ეშმაკებმა" დაგეგმილი 3 ქულა აიღეს. თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. სხვა თუ არაფერი, "არისტოკრატებს" კარის ჩარჩოში ერთხელაც არ დაურტყამთ, მაგრამ... დიდი შანსი იყო, რომ სენსაცია მაინც მომხდარიყო. მარკ კლატენბერგმა მეორე ტაიმში "იუნაიტედის" კარში 100%-იანი პენალტი არ დანიშნა, როცა ნემანია ვიდიჩი ადრიან მარიაპას ლამის სუმოს ილეთით გაუმასპინძლდა და მინდორზე ისე დასცა. ვერ გეტყვით, ფეხბურთის წესებს როგორი ინტერპრეტაცია გაუკეთა არბიტრმა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ სერბ ფეხბურთელს ილეთი შერჩა.

VideoSportall.Ge
16.03.13. მანჩესტერ იუნაიტედი - რედინგი 1:0


იუბილე და ჩხუბი
კვირას, საღამოს, პრემიერლიგაში საინტერესო ამბები დატრიალდა. ჯერ იმას გეტყვით, რომ "ტოტენჰემმა" სარეკორდო წაუგებელი სერიის შემდეგ მიყოლებით მეორე თამაში დათმო და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა უკიდურესობამდე დაძაბა. "არსენალს" გამოტოვებული მატჩის მოგების შემთხვევაში ერთი ხელის გაწვდენაღა დარჩება პრინციპულ მეტოქემდე.

მეორე ლონდონურ დერბიში ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა. "ჩელსის" 90 წუთის განმავლობაში ხელთ ეპყრა უპირატესობა და გამარჯვებულის ვინაობა წამითაც კი არ დაუყენებია ეჭვქვეშ. მორიგი ბრწყინვალე თამაში ჩაატარა ფრენკ ლამპარდმა, ვინც ედენ აზარის პასით მე-200 გოლი გაიტანა ლურჯი მაისურით.

VideoSportall.Ge
17.03.13. ჩელსი - ვესტ ჰემი 2:0


"უიგანის" "დივი სტედიუმზე" "ათლეტებმა" "ნიუკასლს" ბოლო წამებზე გამოგლიჯეს ხელიდან გამარჯვება. არუნა კონემ მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილი ქაოსით ისარგებლა. რობერტო მარტინესის გუნდის წარმატება კალუმ მაკმანამანის ბინძურმა თამაშმა დაჩრდილა. მან მასიმო აიდარას ორთაბრძოლისას ფეხი პირდაპირ მუხლში ჩაარტყა, რის გამოც ის შესაცვლელი გახდა. "კაჭკაჭების" მწვრთნელი ჯონ კარვერი ამ სანახაობამ ისე გაამწარა, რომ მაკმანამანზე გაიწია.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მარკ ჰალსიმ უმთავრეს დამნაშავეს ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენა.

პრემიერლიგა. XXX ტური
ევერტონი-სიტი 2:0
გოლები: 1:0 ოსმანი (32), 2:0 იელავიჩი (90)
ევერტონი (4-2-3-1): მუხა – კოულმენი, დისტენი, ჰეიტინგა, ბეინსი – ოსმანი, გიბსონი – პიენაარი, ფელაინი, მირალიაში (70. ნეისმიტი) – ანიჩებე (90. იელავიჩი)
სიტი (4-4-2): ჰარტი – საბალეტა, კ. ტურე (83. სინკლერი), ნასტასიჩი, კოლაროვი – გარსია, ბარი (70. ნასრი), მილნერი (83. კლიში), დ. სილვა – ჯეკო, ტევესი
გაფრთხილება: ფელაინი, პიენაარი, ოსმანი, იელავიჩი – კოლაროვი, ჯეკო, დ. სილვა
გაძევება: პიენაარი (61) -
კარში დარტყმა: 3-13 (3-8) კუთხური: 13-6 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 18-9 ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 36 519

ასტონ ვილა-ქუინზ პარკი 3:2
გოლები: 0:1 ჯენასი (23), 1:1 აგბონლაჰორი (45), 2:1 ვაიმანი (59), 2:2 ტაუსენდი (73), 3:2 ბენტეკე (81)
ასტონ ვილა (4-1-4-1): გუზანი – ლოუტონი, კლარკი, ვლაარი, ბეიკერი (21. ჯ. ბენეტი) – ვესტვუდი – სილა (58. ნზოგბია), ბენანი, აგბონლაჰორი, ვაიმანი (84. ბოუერი) - ბენტეკე
ქუინზ პარკი (4-4-2): ჟ. სეზარი – ბოსინგვა, ჰილი, სამბა, ფაბიო (66. ტაარაბტი) – მბია, პარკი (87. ჯ. მაკი), ტაუსენდი, ჯენასი – ზამორა (46. ჰოილეტი), რემი
გაფრთხილება: სილა, ბენანი, ვაიმანი – მბია, ჰოილეტი
კარში დარტყმა: 9-15 (6-8) კუთხური: 9-6 თამაშგარე: 0-0 ჯარიმა: 16-10 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 38 594

საუთჰემპტონი-ლივერპული 3:1
გოლები: 1:0 შნაიდერლინი (6), 2:0 ლამბერტი (33), 2:1 კოუტინიო (45), 3:1 როდრიგესი (80)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი – კლაინი, იოშიდა, ჰოიველდი (31. ფონტე), შოუ – კორკი, შნაიდერლინი – როდრიგესი, რამირესი (55. ს. დევისი), ლალანა (84. დო პრადო) - ლამბერტი
ლივერპული (4-4-2): ჯონსი – გ. ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ხ. ენრიკე – ჯერარდი, ალენი (46. ლუკასი), დაუნინგი, კოუტინიო – სუარესი, სტარიჯი (84. ჰენდერსონი)
გაფრთხილება: - სუარესი
კარში დარტყმა: 16-7 (11-5) კუთხური: 7-5 თამაშგარე: 0-5 ჯარიმა: 13-11 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 32 070

სტოკ სიტი-ვესტ ბრომვიჩი 0:0
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი – შოტონი, უილსონი, შოუკროსი, კემერონი – უელანი (46. უაიტჰედი), ნზონზი, ეთერინგტონი, ჯერომი (76. ადამი) – უოლტერსი, კრაუჩი (64. კ. ჯონსი)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი – ბ. ჯონსი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი – იაკობი, მულუმბუ – ტომასი (67. ოდემვინგი), მორისონი (85. ფორჩუნი), ბრანტი – ლუკაკუ (76. შ. ლონგი)
გაფრთხილება: შოტონი, ეთერინგტონი – ბრანტი, მორისონი
კარში დარტყმა: 8-6 (1-3) კუთხური: 7-1 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 13-8 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 26 137

სუონსი-არსენალი 0:2
გოლები: 0:1 მონრეალი (74), 0:2 ჟერვინიო (90)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი – რანხელი, უილიამსი, მონკი, ბ. დევისი – კი (66. რუტლეჯი), ბრიტონი – დე გუზმანი, დაიერი (76. მური), ერნანდესი - მიჩუ
არსენალი (4-2-3-1): ფაბიანსკი – ჯენკინსონი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი – დიაბი (71. რემსი), არტეტა – უოლკოტი (85. გიბსი), კასორლა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (71. ჟერვინიო) - ჟირუ
გაფრთხილება: დე გუზმანი - არტეტა
კარში დარტყმა: 7-10 (0-6) კუთხური: 3-7 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 10-14 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 20 583

იუნაიტედი-რედინგი 1:0
გოლი: 1:0 რუნი (21)
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა – სმოლინგი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ბიუტნერი – გიგზი, ანდერსონი (85. კაგავა), იანგი (74. კერიკი), უელბეკი – რუნი, ვან პერსი
რედინგი (4-5-1): ს. ტეილორი – კელი (88. მორისონი), პირსი, მარიაპა, შორი – კარაჯანი, ლიგერტვუდი, მაკანუფი, მაკლირი, რობსონ-კანუ (70. ლე ფონდრე) – ჰანტი (70. ბლეკმენი)
გაფრთხილება: - ჰანტი, კელი
კარში დარტყმა: 13-3 (5-0) კუთხური: 5-4 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 5-16 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 75 605

სანდერლენდი-ნორვიჩი 1:1
გოლები: 0:1 ჰულაჰანი (26), 1:1 კ. გარდნერი (40)
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე – გარდნერი, ოში, კუელიარი (71. ბრამბლი), როუზი – ვონი, ლარსონი, ა. ჯონსონი (84. უიკჰემი), სესინიონი – ფლეტჩერი, გრემი (75. მაკლინი)
ნორვიჩი (4-4-1-1): ბენი – მარტინი, ტერნერი, ბასონგი, გარიდო – ჰოუსონი, ბ. ჯონსონი, ე. ბენეტი, სნოდგრასი (88. უიტაკერი) – ჰულაჰანი (33. კემპი) – კამარა (64. ჰოლტი)
გაფრთხილება: ლარსონი - სნოდგრასი, ჰოლტი, კემპი
გაძევება: - მ. ბენი (30)
კარში დარტყმა: 9-5 (5-1) კუთხური: 5-9 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 13-12 ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 38 625

ტოტენჰემი-ფულჰემი 0:1
გოლები: 0:1 ბერბატოვი (52)
ტოტენჰემი (4-5-1): ლორისი – ნაუტონი, კოლკერი, დოუსონი (46. დემპსი) ვერტონგენი – პარკერი, დემბელე (67. ტ კეროლი), ასუ-ეკოტო, სიგურდსონი (62. დეფო), ბეილი - ადებაიორი
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი – რიტერი, სენდეროსი, ჰანგელანდი, რიისე – სიდუელი, კარაგუნისი (77. ენო), დეჟაგა, დაფი – რუისი (90. ემანუელსონი), ბერბატოვი
გაფრთხილება: დემპსი - დეჟაგა
კარში დარტყმა: 9-7 (3-2) კუთხური: 5-5 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 7-14 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 36 004

ჩელსი-ვესტ ჰემი 2:0
გოლები: 1:0 ლამპარდი (19), 2:0 აზარი (50)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, კეჰილი, ლუისი (78. ტერი), ე. კოული - ლამპარდი, რამირესი - აზარი, მატა (85. მიკელი), მოზესი (70. ოსკარი) - ბა
ვესტ ჰემი (4-1-4-1): იასკელაინენი - დემელი, რიდი, კოლინსი (61. ტომკინსი), ობრაიენი - ონილი - დიამე (46. მ. ტეილორი), კოლისონი, ვას ტე (80. კ. კოული), ჯარვისი - ე. კეროლი
გაფრთხილება: - რიდი, დემელი
კარში დარტყმა: 21-12 (11-7) კუთხური: 5-5 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 5-13 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 41 639

უიგანი-ნიუკასლი 2:1
გოლები: 1:0 ბოსეჟური (18), 1:1 სანტონი (72), 2:1 კონე (90)
უიგანი (3-4-3): ჯოელი - ფიგეროა, ალკარასი, შარნერი - მაკარტი, ბოისი, გომესი, ბოსეჟური (79. დი სანტო) - მაკმანამანი (58. მაკარტური), კონე, მელონი
ნიუკასლი (4-4-1-1): ელიოტი - დებუში (13. აიდარა - 27. პერჩი), ს. ტეილორი, იანგა-მბივა, სანტონი - ტიოტე, ხონასი, მარვო, გუფრანი (67. შ. ამეობი) - სისოკო - სისე
გაფრთხილება: შარნერი - პერჩი, ხონასი
კარში დარტყმა: 10-7 (5-4) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 18-11 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 22 297

სატურნირო მდგომარეობა


Sportall.Ge
ბომბარდირები: 22 - ლუის სუარესი (ლივერპული), 19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 16 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), 15 - მიგელ მიჩუ (სუონსი), დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი)

მომდევნო ტური

30 მარტი
სანდერლენდი-მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი-რედინგი, მანჩესტერ სიტი-ნიუკასლი, საუთჰემპტონი-ჩელსი, სუონსი-ტოტენჰემი, ვესტ ჰემი-ვესტ ბრომვიჩი, უიგანი-ნორვიჩი, ევერტონი-სტოკ სიტი

31 მარტი
ასტონ ვილა-ლივერპული

1 აპრილი
ფულჰემი-ქუინზ პარკი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: ბიჭებმა მოგებას მთელი ძალები შეალიეს [VIDEO]
სერ ალექს ფერგიუსონი: რიო ინგლისის ნაკრებში წავა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული