პრემიერლიგა. XXX ტურის შეჯამება და სიმბოლური: ჰოლივუდის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით

AutoSharing Option
პრემიერლიგის 30-ე ტურში დაფიქსირებულმა შედეგებმა რამდენიმე ფრონტზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბა.

"ტოტენჰემის" წაგების გამო ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში "ევერტონიც" კი დაბრუნდა; მოიგო "უიგანმა" და "ასტონ ვილასთან" 3-ქულიანი დისტანცია შეინარჩუნა.

ზოგადად კი, ამ ტურში იყო კომედიაც, დრამაც, თრილერიც და ფანტასტიკაც.

მოკლედ - ყველაფერი ის, რის გამოც გვიყვარს კიდეც პრემიერლიგა. თუმცა თავიდან ერთი არასასიამოვნო ამბავი...

ინტრიგა საბოლოოდ მოკვდა
რა თქმა უნდა, საჩემპიონო ინტრიგას ვგულისხმობთ, რომელიც ისედაც სულს ღაფავდა, 30-ე ტურის შემდეგ კი შეგვიძლია ოფიციალურად გარდაცვლილად გამოვაცხადოთ.

მანჩესტერის ორ გუნდს სეზონის დასრულებამდე 9 მატჩი
დარჩა, მათ შორის სხვაობა კი უკვე 15 ქულაა, ანუ "სიტიმ" ყველა მატჩი რომც მოიგოს, "იუნაიტედს" მე-20, საიუბილეო ტიტულის მოსაპოვებლად 4 მოგება და 1 ფრეც ეყოფა.

მართალია, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს უახლოეს 4 ტურში რთული მატჩები ელის ("სანდერლენდი", "სტოკი" და "ვესტ ჰემი" სტუმრად, შინ კი "სიტის" მასპინძლობს), მაგრამ გვეეჭვება, "წითელმა ეშმაკებმა" თანაქალაქელი ცხრილში თუნდაც ახლოს გაიკარონ.

"რედინგთან" შეხვედრაში ერთადერთი გოლი უეინ რუნიმ გაიტანა, რომელიც 27 წლის ფორვარდისთვის პრემიერლიგაში 156-ე იყო. "როიალსმა" ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო და ძნელი წარმოსადგენია, ბრაიან მაკდერმოტის ყოფილი კლუბი ლიგაში დარჩეს.

კომედია
35 წლის ინგლისელმა კომიკოსმა საიმონ ბროდკინმა "ევერტონი"-"მანჩესტერ სიტის" მატჩის დაწყების წინ, სტუმართა სავარჯიშო ფორმაში გამოწყობილმა, "გუდისონ პარკის" მინდორზე შეაღწია და გუნდთან ერთად მოთელვაც მოასწრო, ხოლო როდესაც მატჩისწინა ვარჯიშში აქტიურად ჩაერთო, "თანაგუნდელებმა" მასში თაღლითი ამოიცნეს და ბროდკინი სტადიონიდან მიაბრძანეს.

"სიტის" ფეხბურთელებმა ამ ყველაფრის გამო ძალიან კი იხალისეს, მაგრამ უშუალოდ მატჩის დროს განვითარებულმა მოვლენებმა მათ ხასიათი წაუხდინა.

დევიდ მოიესმა რობერტო მანჩინი კიდევ ერთხელ დაამარცხა (ამ მწვრთნელების 8 შეხვედრიდან შოტლანდიელმა 6 მოიგო და მხოლოდ 1 წააგო) და საკუთარ გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლის შანსი შეუნარჩუნა.

"ევერტონმა" "სიტის" შინ ზედიზედ მეოთხედ მოუგო, ასეთი რამ კი ბოლოს 92 წლის წინ მოხდა.

მასპინძელთა ერთ-ერთი ლიდერი ლეონ ოსმანი, საკუთარი გუნდის რიგებში მე-300 შეხვედრას ატარებდა და 31 წლის ფეხბურთელმა იუბილე ულამაზესი გოლით აღნიშნა.

არანაკლებ ლამაზი გამოვიდა ნიკიცა იელავიჩის ბურთი, რომელიც ხორვატმა ბოლო წუთზე გაიტანა. სხვათა შორის, იელავიჩსაც იუბილე ჰქონდა, ოღონდ შედარებით მოკრძალებული: ფორვარდმა "ევერტონის" რიგებში 50-ე შეხვედრა გამართა.

დრამა
"უიგანის" და "ნიუკასლის" შეხვედრაში მასპინძელთა 21 წლის ნახევარმცველმა კალუმ მაკმანამანმა არაადამიანურად იუხეშა. მისი მსხვერპლი ცვლილებაზე შემოსული 20 წლის მასადიო აიდარა გახდა.

უხეშობის მომენტი იმდენად აშკარა და საზარელი იყო, რომ ყველა მაკმანამანის გაძევებას ელოდა, მაგრამ არბიტრმა (მარკ ჰალსი) არამარტო წითელი ან ყვითელი ბარათი არ ამოიღო, ჯარიმაც კი არ დანიშნა.

აიდარამ თამაშის გაგრძელება, რა თქმა უნდა, ვერ შეძლო, ის უმალ საავადმყოფოში წაიყვანეს და წინასწარი დიაგნოზით, ახალგაზრდა ფრანგს ჯვარედინი მყესები უნდა ჰქონდეს გაწყვეტილი, რაც ნიშნავს იმას, რომ სეზონი მისთვის დასრულდა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ამ საშინელ შეჯახებას რეაქცია არ მოჰყოლია. გარდა ამისა, თამაში ბოლო წუთზე წავაგეთ და ჩემი აზრით, გოლამდე მასპინძელთა ფეხბურთელმა ხელით ითამაშა", - განაცხადა 51 წლის სპეციალისტმა.

ჰო, ეს ჯერ არ გვითქვამს, მაგრამ პარდიუმ "დაგვასწრო": ბოლო წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი არუნა კონემ მას შემდეგ გაიტანა, რაც ბურთი მეინორ ფიგეროას ხელზე მოხვდა.

მოკლედ, მარკ ჰალსიმ ჯორდები აშკარად დაჩაგრა.

თრილერი
"ვილა პარკზე" ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი გაიმართა. ე.წ. 6-ქულიან შეხვედრაში ერთმანეთს "ასტონ ვილა" და "ქუინზ პარკ რეინჯერსი" შეხვდნენ და მატჩმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ჯერ "ქუინზ პარკი"დაწინაურდა, შემდეგ წინ უკვე "ასტონ ვილა" გავიდა. ამას ანგარიშის გათანაბრება და კვლავ "ასტონ ვილას" დაწინაურება მოჰყვა. კრისტიან ბენტეკეს მიერ 81-ე წუთზე გატანილი გოლი საბოლოო გამოდგა და პოლ ლამბერტის გუნდი კვლავ სამშვიდობო ზონაშია, თუმცა "უიგანს" მხოლოდ სამი ქულით უსწრებს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჯერმეინ ჯენასის გოლი - ვეტერან ნახევარმცველს წინა ტურამდე პრემიერლიგაში გოლი თითქმის 4 წლის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი, ახლა კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.

ასევე ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა ანდროს ტაუნსენდმა და მის შემთხვევაში გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ 21 წლის ფეხბურთელს უმაღლეს დივიზიონში თავი მეტჯერ არც გამოუჩენია.

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ანდრეას ვაიმანმა - 20 წლის ავსტრიელმა ერთი გოლი გაიტანა და ბენტეკესაც საგოლე პასი გაუკეთა. კარგი თამაშის წყალობით, ვაიმანი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც კი მოხვდა.

ფანტასტიკა
200 გოლი ერთი კლუბის მაისურით - შესანიშნავი შედეგია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ რაოდენობის გოლები ნახევარმცველმა გაიტანა, შედეგი შესანიშნავი კი არა, ფანტასტიკური და დაუჯერებელია.

ფრენკ ლე
მპარდზე და მის საოცარი მიღწევაზე ცალკე სტატია გვაქვს, აქ კი უბრალოდ გეტყვით, რომ "სუპერფრენკმა" პრემიერლიგაში თავისი 162-ე გოლი ყოფილი გუნდის, "ვესტ ჰემის" კარში გაიტანა.

ძალიან რომც გვინდოდეს, ედენ აზარის შესანიშნავ გოლს, რომელმაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა, გვერდს ვერ ავუვლით. 22 წლის ბელგიელის გოლის აღწერისას მხოლოდ ერთი სიტყვის ხმარებაც კმარა: "ფანტასტიკა".

London Calling
ამ ტურში ორი ლონდონური დერბი იყო. ერთში "ჩელსიმ" "ვესტ ჰემს" მოუგო და ამაზე უკვე ვისაუბრეთ; მეორე კი "უაით ჰართ ლეინზე" გაიმართა და მოულოდნელად, "ფულჰემის" გამარჯვებით დასრულდა.

გაგრძელდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, თუ დიმიტარ ბერბატოვს გააქვს, "ფულჰემი" არ აგებს - ბულგარელმა სეზონში მე-11 გოლი გაიტანა, სულ კი თავი 9 შეხვედრაში გამოიჩინა და ამ 9 მატჩიდან "ფულჰემმა" 5 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა.

ჰო, ლემპარდის არ იყოს, ბერბამაც ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა და გოლის აღნიშვნისგან თავი მაქსიმალურად შეიკავა.

მარტინ იოლმა ყოფილი გუნდი სტუმრად დაამარცხა, ასეთი რამ კი "კოტეჯელებს" ბოლოს 10 წლის წინ ჰქონდათ გაკეთებული - 2003 წელს "ფულჰემმა" 3:0 მოიგო. მას შემდეგ "ტოტენჰემს" შინ 6 მატჩი ჰქონდა მოგებული, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

ეს კი არა, ბოლო 10 წლის განმავლობაში "ფულჰემს" "უაით ჰართ ლეინზე" მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი და ის შეხვედრაც გუნდმა 1:5 წააგო (2007 წელს თავი უკვე "ტოტენჰემელმა" კლინტ დემპსიმ გამოიჩინა).

მოკლედ, მორიგი ორი ლონდონური დერბის შემდეგ "ლონდონის ჩემპიონატში" სიტუაცია დაიძაბა.

ამ მომენტისთვის ცხრილში ასეთი სიტუაციაა:

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ტოტენჰემი 9 5 1 3 17-15 16
2. ჩელსი 8 4 2 2 11-8 14
3. არსენალი 8 4 1 3 20-13 13
4. ვესტ ჰემი 10 3 1 6 15-22 10
5. ქუინზ პარკი 8 2 3 3 6-7 9
6. ფულჰემი 7 2 2 3 8-12 8

აქვე ვთქვათ, რომ შარშან გამარჯვება "ტოტენჰემმა" მოიპოვა, "ჩელსი" კი ბოლოზე გავიდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ჩელსის" ორი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი, თანაც იქიდან ერთში "ტოტენჰემს" მასპინძლობს, ჩემპიონობის საუკეთესო შანსი სწორედ რაფაელ ბენიტესის გუნდს აქვს.

ბომბარდირები:
22 - ლუის სუარესი (ლივერპული).
19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი).
16 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი).

ასისტენტები:
10 - ხუან მატა (ჩელსი)
9 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), თეო უოლკოტი (არსენალი).
8 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ედენ აზარი (ჩელსი).

5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით:
1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი).
2. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი).
3. ხუან მატა (ჩელსი).
4. ლუის სუარესი (ლივერპული)
5. პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი).

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXX ტური: უქმეების მთავარი შედეგი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული