პრემიერლიგის ანალიზი: ფინიშამდე 9 ტურით ადრე

AutoSharing Option
შაბათს "სანდერლენდის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩით განახლდება პრემიერლიგა, რომლის დასრულებამდეც 9 ტურია დარჩენილი.

ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგის საგზური, ადგილი ცხრილის შუაში, ლიგაში ადგილის შენარჩუნება - ყველა გუნდს საკუთარი მიზანი აქვს, რომლის მიღწევასაც 19 მაისამდე დარჩენილ ტურებში ეცდება. ერთად გადავხედოთ გუნდების სატურნირო მდგომარეობას და დარჩენილი მატჩების კალენდარს და ვნახოთ, რას უნდა ველოდეთ დარჩენილ ტურებში...

ბრძოლა ჩემპიონობისთვის
თ ბ ქ
1. მანჩესტერ იუნ. 29 69-31 74
2. მანჩესტერ სიტი 29 51-26 59
3. ჩელსი 29 58-30 55
4. ტოტენჰემი 30 51-37 54
5. არსენალი 29 55-32 50

თეორიულად, ჩემპიონობის შანსი მე-6 ადგილზე მყოფ "ევერტონსაც" აქვს შერჩენილი, მაგრამ რეალურად, ჩემპიონის ვინაობა
უკვე ცნობილია. წელს შარშანდელის მსგავს დაძაბულ ფინალს ვერ ვიხილავთ, რადგან "იუნაიტედის" 15-ქულიანი უპირატესობა ძალიან სერიოზული ჰანდიკაპია და მიუხედავად იმისა, რომ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს "სიტისთან", "ჩელსისთან" და "არსენალთან" აქვს სათამაშო, "წითელი ეშმაკები" მე-20 საჩემპიონო ტიტულს მაინც მოიპოვებენ.

"მანჩესტერ სიტის" დარჩენილ ცხრა ტურში ორი რთული მატჩი ელის ("იუნაიტედთან" და "ტოტენჰემთან"), მაგრამ ყველა ხვდება, რომ რობერტო მანჩინის გუნდი ვერ გახდება მესამე კლუბი ისტორიაში, ვინც პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს.

დარჩენილი მატჩები:

მანჩესტერ იუნაიტედი
"სანდერლენდი" (სტუმრად) - 30 მარტი
"მანჩესტერ სიტი" (შინ) - 8 აპრილი
"სტოკი" (ს) - 14 აპრილი
"ვესტ ჰემი" (ს) - 17 აპრილი
"ასტონ ვილა" (შ) - 22 აპრილი
"არსენალი" (ს) - 28 აპრილი
"ჩელსი" (შ) - 4 მაისი
"სუონსი" (შ) - 12 მაისი
"ვესტ ბრომვიჩი" (ს) - 19 მაისი

მანჩესტერ სიტი

"ნიუკასლი" (შ) - 30 მარტი
"მანჩესტერ იუნაიტედი" (ს) - 8 აპრილი
"ვესტ ბრომვიჩი" (შ) - თარიღი დასადგენია
"უიგანი" (შ) - 17 აპრილი
"ტოტენჰემი" (ს) - 21 აპრილი
"ვესტ ჰემი" (შ) - 27 აპრილი
"სუონსი" (ს) - 4 მაისი
"რედინგი" (ს) - 12 მაისი
"ნორვიჩი" (შ) - 19 მაისი

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის

თ ბ ქ
3. ჩელსი 29 58-30 55
4. ტოტენჰემი 30 51-37 54
5. არსენალი 29 55-32 50
6. ევერტონი 29 46-35 48
7. ლივერპული 30 57-39 45

ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის საგზურების ბედი ბოლო ტურში წყდებოდა. სიტუაცია წელსაც საკმაოდ დაძაბულია. პირველი ორი პოზიცია მანჩესტერულმა გუნდებმა უნდა გაინაწილონ, რაც ნიშნავს იმას, რომ დარჩენილი ორი საგზურისთვის სამი ლონდონური და ორი ლივერპულული გუნდი იბრძოლებს.

ამ მომენტისთვის საუკეთესო პოზიციაში ლონდონის "ჩელსია", მაგრამ "არისტოკრატებს" კონკურენტებთან შედარებით მეტი მატჩის ჩატარება მოუწევთ, ვინაიდან რაფაელ ბენიტესის გუნდი, ევროპალიგის გარდა, ინგლისის ასოციაციის თასზეც თამაშობს.

ერთი ქულით ნაკლები აქვს "ტოტენჰემს", რომელიც მე-4 ადგილზეა. "დეზებს" სხვებთან შედარებით ერთით მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული, თანაც ევროპალიგაზე ანდრე ვილაშ ბოაშის გუნდიც ასპარეზობს. გარდა ამისა, "ტოტენჰემს" დარჩენილ ტურებში "ჩელსისთან", "მანჩესტერ სიტისთან" და "ევერტონთან" უწევს თამაში - ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელთა შორის, ყველაზე რთული კალენდარი სწორედ პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდს აქვს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ "ტოტენჰემი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მიღმა ზედიზედ მესამედ დარჩეს.

შექმნილი სიტუაციით სარგებლობა შეუძლია "არსენალს", რომელიც მორიგ სეზონს დაასრულებს ტიტულის გარეშე. სამაგიეროდ, "მეთოფეები" დარჩენილ თვენახევარში კონცენტრაციას მთლიანად პრემიერლიგაზე მოახდენენ.

ლიგის საგზურზე ოცნებობს "ევერტონიც", ვინც "ტოტენჰემს" 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი მატჩი თადარიგში აქვს. თუ მერსისაიდელები ისევე ჩაატარებენ სეზონის დასკვნით ნაწილს, როგორც ეს დევიდ მოიესის გუნდს სჩვევია, მაშინ "ევერტონს" ოცნების ასრულების საკმაოდ კარგი შანსი ექნება.

"ევერტონზე" სამი ქულით ნაკლები, თუმცა ჩატარებული მატჩით მეტი აქვს "ლივერპულს". ბრენდან როჯერსის გუნდმა ბოლო პერიოდში საკმაოდ მოუმატა, თუმცა უკანასკნელ ტურში "საუთჰემპტონთან" წაგებამ მერსისაიდელებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი უკიდურესად შეუმცირა.

დარჩენილი მატჩები:

ჩელსი
"საუთჰემპტონი" (ს) - 30 მარტი
"სანდერლენდი" (შ) - 7 აპრილი
"ტოტენჰემი" (შ) - 14 აპრილი
"ფულჰემი" (ს) - 17 აპრილი
"ლივერპული" (ს) - 21 აპრილი
"სუონსი" (ს) - 27 აპრილი
"მანჩესტერ იუნაიტედი" (ს) - 4 მაისი
"ასტონ ვილა" (ს) - 12 მაისი
"ევერტონი" (შ) - 19 მაისი

ტოტენჰემი
"სუონსი" (ს) - 30 მარტი
"ევერტონი" (შ) - 7 აპრილი
"ჩელსი" (ს) - 14 აპრილი
"მანჩესტერ სიტი" (შ) - 21 აპრილი
"უიგანი" (ს) - 27 აპრილი
"საუთჰემპტონი" (შ) - 4 მაისი
"სტოკი" (ს) - 12 მაისი
"სანდერლენდი" (შ) - 19 მაისი

არსენალი
"რედინგი" (შ) - 30 მარტი
"ვესტ ბრომვიჩი" (ს) - 6 აპრილი
"ნორვიჩი" (შ) - 13 აპრილი
"ევერტონი" (შ) - 16 აპრილი
"ფულჰემი" (ს) - 20 აპრილი
"მანჩესტერ იუნაიტედი" (შ) - 28 აპრილი
"ქუინზ პარკი" (ს) - 4 მაისი
"უიგანი" (შ) - 12 მაისი
"ნიუკასლი" (ს) - 19 მაისი

ევერტონი
"სტოკი" (შ) - 30 მარტი
"ტოტენჰემი" (ს) - 7 აპრილი
"ქუინზ პარკი" (შ) - 13 აპრილი
"არსენალი" (ს) - 16 აპრილი
"სანდერლენდი" (ს) - 20 აპრილი
"ფულჰემი" (შ) - 27 აპრილი
"ლივერპული" (ს) - 4 მაისი
"ვესტ ჰემი" (შ) - 12 მაისი
"ჩელსი" (ს) - 19 მაისი

ლივერპული
"ასტონ ვილა" (ს) - 31 მარტი
"ვესტ ჰემი" (შ) - 7 აპრილი
"რედინგი" (ს) - 13 აპრილი
"ჩელსი" (შ) - 21 აპრილი
"ნიუკასლი" (ს) - 27 აპრილი
"ევერტონი" (შ) - 4 მაისი
"ფულჰემი" (ს) - 12 მაისი
"ქუინზ პარკი" (შ) - 19 მაისი

ევროპალიგის საგზური და ადგილი მზის ქვეშ
ამ თვალსაზრისით ყველაფერი გარკვეულია - ევროპალიგის საგზურს ჩემპიონთა ლიგისთვის მებრძოლი გუნდებიდან ერთ-ერთი ხელმოცარული მიიღებს. გარდა ამისა, ევროპალიგაზე ითამაშებენ: "სუონსი" (ლიგის თასის მფლობელის რანგში) და ასოციაციის თასის 1/2-ფინალისტიდან ერთ-ერთი. ვინაიდან 1/2-ფინალში "უიგანი" "მილუოლს" ხვდება, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ევროპალიგის საგზური ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთმა მოიპოვოს.

მართალია, "ლივერპულს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, "ვესტ ბრომვიჩმა" მეხუთე ადგილამდე მიაღწიოს. სტივ კლარკის გუნდს არც გავარდნა ემუქრება. შესაბამისად, "ალბიონი", "სუონსისთან" ერთად, დარჩენილი ტურების ყველაზე უმოტივაციო გუნდია.

იგივე ეხება "ფულჰემს", რომელიც მე-17 ადგილზე მყოფ "ასტონ ვილას" მხოლოდ 6 ქულით კი უსწრებს, მაგრამ ამ გუნდებს შორის ძალიან ბევრი კლუბია და თანაც, წარმოუდგენელია, ასეთი შემადგენლობის მქონე გუნდს გავარდნის საფრთხე სერიოზულად დაემუქროს. ასე რომ, მარტინ იოლის სამწყსოსაც მშვიდად ყოფნა შეუძლია.

ბრძოლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის


თ ბ ქ
11. სტოკი 30 27-35 34
12. ნორვიჩი 30 28-46 34
13. ნიუკასლი 30 41-52 33
14. ვესტ ჰემი 29 32-43 33
15. სანდერლენდი 30 33-42 31
16. საუთჰემპტონი 30 42-52 31
17. ასტონ ვილა 30 31-56 30
18. უიგანი 29 35-56 27
19. რედინგი 30 35- 57 23
20. ქუინზ პარკი 30 26-48 23

იმ გუნდებს შორის, რომლებიც გავარდნის პოტენციურ კანდიდატებად მივიჩნიეთ, ყველაზე ცუდი მდგომარეობა "ქუინზ პარკ რეინჯერსს" და "რედინგს" აქვთ.

"ქუინზ პარკმა" ჰარი რედნაპის ხელში კი მოუმატა, მაგრამ გუნდს გასავარდნი ზონა ერთი ტურითაც კი არ დაუტოვებია. თვის დასაწყისში მოპოვებულმა ზედიზედ ორმა გამარჯვებამ გუნდის ქომაგებს ლიგაში ადგილის შენარჩუნების იმედი გაუჩინა, მაგრამ ბოლო ტურში კონკურენტ "ასტონ ვილასთან" განცდილმა მარცხმა ლონდონელები ძალიან უკან დახია.

ანალოგიურ მდგომარეობაშია "რედინგი", რომლის ხელმძღვანელებმაც, სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე, პოსტიდან ბრაიან მაკდერმოტი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ნაიჯელ ედკინსი დანიშნეს. "საუთჰემპტონის" ყოფილ მწვრთნელს გუნდის ელიტაში დატოვება ძალიან გაუჭირდება, რადგან დარჩენილ ტურებში "რედინგი" "არსენალს", "ლივერპულს" და "მანჩესტერ სიტის" ეთამაშება.

გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდთაგან ლიგაში დარჩენის ყველაზე კარგი შანსი "უიგანს" აქვს - პრემიერლიგაში გადმოსვლის შემდეგ რობერტო მარტინესის გუნდი ყოველთვის გავარდნის კანდიდატი იყო, მაგრამ "ათლეტები", ძირითადად, კარგი საფინიშო სპურტის გამო, უმაღლეს დივიზიონში თავიანთ ადგილს ყოველთვის ინარჩუნებდნენ.

მთელი სეზონია წვალობს "ასტონ ვილა", მაგრამ პოლ ლამბერტის გუნდმა ბოლო ორ ტურში "რედინგს" და "ქუინზ პარკს" მოუგო, რის გამოც გასავარდნ ზონას სამი ქულით მოსცილდა.

მაურისიო პოჩეტინოს მოსვლის შემდეგ "საუთჰემპტონმა" სულ ორი თამაში მოიგო, მაგრამ "წმინდანებმა" "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" დაამარცხეს. დარჩენილი მატჩების კალენდრის გათვალისწინებით ("წმინდანებს" სულ ორი რთული მატჩი ელით), არგენტინელმა გუნდს პრემიერლიგაში ადგილი უნდა შეუნარჩუნოს.

როგორი გასაოცარიც უნდა იყოს, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობა "სანდერლენდს" აქვს. "შავმა კატებმა" ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულა აიღეს, რის გამოც "უიგანს" მხოლოდ 4 ქულით უსწრებენ. მარტინ ონილის გუნდის მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ გუნდის ლიდერები - საუკეთესო ბომბარდირი სტივენ ფლეტჩერი და კაპიტანი ლი კატერმოლი დაშავდნენ და მწყობრიდან სეზონის ბოლომდე გამოვიდნენ. ამ ყველაფერს კი საშინელი კალენდარი ემატება. თავად განსაჯეთ: "სანდერლენდი" დარჩენილ ტურებში ოთხ ლიდერს - "მანჩესტერ იუნაიტედს", "ჩელსის", "ევერტონს" და "ტოტენჰემს" ხვდება. გარდა ამისა, ონილის გუნდს ტაინ-უირის დერბი ელის "ნიუკასლთან" და ე.წ. 6-ქულიანი მატჩები "ასტონ ვილასთან" და "საუთჰემპტონთან".

მოკლედ, მარტინ ონილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და სულაც არ არის გამორიცხული, სეზონის ბოლოს გასავარდნ სამეულში სწორედ "სანდერლენდი" ვიხილოთ.

"ვესტ ჰემს", "ნიუკასლს", "ნორვიჩს" და "სტოკს", მიუხედავად შედარებით არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობისა, გავარდნის საფრთხე არ უნდა დაემუქროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული