პატარა ქალაქ მაკლსფილდში
კარლოს ტევესის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოგეხსენებათ, მარტის პირველ რიცხვებში პოლიციამ ის სიჩქარის გადაჭარბების გამო გააჩერა და აღმოაჩინა, რომ ფეხბურთელი საკუთარი "პორშე კაიენის" საჭეს ვადაგასული მართვის მოწმობით მართავდა. მან თავის გასამართლებლად სამართალდამცავებთან ტყუილის თქმაც კი იკადრა. 27 წლის არგენტინელს პოლიციასთან მსგავსი პრობლემა ადრეც შექმნია. შესაბამისად, მისი მდგომარეობა ამან კიდევ უფრო გაართულა. მოსამართლის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია:
"მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავს 1000 ფუნტის ჯარიმისა და 250-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოების შესრულება დაევალა.
ფეხბურთელის ადვოკატის, გვენ ლუისის თქმით, არსებობდა შანსი, რომ ტევესისთვის 6
თვით თავისუფლების აღკვეთაც კი მიესაჯათ. ადვოკატის რჩევით, კარლოსმა ყველა წაყენებულ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო, რამაც, როგორც ჩანს, თემიდას პოზიცია შეარბილა. ტევესი ავტომობილის მართვის უფლებას მხოლოდ 2013 წლის 3 ოქტომბერს დაიბრუნებს.
ის არც პირველი ფეხბურთელია და ნამდვილად არ იქნება უკანასკნელი, ვისაც სასამართლომ საზოგადოებრივ საწყისებზე შრომა დაავალა. მსგავსი სანქცია აქამდე შემდეგი ცნობილი მოთამაშეებისთვის დაუკისრებიათ:
ჯოი ბარტონისთვის,
დევიდ ნოუბლისთვის,
ნათან დაიერისთვის,
ერიკ კანტონასა და
დევიდ გუდვილისთვის.
ასევე იხილეთ:
კარლოს ტევესს იძულებითი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეეფარდა