პრემიერლიგა. XXXVI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: ყველაფერი ბოლო ტურის ბოლო წამებზე გადაწყდება

AutoSharing Option
პრემიერლიგის 36-ე ტურის შემდეგ სიტუაცია ცხრილის ორივე ნაწილში უკიდურესად დაიძაბა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა სამივე ლონდონურმა კლუბმა იმარჯვა, თუმცა სამივეს ძალიან გაუჭირდა. ქვედა ნაწილში კი ისეთი მდგომარეობაა, რომ თვით მე-11 ადგილზე მყოფ "სტოკსაც" არ აქვს მშვიდად ყოფნის საშუალება. ამ ყველაფერში კი დამნაშავე ერთი გუნდია...

მაისი "უიგანის" თვეა
შარშან "უიგანმა" ბოლო 9 ტურში 21 ქულა აიღო და პრემიერლიგაში ადგილი სასწაულებრივად შეინარჩუნა. შარშანწინ რობერტო მარტინესის გუნდმა ბოლო 4 შეხვედრაში 8 ქულა მოიპოვა და მაშინაც სასწაულებრივად გადარჩა. წელს "ატლეტიკმა" მორიგი "ქამბექი" დაგეგმა და
პირველი ნაბიჯი შაბათს გადადგა.

"ვესტ ბრომვიჩთან" გამართულ შეხვედრაში "უიგანი" ორჯერ აგებდა, მაგრამ მარტინესის შეგირდებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, მე-80 წუთზე კი გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანეს. ეს ბურთი კალუმ მაკმანამანის ანგარიშზეა, რომელმაც თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა. არადა, მანამდე პრემიერლიგაში მას გოლი გატანილი არ ჰქონდა.

გაბიმ გამოიღვიძა
2012 წლის 3 ნოემბერს გაბრიელ აგბონლაჰორმა გოლი გაიტანა. 26 წლის ფორვარდმა "სანდერლენდის" კარი დალაშქრა და 27-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. იქამდე ბოლო ბურთი (პრემიერლიგაში) აგბონლაჰორს 2011 წლის 5 ნოემბერს ჰქონდა გატანილი.

ასეთი სერიოზული ჩავარდნის შემდეგ "ასტონ ვილას" და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ყველამ ჩამოწერა, მაგრამ ბირმინგემელთა ერთ-ერთმა ლიდერმა სწორედ მაშინ მოუმატა, როდესაც მის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

"ნორვიჩთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში აგბონლაჰორმა დუბლი შეასრულა, თანაც, მეორე გოლი 89-ე წუთზე გაიტანა. ამ სეზონში გაბის ანგარიშზე უკვე 9 გოლია, ბოლო 7 მატჩში კი მან თავის გამოჩენა 6-ჯერ შეძლო.

ასევე უნდა გამოვარჩიოთ ეშლი ვესტვუდი, ვინც "ნორვიჩთან" ორი საგოლე პასი მიითვალა. პოლ ლამბერტის კლუბმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე გადავიდა.

სამი თამაში, სამი გოლი, სამი მოგება
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა სამივე ლონდონურმა კლუბმა იმარჯვა. "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" მოუგო, "არსენალმა" "ქუინზ პარკს", "ტოტენჰემმა" კი "საუთჰემპტონს".

რაფაელ ბენიტესმა ერთ-ერთი ყველაზე საძულველი მეტოქე, სერ ალექს ფერგიუსონი დაამარცხა და ამის გამო ორმაგად ბედნიერი იყო. დავიდ ლუისის და რაფაელის ინციდენტზე უკვე იმდენი დაიწერა და ითქვა, რომ ვფიქრობთ, აქ ამაზე საუბარი აღარ ღირს.

საკმაოდ გაუჭირდა "არსენალს", რომელმაც თეო უოლკოტის მიერ მე-20 წამზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო. სხვათა შორის, უოლკოტმა ამ სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.

"ტოტენჰემის" შემთხვევაში კი ყველაფერი პროზაული იყო - გუნდს უჭირდა და მოაგებინა იმან, ვინც აგებინებს ხოლმე. ლამის ყველა არსებული ინდივიდუალური პრიზის მომხვეჭმა გარეთ ბეილმა არტურ ბორუცს ისეთი დაურტყა, რომ პოლონელმა ვერაფერი გააწყო. ისე, უელსელი გახდა "ტოტენჰემის" პირველი ფეხბურთელი, იურგენ კლინსმანის შემდეგ, ვინც პრემიერლიგის ერთ სეზონში 20 გოლის გატანა მოახერხა.

სხვათა შორის, ამ წაგების გამო აქამდე თითქოს სამშვიდობოს გასული "საუთჰემპტონი" ისევ სახიფათო ზონაში აღმოჩნდა. "წმინდანები" გასავარდნ ზონაში მყოფ "უიგანს" მხოლოდ 4 ქულით უსწრებენ, თანაც, "უიგანს" ერთი მატჩი თადარიგში აქვს.

მშვიდობა მერსისაიდში
შედარებით მშვიდობიანი გამოდგა მერსისაიდული დერბი, რომელიც გატანილი გოლების და რაც მთავარია, წითელი ბარათების გარეშე დასრულდა. "ლივერპული"-"ევერტონის" მატჩებში, პრემიერლიგის ეპოქაში, აქამდე 20 წითელი ბარათი იყო ნაჩვენები, რაც საუკეთესო შედეგია. ამჯერად არც წითელი გვიხილავს და სამწუხაროდ, არც გოლი.

თუმცა, არა, გოლი ვნახეთ, მაგრამ ეს ბურთი არ ჩაითვალა, რამაც დევიდ მოიესი აღაშფოთა. როგორც მიხვდით (თუ მატჩი არ გინახავთ), ბურთი "ლივერპულის" კარში გავიდა. აი, რა მოხდა: "ევერტონმა" მოაწოდა კუთხური, ბურთი მიუვიდა სილვენ დისტენს, რომელმაც ახლო კუთხეში გაიტანა, მაგრამ არბიტრმა (მაიკლ ჯოუნსმა) კარის აღება არ დააფიქსირა, რადგან ვიქტორ ანიჩებე დააჯარიმა, რომელიც მისი აზრით, პეპე რეინას ხელს უშლიდა. რბილად, რომ ვთქვათ, გადაწყვეტილება საკამათო იყო. ჯოუნს, რა თქმა უნდა, არ დაეთანხმა მოიესიც:

"მსაჯმა ანიჩებე დააჯარიმა, არადა, ბურთი რეინასთვის ძალიან მაღლა იყო და ის მას მაინც ვერ მიწვდებოდა. გარდა ამისა, მეკარე თვითონ შეეჯახა ვიქტორს. მოკლედ, გოლი 100 პროცენტით უნდა ჩათვლილიყო. უკმაყოფილო მაინც არ ვარ, რადგან ქულა მოვიპოვეთ და ჯერ კიდევ ვიბრძვით ევროთასების საგზურისთვის," - განაცხადა "ევერტონის" დამრიგებელმა.

აღსანიშნავია, რომ მოიესს "ლივერპული" "ენფილდზე" არასდროს დაუმარცხებია. ბოლოს "ლურჯებმა" ამ სტადიონზე 1999 წელს, კევინ კემპბელის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს.

ბომბარდირები:
25 – რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
23 – ლუის სუარესი (ლივერპული)
20 – გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)
18 – კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა)
17 – მიჩუ (სუონსი)

ასისტენტები
12 – ხუან მატა (ჩელსი)
10 – უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), თეო უოლკოტი (არსენალი)
9 – სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ედენ აზარი (ჩელსი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი)

5 საუკეთესო ფეხბურთელი, EA SPORTS-ის აზრით

1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)
3. ხუან მატა (ჩელსი)
4. ლუის სუარესი (ლივერპული)
5. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)

სიმბოლური ნაკრები

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXXVI ტური: "ჩელსის" ხუთიდან სამი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული