ვინ შეცვლის ტორესს?

AutoSharing Option
"ლივერპულის" ახალი მწვრთნელი როი ჰოჯსონი კოსტა რიკელი ამომავალი ვარსკვლავის ბრაიან რუისის ყიდვას აპირებს და ამ საქმისთვის 12,5 მილიონ ფუნტს (18,9 მილიონი დოლარს) არ იშურებს. ჰოჯსონმა იცის, რომ რუისმა გასულ სეზონში ჰოლანდიური "ტვენტეს" შემადგენლობაში 24 გოლი გაიტანა, რასაკვირველია, ფეხბურთელის თამაში ნანახიც აქვს და, როგორც აბობენ, ის ფერნანდო ტორესის შემცვლელად ეგუება. ნიშნავს ეს იმას, რომ ტორესის მერსისაიდიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია? როგორც ინგლისური პრესა წერს, არა. ჰოჯსონი ტორესის "ენფილდ როუდზე" დარჩენის შემთხვევაშიც კი აპირებს 24 წლის კოსტა რიკელის ყიდვას.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში
ჰოჯსონი ლონდონის "ფულჰემს" წვრთნიდა და ბრაიან რუისიც სწორედ ამ გუნდისთვის ჰყავდა შეგულებული. ახლა, როდესაც მან კლუბი გამოიცვალა, სავარაუდოდ, თავდამსხმელს ისეთ ფასად იყიდის, რომ თავისმა წინა კლუბმა კონკურენცია ვეღარ გაუწიოს - მოგეხსენებათ, "ფულჰემის" ფინანსური შესაძლებლობები "ლივერპულისას", მერსისაიდელთა ვალების მიუხედავად, მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

რუისი "ტვენტეში" ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სტივენ მაკლარენმა მიიყვანა. თავდამსხმელი ბელგიურ "გენტში" თამაშობდა, საიდანაც ჰოლანდიურმა კლუბმა 5 მილიონ ევროდ იყიდა და ისე ათამაშა, რომ ფასი სულ მცირე გაუსამმაგა. სწორედ რუისის გოლების წყალობით გახდა "ტვენტე" ჰოლანდიის ჩემპიონი ისტორიაში პირველად და სწორედ ამ წარმატებამ შეუწყო ხელი მაკლარენის ბუნდელსიგის მწვრთნელობამდე აღზევებას - იგი "ვოლფსბურგში" გადავიდა.

სხვათა შორის, რუისის თან წაყვანა მაკლარენსაც უნდა, მაგრამ როგორც ჩანს "ტვენტე" "ვოლფსბურგისთვის" ძალიან ძვირს ითხოვს. გარდა ამისა, კოსტა რიკელი ვარსკვლავით დაინტერესებულები არიან ესპანური გუნდები "სევილია" და "ვილიარეალი".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული