კარიერის უკანასკნელ შეხვედრაში მას თავის გამოჩენაც შეეძლო, მაგრამ შორეული დარტყმა კარს ზუსტად ვერ დაუმიზნა. 85-ე წუთზე ბრენდან როჯერსმა მოედანზე მის ნაცვლად სებატიან კოატესი შეუშვა და ამით გადავსებულ სტადიონს კერპთან სათანადოდ გამოთხოვების საშუალება მისცა. თამაშის დასრულების შემდეგ მან "ლივერპულის" ოფიციალურ ვებგვერდს მისცა ინტერვიუ:
"მე არ ვარ ემოციური ადამიანი, მაგრამ დღევანდელი დღე მაინც გამორჩეული იყო ჩემთვის. ტრიბუნებზე შეკრებილნი იყვნენ ჩემი ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები. ამის
"ლივერპულში" წლების განმავლობაში ვთამაშობდი და ახლა იმის გაცნობიერება მიწევს, რომ ამიერიდან აღარასოდეს მომეცემა აქ თამაშის საშუალება. მესმის ისიც, რომ ადრე თუ გვიან ეს მაინც უნდა მომხდარიყო. მართალია, მივდივარ, მაგრამ აქაურობასთან ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს. პენსიაზე დამშვიდებული გავდივარ, რადგან ვიცი, რომ გუნდი საიმედო ხელშია. ის ნელ-ნელა იზრდება და თანდათან უფრო ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება".
როჯერსი: კარას შეცვლა გაჭირდება
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ უჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორ უნდა შეცვალოს ვეტერანი ცენტრალური მცველი. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მხრიდან არაერთი შეკითხვა დაისვა ამ თემაზე. აი, რა თქვა ჩრდილოირლანდიელმა:
"სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, შეიძლება თუ არა კარაგერის სტილის მეორე ფეხბურთელის მოძებნა. მისი დამსახურება მშობლიური კლუბის წინაშე წარმოუდგენლად დიდია. ჯეიმი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო წლების განმავლობაში, მაგრამ ოდესღაც ყველა დიდ ფეხბურთელს უწევს კარიერის დასრულება. "ლივერპულში" თავის დროზე იან რაშიც თამაშობდა. მის ნაცვლად გუნდში ჯონ ბარნსი და პიტერ ბერდსლი მოვიდნენ, რომელთაც თავიანთი სტილი მოიტანეს გუნდში. ამჯერადაც ასე უნდა მოვიქცეთ. უნდა მოვნახოთ ფეხბურთელი, ვინც სათანადოდ შეგვეწყობა.
თამაშის მიწურულს კარაგერის შეცვლას, ცხადია, თავიდანვე ვგეგმავდი. ყველამ ვნახეთ, თუ რა დონეზე ჩაატარა მან ეს შეხვედრა. მე და მას სეზონის განმავლობაში ხშირად გვქონდა კონტაქტი და ვიცოდი, რომ კარიერის დასრულება გადაწყვეტილი ჰქონდა. ის ყოველთვის გამოირჩეოდა სხვებისგან კლუბისადმი ერთგულებითა და პროფესიონალიზმით. კარა მთელი კარიერის განმავლობაში უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო. ახალი წლის შემდეგ ჩემპიონატში მან 16 თამაში ჩაატარა და აქედან მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით, რაც იმას ადასტურებს, რომ ასაკის მიუხედავად, შესაშურ ფიზიკურ კონდიციებში იყო.
კარა ყოველთვის რჩებოდა ნამდვილ ლიდერად და მებრძოლად. ამის გარდა, მას სხვა ღირსებებიც ჰქონდა, მაგალითად, პასის კულტურა, თავით თამაშის უნარი და ძლიერი დარტყმა. ყველა უკანახაზელს არ შეუძლია, ერთნაირად ეფექტურად ითამაშოს დაცვაშიც და შეტევებშიც. ჯეიმი კი ერთ-ერთი ასეთი იყო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრენდან როჯერსი: ჯეიმი კარაგერის შეცვლა შეუძლებელია