ენდი კეროლი 15 მილიონად იყიდება

AutoSharing Option
სპორტული ვებგვერდების ინფორმაციით, "ვესტ ჰემი" ახლოს დგას "ლივერპულიდან" ენდი კეროლის შეძენასთან. 24 წლის თავდამსხმელი "ჩაქუჩებს" 12-დან 15 მილიონ ფუნტამდე დაუჯდებათ.

12-ს დედაქალაქელები პირდაპირ გადაიხდიან, 3-ს კი იმის მიხედვით, რამდენად წარმატებულად წარიმართება კეროლის კარიერა ძველ-ახალ კლუბში. აყლაყუდა ფეხბურთელმა სეზონი სწორედ "ენფილდზე" დაიწყო, მაგრამ აგვისტოს ბოლოს იჯარის წესით ლონდონურ კლუბში გადავიდა. მართალია, მან "აპტონ პარკზე" თამაში ცუდად დაიწყო, ახალ წლამდე მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ მოყოლებული თებერვლის შუა რიცხვებიდან, ენდიმ თამაშს უმატა და გოლების გარდა, საგოლე გადაცემების კეთებაც დაიწყო.

საბოლოო ჯამში
მან 7-ჯერ გამოიჩინა თავი და 4 შედეგიანი პასი გააკეთა. სემ ელერდაისის თხოვნით, "ვესტ ჰემმა" "ლივერპულთან" სრულფასოვან ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და როგორც ჩანს, საკითხს წერტილი მალე დაესმება. როგორც უნდა იყოს, "ლივერპული" კეროლის ტრანსფერზე სერიოზულ ზარალზე მიდის, რადგან 2011 წლის იანვარში "ნიუკასლიდან" მისი შეძენა "წითლებს" 35 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

კეროლზე აქვე ერთ ინფორმაციასაც მოგაწვდით: როი ჰოჯსონმა თავდამსხმელი გარკვეული პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდში ხელახლა გამოიძახა, მაგრამ ის ქუსლზე შექმნილი პრობლემების გამო ასპარეზობას ვერ შეძლებს. მეტიც, მას ოპერაცია ელის და ფეხბურთს, საუკეთესო შემთხვევაში, აგვისტოს ბოლოსღა თუ დაუბრუნდება. ჰოჯსონის თქმით, ვესტჰემელის ნაცვლად შეკრებაზე ის არავის მიწვევას არ გეგმავს, რადგან მას გუნდში ჯერმეინ დეფო, დენიელ სტარიჯი, უეინ რუნი და დენი უელბეკი ჰყავს. კუნძულელებს რამდენიმე დღეში ირლანდიისა (29 მაისი) და ბრაზილიის (2 ივნისი) ეროვნულ ნაკრებებთან უწევთ დაპირისპირება.

დავუბრუნდეთ "ვესტ ჰემს": კეროლის გარდა, "ჩაქუჩებს" კიდევ ერთი ძლიერი თავდამსხმელი სჭირდებათ. რამდენიმე დღის წინ "დეილი მეილი" წერდა, რომ ლონდონელებმა თანაქალაქელ "ჩელსის" 20 წლის რომელუ ლუკაკუს ერთწლიანი იჯარა შესთავაზეს. სამაგიეროდ, "აპტონ პარკს" დატოვებს და კარიერას სადმე სხვაგან გააგრძელებს 29 წლის შემტევი კარლტონ კოული. "ჩაქუჩებში" ის 2006 წლიდან თამაშობდა და ამ ხნის განმავლობაში 250-ჯერ დაიცვა გუნდის ღირსება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ვესტ ჰემს" ენდი კეროლი აღარ სჭირდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული