ჯოვანი ტრაპატონის შეგირდებმა ლონდონში საპატიო შედეგს მიაღწიეს. მართალია, როი ჰოჯსონს წამყვანი ფეხბურთელები დააკლდა, მაგრამ ამით ყველაფრის გამართლება, უბრალოდ, არ შეიძლება. 65 წლის სპეციალისტი თამაშამდე გულშემატკივარს არწმუნებდა, ჩემი გუნდი კარგ განწყობაზეა და პრინციპულ მეტოქესთან ნამდვილ ბრძოლას იხილავთო, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.
ბრიტანულმა დერბიმ მისთვის ჩვეული ჟინის გარეშე ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ეშლი კოულისთვის
სტუმრებმა შეხვედრა ფრთხილად დაიწყეს. "კელტები", ძირითადად, ფეხმარდი გარემარბებისა და მათი კონტრშეტევების იმედად იყვნენ. ანგარიში კლასიკურ ინგლისურ სტილში გაიხსნა. შეიმუს კოულმენის ფლანგურ გადაცემას შეინ ლონგი თავით გამოეხმაურა, პოზიციის უკეთ შერჩევის ხარჯზე გლენ ჯონსონს თავზე იოლად აჯობა და ბურთი მეკარისგან შორეულ მაღალ კუთხეში გაახვია.
საკითხავია, სად იყვნენ ამ დროს ცენტრალური მცველები გარი კეჰილი და ფილ იაგიელკა და რატომ დასჭირდა "ლივერპულის" მარჯვენა მცველს მათი დაზღვევა. თავის მხრივ, ირლანდიელებიც შეცდნენ, როცა უპირატესობის განვრცობაზე არ უფიქრიათ.
ინგლისელებმა ისინი მალევე გამოიჭირეს შეცდომაზე და ანგარიში გაათანაბრეს. დენიელ სტარიჯმა ფრენკ ლემპარდს ორ მცველს შორის გაუჭრა ბურთი, ვეტერანს კი ისღა დარჩენოდა, ახლო მანძილიდან კარში გადაეგზავნა. დევიდ ფორდი ამ მომენტში ნამდვილად უძლური იყო.
მთელი დარჩენილი შეხვედრა "სამმა ლომმა" უფანტაზიო შეტევებში გაატარა და თუ რამე შეეძლო, მხოლოდ ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე. ამ მხრივ, ყველაზე მეტად თეო უოლკოტი გამოირჩეოდა.
სულ ბოლოს კი იმას გეტყვით, რომ შეხვედრის 33-ე წუთზე "სტოკ სიტის" ნახევარმცველ გლენ უელანთან შეჯახებისას მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს დროზე ადრე გამოაკლდა დენიელ სტარიჯი. გუნდის სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაადასტურა, რომ 25 წლის თავდამსხმელი 2 ივნისს ბრაზილიასთან ამხანაგურ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.
მატჩის შემდგომ
როი ჰოჯსონი: "ძალიან არ გაგვიმართლა. ოფიციალური სანაკრებო თამაშების თარიღი 6 ივნისს არის. ჩვენ კი არ გვინდოდა ფეხბურთელების ამდენი ხნით გაჩერება, რადგან ხანგრძლივი სეზონის შემდეგ ისინი დაღლილები არიან და მხოლოდ დასვენებაზე ფიქრობენ. შეკრება კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება, რის შემდეგაც ისინი თავისუფლები იქნებიან.
კარგი იქნებოდა, ბიჭებს პრემიერლიგის ბოლო ტურის შემდეგ დასვენების საშუალება მისცემოდათ, მაგრამ კლუბებმა შეკრებებზე გამგზავრება შორეულ ქვეყნებში გადაწყვიტეს და ამით სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმეს. ზოგი ბაჰამის კუნძულებზე გაფრინდა, ზოგი აშშ-ში. თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება, კლუბებს რამე ავუკრძალოთ".
ეშლი კოული: "ჩემთვის ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია კარიერაში. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებში ამდენჯერ ვითამაშებდი. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, მათგან სწორედ ასეთ შეხვედრას ველოდი. ამ წუთას ძალიან ამაყი ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ გუნდს ვუკაპიტნე. ძალიან არ მიყვარს ამაზე აპელირება, მაგრამ ბავშვობის ოცნება ამიხდა".
ჯოვანი ტრაპატონი: "ინგლისის ნაკრები, თავისი პოტენციალით, მსოფლიოში სამეულში თუ არა, ხუთეულში ნამდვილად შედის. ჩემს გუნდში კი, მინიმუმ, ხუთ კაცს გამოცდილება სერიოზულად აკლია. ასეთი დონის გუნდთან შეხვედრაში მათ სერიოზულად შეუძლიათ მომატება. თამაშის დაწყებამდე ბიჭებს ერთადერთი რამ ვთხოვე, რომ ყოველგვარი შიშის გარეშე ეთამაშათ. შედეგი ადასტურებს, რომ ისინი სწორედ ასე მოიქცნენ. მათთვის ამ მატჩს მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა".
ამხანაგური მატჩი
ინგლისი-ირლანდია 1:1
გოლები: 0:1 ლონგი (13), 1:1 ლემპარდი (23)
ინგლისი: ჰარტი (46. ფოსტერი), გ. ჯონსონი (46. ფ. ჯონსი), იაგიელკა, კეჰილი, ე. კოული (53. ბეინსი), ლემპარდი, კერიკი, უოლკოტი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (87. მილნერი), რუნი, სტარიჯი (33. დეფო).
ირლანდია: ფორდი, კოულმენი, ოში, კელი, სენტ-ლეჯერი, მაკარტი, უილანი (73. ჰენდრიკი), უოლტერსი (81. სემონი), მაკგიდი (68. მაკლინი), ლონგი, რ. კინი (65. კოქსი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რიო ფერდინანდის საბოლოო უარი