"ლივერპული": მძიმე პერსპექტივა და დაგეგმილი ტრანსფერები "ენფილდზე"

AutoSharing Option
ირლანდიასთან შეხვედრის დაწყებამდე ინგლისის ნაკრებს დენი უელბეკი გამოაკლდა, მატჩის მიმდინარეობისას კი კიდევ ერთი შემტევი დაკარგა.

"სტოკ სიტის" მცველ გლენ უელანთან შეტაკებისას 23 წლის დენიელ სტარიჯმა კოჭი და მუხლქვეშა მყესი სერიოზულად დაიზიანა. არის შანსი, რომ მან მთელი ზაფხული მკურნალობას მოანდომოს, რაც იმას ნიშნავს, რომ დენი არა მარტო წინასასეზონო მოსამზადებელ ციკლს დააკლდება, არამედ 2013/14 წლების სეზონის სტარტზეც ვერ ითამაშებს.

იმის გათვალისწინებით, რომ დისკვალიფიკაციის გამო არც ლუის სუარესი იქნება, თუკი ურუგვაელი საერთოდ დარჩა "ენფილდზე", ბრენდან როჯერსის მდგომარეობას შეიძლება გამოუვალი ვუწოდოთ. ჩრდილოირლანდიელს განკარგულებაში ფაბიო
ბორინი და სუსოღა რჩება.

"გარდიანის" ცნობით, სტარიჯის საბოლოო დიაგნოზი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ მისი მდგომარეობა იოლი რომ არ გახლავთ, ამაზე წინასწარ ყველა თანხმდება.

მორიგი კანდიდატურა: მინიოლე
ვიქტორ ვალდესმა "ბარსელონაში" დარჩენა კონტრაქტის ბოლომდე, ანუ 2014 წლის ზაფხულამდე გადაწყვიტა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კატალონიური სუპერკლუბი მის შემცვლელზე არ იზრუნებს. ყველაზე ხშირად "კამპ ნოუზე" გადასვლას პეპე რეინას უწინასწარმეტყველებენ.

30 წლის ესპანელმა "ენფილდზე" გატარებული 8 წლის შემდეგ განაცხადა, "ბარსასთვის" უარის თქმა ნამდვილად გამიჭირდებაო.

თუკი ეს ტრანსფერი შედგა, მერსისაიდელებს პეპეს შემცვლელი დასჭირდებათ. "ლივერპული" კანდიდატურებს, პირველ რიგში, პრემიერლიგაშივე ეძებს. ლაპარაკია ასმირ ბეგოვიჩსა და სიმონ მინიოლეზე. პირველს ნახევარი პრემიერლიგა თავისთან ექაჩება; ასე რომ, გარანტირებული არაფერია.

"სანდერლენდის" მეკარის გადაბირება კი ბევრად უფრო ადვილი უნდა იყოს. თანაც ფაქტია, რომ 25 წლის ბელგიელი "სტედიუმ ოფ ლაითსზე" მთელი სეზონი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობდა. რომ არა ის, "შავ კატებს" ელიტაში ადგილის შენარჩუნება წარმოუდგენლად გაუჭირდებოდათ.

სწორედ ამის დასტური იყო გულშემატკივართა მიერ მინიოლეს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება. თუკი სიმონი "სანდერლენდიდან" წასვლას მაინც გადაწყვეტს, კლუბი მას 10 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ დათმობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული