ხუან მატა: როცა ბრაზილიაში მიდიხარ სათამაშოდ, თავში ერთი რამ გიტრიალებს - "მარაკანა"!

AutoSharing Option
კონფედერაციათა თასის დაწყებამდე ესპანეთის ნაკრებისა და "ჩელსის" 25 წლის ნახევარმცველმა ხუან მატამ ფიფას ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც მან ესპანეთის ნაკრების გარდა, თავის ლონდონურ ცხოვრებაზეც ილაპარაკა.

- კონფედერაციათა თასზე ურუგვაისთან შეხვედრამდე (16.06. რედ.) დიდი დრო აღარ დარჩა. რას გრძნობთ?
- ვნერვიულობ. ძალიან მინდა, კიდევ ერთხელ შევიგრძნო, თუ რას ნიშნავს კონფედერაციათა თასი. მთელი სეზონი ბევრს ვვარჯიშობდი, რათა ამ ეტაპზე ყველაფერი რიგზე ყოფილიყო.

- ის, რომ თამაშები სამხრეთ ამერიკაში ჩატარდება, რეგიონში, სადაც ევროპელებს ასპარეზობა იშვიათად უწევთ, ტურნირს განსაკუთრებულ ელფერს აძლევს?
- ბრაზილიაში
პირველად ვარ და ცხადია, ფეხბურთი აქ ჯერ არასოდეს მითამაშია. თუმცა კარგია, რომ იმ ქვეყნის გაცნობის შანსი გვეძლევა, სადაც მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა გაიმართოს. სტადიონებს ვნახავთ, ატმოსფეროს გავეცნობით, რომელიც ისედაც დარწმუნებული ვარ, მშვენიერი იქნება და რაც მთავარია, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოვემზადებით.

- არის რამე განსაკუთრებული, რასაც ელოდებით?
- როცა ბრაზილიაში სათამაშოდ მიდიხარ, გონებაში ერთადერთი რამ გიტრიალებს თავში - "მარაკანა". მშვენიერი იქნება, თუკი ფინალში გავალთ და ამ სტადიონზე მოგვიწევს ტიტულისთვის ბრძოლა.

- ესპანეთის ნაკრებმა ზედიზედ ორჯერ მოიგო ევროპის პირველობა და ამასთან, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. მეტოქეებს თუ ეტყობათ "ფურია როხას" წინაშე მოწიწება?
- ყველაზე მნიშვნელოვანია კომენტარები, რომელსაც ხალხი თამაშამდე და ხანდახან თამაშის მიმდინარეობისას აკეთებს. ესპანეთის ნაკრები ამჟამად თავის ისტორიაში საუკეთესო ეტაპზეა. ცხადია, მეტოქეები მის დამარცხებაზე ოცნებობენ. ვამაყობთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებით ემზადება.

- თქვენი აზრით, რატომ ხდება, რომ "ჩელსის" ძირითადის მოთამაშე ხართ, ნაკრების - არა?
- ვფიქრობ, იმიტომ, რომ ნაკრებში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც თავის კლუბში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ძირითადში სულ 11 ადგილია და კონკურენცია ძალიან სერიოზულია. თუმცა უკვე სამ დიდ ტურნირზე მაქვს ნათამაშები და მინდა, რომ სამომავლოდაც ამ გუნდის ნაწილი ვიყო.

- "ჩელსის" გასახდელში ჯერ კიდევ გიწოდებენ მეტსახელებს?
- არც ისე ხშირად, რადგან დენიელ სტარიჯი "ლივერპულში" გადავიდა სათამაშოდ. სხვები კი მე ჩვეულებრივ, ხუანს მეძახიან. თუმცა სახელის ზუსტად წარმოთქმა ბევრს უჭირს. თითქმის ყველას ისე გამოსდის, როგორც სიტყვა "ერთი" ინგლისურად. ბევრი საერთოდ ვერ ახერხებს ხ-ს წარმოთქმას.

- პოპულარული ფეხბურთელი ხართ. ჯერ კიდევ შეგიძლიათ ლონდონში მშვიდად სეირნობა?
- ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს, თუმცა იმის თქმა კი შემიძლია, რომ ხალხი სულ უფრო ხშირად მცნობს ქუჩაში. შეიძლება იმიტომაც, რომ უკვე მეორე წელი ხდება, რაც აქ ვარ. ამ ქალაქში ბევრად უფრო მშვიდად შეიძლება ცხოვრება, ვიდრე, ვთქვათ, ესპანეთში.

- ფეხბურთელები ქალაქგარეთ ცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას, თქვენ კი შუაგულ ლონდონში ხართ. რატომ?
- ქალაქისგან მოშორებულად ისინი ცხოვრობენ, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავთ, რადგან იქ გარემო ბევრად უფრო მშვიდია. მე კი ჯერ ახალგაზრდა ვარ და მიყვარს სეირნობა, კაფეებში შესვლა და ჭიქა ყავის დალევა და კიდევ ამის მსგავსი რამეები.

- "ჩელსი" იმიტომ აირჩიეთ, რომ ლონდონში გეცხოვრათ?
- ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ ტოპ-კლუბში მეთამაშა, ისეთში, რომელიც ტიტულებისთვის ბრძოლას მოახერხებდა; თუმცა ისიც მართალია, რომ ლონდონში ცხოვრების პერსპექტივამ გადაწყვეტილების მიღება გამიიოლა.

- ესპანეთი არ გენატრებათ?
- თუ რამე მენატრება, ეს არის სახლი, ოჯახი, ვალენსიური ცხოვრების სტილი, სახლთან ახლოს პლაჟი, თუმცა ამის მიუხედავად, ინგლისში მაინც ბედნიერად ვგრძნობ თავს. ამ ყველაფერმა, ანუ ახალ ქვეყანაში გადასვლამ, აქამდე უცნობ ხალხთან ურთიერთობამ, ახალ წესებთან შეგუებამ, სერიოზულად შემიწყო ხელი, განსხვავებულად შემეხედა ცხოვრებისთვის.

- ინგლისში ცხოვრებამ საუკეთესო რა გასწავლათ?
- იყავი სათანადოდ მამაცი, რომ გადაწყვეტილების მიღება მოახერხო. ჩემთვის ბევრად უფრო მარტივი იყო ორი წლის წინ, რომ ესპანეთში დავრჩენილიყავი, მაგრამ ახალი სტიმული და გარკვეული ცვლილებები მჭირდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო ფერნანდო ტორესის და ხუან მატას ტრანსფერზე დაყენებას ითხოვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული