ნიკლას ბენდტნერის საინტერესო წინადადება გერმანიიდან

AutoSharing Option
ივნისის ბოლოს "არსენალს" მხოლოდ ორ ფეხბურთელთან, ფრანგ სებასტიან სკილაჩისთან (32 წლის, მცველი) და რუს ანდრეი არშავინთან (32, ნახევარმცველი) უმთავრდება კონტრაქტი.

კლუბი მათ დატოვებას რომ არ მოინდომებდა, წინდაწინ იოლი გამოსაცნობი იყო, რადგან გუნდისთვის არც ერთსა და არც მეორეს აწ დასრულებულ სეზონში სარგებელი არ მოუტანია. ამას გარდა, ლაპარაკია, რომ "ემირეიტსს" დატოვებენ: მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი (28, კონტრაქტი 2014-მდე), მცველი ბაკარი სანია (30, 2014-მდე), ნახევარმცველი ემანუელ ფრიმპონგი (21, 2014), თავდამსხმელები ნიკლას ბენდტნერი (25, 2014-მდე), ჟერვინიო (26, 2015-მდე) და მარუან შამახი (29, 2014-მდე). თამამად შეიძლება
ითქვას, რომ ამ მოთამაშეებიდან სანიას, ჟერვინიოსა და ფაბიანსკის გარდა, არსენ ვენგერს ვერავინ ვერაფერში დაეხმარება.

დანიელმა ბენდტნერმა, ვინც კიდევ ერთი უღიმღამო სეზონი გაატარა, ამჯერად "იუვენტუსში" იჯარით, განაცხადა, რომ მას ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იწვევს და თუკი რაიმე განსაკუთრებული არ მოხდება, აქცენტს სწორედ მის შეთავაზებაზე გააკეთებს.

"არსენალი" უკვე ხუთ კლუბს შეუთანხმდა ტრანსფერზე. გადაწყვეტილება ახლა უკვე ჩემი მისაღებია. ამისთვის დრო ნამდვილად მაქვს. გეტყვით, რომ ძლიერი კლუბები მიწვევენ. რამდენიმე მათგანის მთავარ მწვრთნელს უკვე ველაპარაკე კიდეც. გაინტერესებთ, არიან თუ არა მათ შორის "აინტრახტი" ან "მიონხენგლადბახი"? შეკითხვაზე არ გიპასუხებთ, მაგრამ გეტყვით, რომ გერმანიიდან საინტერესო წინადადება ნამდვილად მაქვს. ამ ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან მომძლავრდა და ამის ნათელი მაგალითი "ბაიერნი" და "დორტმუნდი" არიან," – განაცხადა ფეხბურთელმა.

გამოცემა "ნაზერნ ეხოს" ცნობით კი, "ნიუკასლმა" "არსენალს" 8,5 მილიონი ფუნტი შესთავაზა ჟერვინიოს სანაცვლოდ. ივუარელი გარემარბით დაინტერესებულია მარსელის "ოლიმპიკიც". "მეთოფეთა" რიგებში აფრიკელმა ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. 2012/13 წლების სეზონში მან პრემიერლიგაში 18 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 9-ჯერ შეცვლაზე შევიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნიკლას ბენდტნერი ტურინის "იუვენტუსთან" მოსალაპარაკებლად იტალიაში ჩავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული