უცნობი ეშმაკი - მოდელირებული ინტერვიუ გილერმო ვარელასთან

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედთან" 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მანკუნიანელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გადაწყვიტა, 20 წლის მარჯვენა მცველი გილერმო ვარელა გულშემატკივრებისთვის წარედგინა.

ამისთვის ერთგვარი მოდელირებული ინტერვიუ შედგა. კითხვებიც და პასუხებიც საიტის თანამშრომლებს ეკუთვნით.

- რა სტილის ფეხბურთელია გილერმო?
- სწრაფი, აგრესიული განაპირა მცველი, ვინც განსაკუთრებით ეფექტურია დაცვაში. სწორედ ეს თვისება გამოარჩევს მას სხვა სამხრეთამერიკელი მცველებისგან, რომელთაც განსაკუთრებით უყვართ შეტევაში ჩართვა.

- რა არის მისი ძლიერი მხარეები?
- გარდა იმისა, რომ დაცვაში საიმედოა, ის იმდენად ცივსისხლიანი ფეხბურთელია, რომ ძნელად თუ რამე გამოიყვანს წყობილებიდან. გილერმე იოლად
კითხულობს თამაშს და აქცენტს ინტელექტზე აკეთებს.

- რა მხრივ უნდა მოუმატოს?
- სისწრაფის ხარჯზე გილერმე შეტევაში სწრაფად ერთვება, მაგრამ "ოლდ ტრეფორდზე" მას ამ მხრივ მომატება მოუწევს.

- რატომ ვერ თამაშობდა "პენიაროლში" რეგულარულად?
- მთავარი მწვრთნელი ხორხე და სილვა გუნდში თებერვალში მივიდა და თან მიიყვანა ახალი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი. ამან ვარელას სათამაშო დროზე იმოქმედა.

- როდის მოხვდა "იუნაიტედის" სამიზნეში?
- სკაუტებმა მას ყურადღება მიაქციეს არგენტინაში ჩატარებულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე. მიუხედავად მჭიდრო გრაფიკისა და გაუსაძლისი სიცხისა, ის ბოლომდე იბრძოდა.

- "კერინგტონში" გასინჯვაზე თავი როგორ წარმოაჩინა?
- სეზონის მიწურულს მან გუნდთან ერთად 10 დღე გაატარა. თუკი ფეხბურთელის დონე სასურველზე დაბალია, ეს იოლად ჩნდება სხვების ფონზე. მან კი დადებითი შთაბეჭდილება დატოვა როგორც სერ ალექს ფერგიუსონზე, ისე ფეხბურთელებზეც.

- "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელებიდან ვისთან შეიძლება მისი შედარება?
- მას ჯერ კიდევ სჭირდება ფიზიკურად მომძლავრება, მაგრამ თამაშისადმი მიდგომის მხრივ, გაბრიელ ჰაინცეს ჰგავს.

- რამდენად სწრაფად მოახერხებს ახალ ქვეყანასთან ადაპტაციას?
- გუნდში რამდენიმე ესპანურენოვანი ახალგაზრდაა, მაგალითად: დე ხეა, ერნანდესი, ენრიკესი. იმედია, გილერმე მათი დახმარებით იოლად ისწავლის ინგლისურს და ალღოს აუღებს მანჩესტერულ ცხოვრებას. სინჯებზე ყოფნისას მას სერიოზულად ეხმარებოდა ჩიჩარიტო.

- და რა იქნება ახლა?
- ახლა მას წინ ელოდება თურქეთში გასამართი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც "იუნაიტედის" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ითამაშებს. მაგალითად: ენრიკესი, ტომ ტორპი, სემ ჯონსტონი, ლარნელ კოული. ჩვენ თითოეულ მათგანს ყურადღებით დავაკვირდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი შენაძენი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული