ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი: სეზონი ზღაპრულად დავასრულე, "მარაკანაზე" გოლით

AutoSharing Option
"არსენალის" 19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა 2012/13 წლების სეზონი "მარაკანაზე" ეფექტური გოლით დაასრულა.

მოგვიანებით, ჟურნალისტთან საუბრისას ფეხბურთელი გამოტყდა, რომ "პენტაკამპეონებთან" შედეგიან თამაშს ის მამამისს უმადლის. ამას გარდა, მან განვლილი სეზონიც შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა.

მამა და მისი რჩევა
- ბრაზილიასთან მატჩამდე მამამ შეტყობინება გამომიგზავნა, ისე გააკეთე, რომ რამე განსაკუთრებულად კარგი საქმე გამოგივიდესო. მატჩის მეორე დღეს კი მეორედ მომწერა, ძალიან მომწონს, როცა ჩემს რჩევებს ყურს უგდებო. მამა სულ იმას მეუბნება, რომ ოცნებად აქვს ქცეული, რაც შეიძლება უფრო შედეგიანი გავხდე.

ის მართალია, რადგან მეც ანალოგიური სურვილი მამოძრავებს. მომდევნო სეზონში სწორედ ამ კომპონენტზე მაქვს სამუშაო ყველაზე მეტად. მწვრთნელი სად გადაწყვეტს ჩემს გამოყენებას, ეს მისი საქმეა. მე მხოლოდ ის მევალება, რომ როცა ძირითადში ადგილს მანდობენ, ყველაფერი გავაკეთო გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე. არ აქვს მნიშვნელობა, ფლანგზე მომიწევს გარჯა თუ ცენტრში. იმდენი უნდა მოვახერხო, რომ ნებისმიერ პოზიციაზე შევძლო თანაბრად თამაში. როგორც ფეხბურთელი, კლასიკურ ნახევარმცველად ვარ გაზრდილი. რაკი ამავე პოზიციაზე ვთამაშობ, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს.

ზღაპრული დასასრული
მჭირდება მთლიანად თამაშის გაუმჯობესებაც. სწავლა და პროგრესი ყოველთვის შეიძლება. ვიცი, რომ ძალიან ბევრი მუშაობა მმართებს, რათა ახალ სეზონში ცოტა უკეთ მაინც ვითამაშო. პირველი წელიწადი კი ზღაპრულად დასრულდა - "მარაკანაზე" გატანილი ბურთით. არა უშავდა დასასრულს "არსენალშიც". განვლილი სეზონით კმაყოფილი ვარ. ახლა მთავარია, დარჩენილი ორიოდე კვირა კარგად დავისვენოთ, ძალები აღვიდგინოთ და მზადებას ისე შევუდგეთ.

ბრაზილიაში ჩემს ოდინდელ კერპ რონალდოს შევხვდი სპონსორების მიერ მოწყობილ საღამოზე. არ მგონია, რომ ჩემი გოლი მას დიდად გაჰკვირვებოდა. თავის დროზე მისთვის ასეთების გატანა ისეთივე იოლი იყო, როგორც ბუტერბროდის ჭამა. ის ამას წლების განმავლობაში ახერხებდა. იმაზე ვფიქრობ, რამდენი უნდა ვიმუშაო, რომ ოდესმე მისი გაოცება მოვახერხო. ამჯერად კი, უბრალოდ, ბედნიერი ვიყავი მასთან შეხვედრით.

ინგლისის ნაკრები
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეტოქეების თამაშების შედეგებზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ასე რომ, თუკი პროგრესი გვინდა, სჯობს, მთელი ყურადღება ჩვენს თამაშზე გადავიტანოთ. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელებმა თავიდან ბოლომდე გააანალიზეს ჩვენი ძირითადი მეტოქეების, ჩერნოგორიისა და უკრაინის თამაში. ეს სწორედ მათი საქმეა. ფეხბურთელებმა კი მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ გუნდურობას მოვუმატოთ, რაც დარჩენილ საკვალიფიკაციო შეხვედრებში ყველაზე მნიშვნელოვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როი ჰოჯსონი: გულდაწყვეტილი ვარ, ბრაზილიას ადრევე რომ ვერ გავუტანეთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული