ჟოზე მოურინიოს წარმატების საფუძველი - პორტუგალიელს ფინანსური "ფეარ პლეი" მოსწონს

AutoSharing Option
ფინანსური "ფეარ პლეის" წესებმა არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბების, არამედ მწვრთნელების მუშაობაზეც უზარმაზარი გავლენა იქონია. განსაკუთრებით, ეს სატრანსფერო პოლიტიკაზე ითქმის.

50 წლის ჟოზე მოურინიომ "ჩელსის" ოფიციალურ ვებგვერდს ამ თემაზე საკუთარი მოსაზრებები გააცნო და წარმატების მიღწევის ალტერნატიულ გზებზე ილაპარაკა.

- ახალი წესები კლუბებისგან მეტ მუშაობას ითხოვს, თუმცა, მეორე მხრივ, ის მოტივაციასაც გმატებს, რადგან სანამ ნაბიჯს გადადგამ, იქამდე უფრო მეტს იფიქრებ; გეცოდინება, რომ ყოველი შეცდომა შენს მომავალზე უარყოფითად აისახება.

მწვრთნელს უფრო მეტად მოუწევს კლუბის ფინანსებში გარკვევა და ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში პერსპექტივის დანახვა
- იქნება ეს მოთამაშის იჯარა თუ ახალგაზრდა თაობასთან მუშაობა. საბოლოო ჯამში, ეს გლობალურ ცვლილებებს გამოიწვევს.

ჩემს კოლეგებს მხოლოდ საკუთარ გუნდზე ფიქრი კი არა, მთლიანი სურათის აღქმა დასჭირდებათ. მწვრთნელისთვის ეს ახალი გამოწვევა იქნება. მე პირადად, წინასწარ ვტკბები ამ ყველაფრით.

სულაც არ მაღელვებს გამარჯვების შესაფერისი განსაზღვრებების ძებნა. მაწუხებს მხოლოდ ყოველი იმ სფეროს მუშაობის ხარისხი, რომელზეც გავლენას ვფლობ. სწორედ ეს არის გამარჯვების შინაარსი.

მახსოვს, "ჩელსიში" ლუიშ ფელიპე სკოლარის დანიშვნის შემდეგ მან თქვა, რომ არასოდეს უნახავს კლუბი, სადაც ანალიტიკური განყოფილება ასეთ დონეზე მუშაობს. ჩემი წასვლიდან მხოლოდ წელიწადი იყო გასული.

მაშინ ჩემს თანაშემწეებს ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს უდიდესი კომპლიმენტი იყო, იმის მიუხედავად, რომ სკოლარის ჩემი სახელი არც კი უხსენებია. მან ხომ ჩემ მიერ აწყობილი სისტემა და საქმისადმი მიდგომა შეაქო.

აი, ჩემი წარმატების საფუძველი.

ამ მხრივ, აუცილებელია სტაბილური გარემოს დაბრუნება. ყველაზე მეტად ეს ფეხბურთელებისთვის არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად, კლუბისთვისაც კარგი იქნება. სტაბილურობა ფინანსური "ფეარ პლეის" წესების ეპოქაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი იქნება.

სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი - ჩემი, კლუბის მესაკუთრისა და დირექტორატის. ეს უპირველესი მოთხოვნაა და თუ ამას მივაღწიეთ, მერე მოედანზე წარმატებები ბუნებრივად მოვა.

დღესდღეობით ყველანი ვთანხმდებით განვითარების ერთ კონკრეტულ გზაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: კლუბმა ან პრობლემატური ფეხბურთელი უნდა გაუშვას, ან მწვრთნელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული