ჰილ-ვუდების გვარს ჩრდილოლონდონელთა ისტორიაში ტრადიციულად დიდი ადგილი ეკავა. პიტერი მესამე თაობის წარმომადგენელი გახლდათ, ვინც კლუბს ერთგულად ემსახურებოდა. "არსენალის" პრეზიდენტები გახლდნენ სემუელ ჰილ-ვუდი (1929/36, 1946/49 წლებში) და დენის ჰილ-ვუდი (1962/82 წლებში).
შვილიშვილმა ინგლისური ფეხბურთის გრანდს საკუთარი ცხოვრების 31 წელიწადი მიუძღვნა და კლუბიდან წასვლა მხოლოდ მას მერე გადაწყვიტა, რაც რამდენიმე თვის წინ თამაშის მიმდინარეობისას
"მიუხედავად გარემოებებისა, ვგრძნობ, რომ კლუბიდან წასვლის დროა. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის მესაკუთრე სტენ კროენკეს "არსენალისადმი" ღირსეული დამოკიდებულებისთვის. ჩემი აზრით, სერ ჩიპს კესვიკი ზუსტად ის ადამიანია, ვისაც შეუძლია კლუბს მომავალი გამარჯვებებისკენ გაუძღვეს," – განაცხადა პრესკონფერენციაზე ყოფილმა პრეზიდენტმა.
ახალ მმართველს საფეხბურთო სამყაროში გამოუცდელი ნამდვილად არ ჰქვია. ის დიდი ხანია "არსენალის" დირექტორთა საბჭოს წევრია. კესვიკი ინგლისში ავტორიტეტულ ფინანსისტად ითვლება. სხვა თუ არაფერი, 8 წელიწადია, ის ცენტრალური ბანკის დირექტორია. კესვიკისა და აღმასრულებელი დირექტორის ივან გაზიდისის წინაშე კონკრეტული ამოცანებია დასახული: მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საფეხბურთო ასპექტებს და ბიზნესპროექტებთან დაკავშირებული მუშაობა გაძლიერდეს.
"ვწუხვარ, რომ მისტერ ჰილ-ვუდს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოუხდა უფლებამოსილებების დათმობა. იმედია, ის თანდათან უკეთ იგრძნობს თავს. ხაზი უნდა გაესვას, რომ სწორედ მისმა ოჯახმა იქონია ყველაზე დიდი გავლენა კლუბის განვითარებაზე და რაც კი "არსენალს" ტიტული აქვს მოგებული, დიდი უმრავლესობა მათი პრეზიდენტობის ხანაშია მოპოვებული," – განაცხადა კესვიკმა.
დაგეგმილი და ჩაშლილი ტრანსფერები
ამ ზაფხულს "არსენალთან" დაკავშირებული ყველაზე ხმაურიანი სატრანსფერო საქმე გონსალო იგუაინს ეხება. გუშინვე ვწერდით, რომ "მეთოფეები" "რეალიდან" 25 წლის არგენტინელის შეძენასთან ახლოს დგანან. გარდა შემდგარი ვარსკვლავებისა, არსენ ვენგერი საკუთარ სტილს არ ღალატობს და კიდევ ორი თინეიჯერის გადაბირებას გეგმავს. ლაპარაკია 17 წლის ხორვატ მცველ ტინ იედვაიზე და ლევანტელ რუბენ გარსიაზე.
იედვაი ზაგრების "დინამოში" თამაშობს და ასაკის მიუხედავად ხორვატიის ნაკრების კანდიდატად განიხილება. სამშობლოში მას უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს უწოდებენ.
იედვაიზე მხოლოდ ორი წლით უფროსია გარსია, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივარი მას ბევრად უკეთ იცნობს თუნდაც იმიტომ, რომ ის პრიმერა დივიზიონის "ლევანტეში" თამაშობს.
ვალენსიურ კლუბში თინეიჯერმა ესპანელმა მარცხენა გარემარბმა 2012/13-ის სეზონში 31 თამაში ჩაატარა (21 ძირითადში) და 4 გოლის გარდა 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბთან ხელშეკრულება მას 2016 წლამდე აკავშირებს, თუმცა სერიოზული დაინტერესების შემთხვევაში ფინანსურად შეჭირებული კლუბი ლიდერს ალბათ დაუფიქრებლად შეელევა. ესპანური პრესის ცნობით, თავად რუბენი მოვლენათა ამგვარი განვითარების წინააღმდეგი არ არის. "ლევანტე" ფეხბურთელს 8,5 მილიონ ევროდ აფასებს. ორივე ტრანსფერი რომელზეც ახლა მოგახსენეთ ისევ და ისევ სამომავლო პერსპექტივაზეა გათვლილი. ჩვენი აზრით, გულშემატკივართა დასამშვიდებლად კლუბს ჯერ შეპირებული ხმაურიანი გარიგებების გაჩარხვა ურჩევნია.
იედვაისა და გარსიასგან განსხვავებით "სუონსის" 28 წლის მცველი ეშლი უილიამსი დღესევე მზად არის უმაღლეს დონეზე სათამაშოდ, მაგრამ "სანის" ცნობით, უელსელის შესახებ კლუბებს შეთანხმება უჭირთ. "გედები" მოთამაშეს 10 მილიონს ფეხს არ უცვლიან, "მეთოფეებს" კი თანხა ძალიან ეძვირებათ. შესაბამისად, გარიგება სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"