პაულინიომ დაადასტურა - "ტოტენჰემი"

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების წევრ პაულინიოს ჯერჯერობით საკლუბო კარიერისთვის არ სცხელა. ამის მიუხედავად ბრაზილიური და ბრიტანული პრესა ერთხმად ამტკიცებს, რომ 24 წლის საყრდენის "ტოტენჰემში" გადასვლა ოფიციალურად მალევე დადასტურდება.

ინკოგნიტო წყაროები ირწმუნებიან, რომ "დეზების" ახალმა სპორტულმა დირექტორმა ფრანკო ბალდინიმ "კორინთიანსთან" პრაქტიკულად უკვე ყველაფერი შეათანხმა. ჩრდილოლონდონელებს "პენტაკამპეონების" ფეხბურთელის გადაბირება 17 მილიონი ფუნტი (19,84 მლნ ევრო) დაუჯდებათ. "დეილი მეილს" პაულინიოს სიტყვებიც მოჰყავს იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად ახლოს არიან მხარეები საბოლოო გარიგებასთან:

"ბრაზილიის ნაკრებისა და მისი გულშემატკივრებისათვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთელი ყურადღება კონფედერაციის თასზე
მქონდეს გადატანილი. ეს ასეც არის. აი, ტურნირის დასრულების შემდეგ კი, იმედი მაქვს, ჩემი ტრანსფერის საქმე მაქსიმალურად სწრაფად მოგვარდება. ინგლისში თამაში ჩემი ოცნებაა. ისეთ კლუბში ასპარეზობა კი, როგორიც "ტოტენჰემია", მხოლოდ საამაყოა. პატივს ვცემ იმ ამბიციურ გეგმებს, რომელთა განხორციელება კლუბმა უკვე წლებია დაიწყო. როცა ჩემმა აგენტმა მათი ინტერესის შესახებ გამანდო, ვიცოდი, რომ უარის თქმა ძალიან გამიჭირდებოდა".

ბრაზილიელს პლუს ესპანელი
goal.com-ის ცნობით, "ტოტენჰემმა" და "ბარსელონამ" 31 წლის დავიდ ვილიას ტრანსფერი შეათანხმეს. კატალონიური გრანდი გარიგების თანახმად 9 მილიონ ევროს მიიღებს. "ბლაუგრანამ" დავიდს დიდი ხნის წინ მისცა "დეზებთან" პირად ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების უფლება.

ასე რომ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ "უაით ჰართ ლეინზე" ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის გადასვლას მხოლოდ ფორმალობების მოგვარებაღა სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ვილია ლონდონში ბარსელონასთან შედარებით ნაკლებ ხელფასს, კვირაში 100 ათას ფუნტს მიიღებს. "კამპ ნოუზე" ნეიმარის გადასვლის შემდეგ ტიტო ვილანოვას გუნდში ვილიას ადგილი ნამდვილად აღარ იყო. მანაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ნიშნავს თუ არა ესპანელის შეძენა ემანუელ ადებაიორის წასვლას, ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

ჰოდლი ურჩევს
მიუხედავად იმისა, რომ გლენ ჰოდლს 7 წელიწადია მწვრთნელად არ უმუშავია, მისი ავტორიტეტი სამშობლოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. "ტოტენჰემისა", "ჩელსისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა "დეზების" მეგავარსკვლავ გარეთ ბეილს გუნდში, უკიდურეს შემთხვევაში კი პრემიერლიგაში დარჩენა ურჩია. მიზეზად კი პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა დაასახელა. აი, რა თქვა მან:

"თუკი გარეთი საბოლოოდ მაინც გადაწყვეტს წასვლას, მე მას ინგლისურ კლუბებს უფრო ვურჩევდი და ვიდრე "რეალს". პრემიერლიგაში ამწუთას მისი ყიდვა მხოლოდ "იუნაიტედსა" და "სიტის" შეუძლიათ. ის საკმაოდ ახალგაზრდაა და უცხოეთში თამაშს ამის შემდეგაც მოასწრებს, მაგრამ ამისთვის მზად უნდა იყოს. ბეილს ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგაში თამაშის ძალიან მწირი გამოცდილება უმაგრებს ზურგს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პაულინიო მილანის "ინტერს" და "ტოტენჰემს" სურთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული