"მანჩესტერ სიტი" - მარიო გომესის კიდევ ერთი ვარიანტი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ორი თავდამსხმელი გაყიდა.

ჯერ იყო და იანვარში "მილანს" მიაშურა მარიო ბალოტელიმ, რამდენიმე დღის წინ კი "იუვენტუსში" განაგრძო კარიერა კარლოს ტევესმა. კლუბი მათ შემცვლელს გამალებით ეძებს. პრემიერლიგის ექსჩემპიონი პარალელურად რამდენიმე კანდიდატურაზე მუშაობს. არგენტინელის ერთ-ერთი ყველაზე რეალური შემცვლელი "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების 27 წლის შემტევი მარიო გომესია.

"სუპერმარიოს" 2012/13 წლების სეზონის სტარტზე სერიოზული პრობლემები შეექმნა, ტრავმა მიიღო და იუპ ჰაინკესის გუნდს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა, როცა "რეკორდმაისტერი" მარიო მანჯუკიჩის გარშემო შესანიშნავად იყო აწყობილი. მართალია, შეზღუდული სათამაშო დროის
მიუხედავად გომესმა 19 გოლი მაინც გაიტანა, თუმცა ძირითადის ფეხბურთელად მაინც ხორვატი ფორვარდი მიიჩნეოდა. "უემბლიზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალმა ეს თვალნათლივ დაადასტურა.

ცხადია, გომესი მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე სათადარიგო მოთამაშის როლთან შეგუებას არ გეგმავს. "ბაიერნიდან" მის წასვლაზე ხმები სწორედ ამიტომ აგორდა. მარიოს გადაბირება "ქალაქელებს" 30 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ვნახოთ, რა პასუხს გასცემს ევროპის საკლუბო ჩემპიონების ახალი თავკაცი პეპ გვარდიოლა "სიტის" შეთავაზებას. ესპანელის ხელმძღვანელობით გუნდმა წინასასეზონო მზადება უკვე დაიწყო. ჩვენი აზრით, გომესთან გამოთხოვების შემთხვევაში "ბაიერნს" ახალი თავდამსხმელი თავადაც დასჭირდება. მარიოს გარდა ხომ გუნდს განაცხადში მანჯუკიჩი და კლაუდიო პისარო რჩება.

თავდამსხმელის გარდა "სიტის" მეორე მეკარის ყიდვაც სჭირდება, რადგან "ეტიჰადიდან" წასვლას გეგმავს რუმინეთის ნაკრების 26 წლის კარის დარაჯი კოსტას პანტილიმონი. "სიტიში" პირველი მეკარის პოზიცია ეჭვს არ იწვევს. უახლოესი წლების განმავლობაში ჯო ჰარტს ძნელად რომ ვინმემ გაუწიოს კონკურენცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარიო გომესმა "ფიორენტინასთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული