"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური გადამყვანი რუსული "აეროფლოტი" იქნება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა რუსულ "აეროფლოტთან" ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, სწორედ უკანასკნელი ხდება ინგლისის ჩემპიონთა ოფიციალური გადამყვანი.

მოვლენის აღსანიშნავად 8 ივლისს "ოლდ ტრეფორდის" ოფისში სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც რუსული მხრიდან გენერალური დირექტორი ვიტალი საველიევი, ინგლისელთა მხრიდან კი კომერციული დირექტორი რიჩარდ არნოლდი, მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი და ფეხბურთელები დაესწრნენ.

"მოხარულები ვართ, რომ კლუბის სპონსორთა გრძელი სია "აეროფლოტმა" შეავსო. "იუნაიტედისთვის" ეს რუსულ საქმიან წრეებთან ურთიერთობის პირველი შემთხვევაა. ამ ქვეყანაში ბაზარი ჩვენ მიერ ჯერ კიდევ აუთვისებელია, არადა, ცხადია, რომ ის
მზარდი სივრცეა და უზარმაზარ პოტენციალს ფლობს.

ჩვენი გათვლებით ხომ რუსეთში დაახლოებით 18 მილიონი გულშემატკივარი გვყავს",
- განაცხადა არნოლდმა.

ირკვევა, რომ შეთანხმებას ჯერ კიდევ 1-ელ ივლისს მოეწერა ხელი, მაგრამ მხარეები მას რატომღაც აქამდე ასაიდუმლოებდნენ. ინფორმაცია, თუ რა თანხას მიიღებს "მანჩესტერ იუნაიტედი" ხელშეკრულების წყალობით, დახურულია.

გაზაფხულზე, როცა პირველად აგორდა ხმები მსგავსი კონტრაქტის შესაძლო გაფორმებაზე, "სანი" მაშინ 100 მილიონ ფუნტს ასახელებდა.

"აეროფლოტი" საფეხბურთო კლუბს კონსულტაციებს გაუწევს გუნდის ტრანსპორტირების საკითხებში და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ფეხბურთელებს ჩარტერული რეისებით მსოფლიოს სხვადასხვა შორეულ წერტილში გადააფრენს.

კომპანიის კუთვნილი ერთ-ერთი ლაინერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფერებში შეიღებება. "აეროფლოტს" მსგავსი ხელშეკრულება მოსკოვის ცსკა-სთანაც აკავშირებს. "იუნაიტედის" ოფიციალური გადამყვანი აქამდე "თურქიშ ეარლაინზი" იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედი": დევიდ მოიესის პრიორიტეტები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული