"მანჩესტერ იუნაიტედი": ბრწყინვალე კლასი-92

AutoSharing Option
ისინი 21 წლის წინ გერმანიაში ჩრდილოეთ რაიონის ქალაქ ენეპეტალში სეირნობდნენ. სახელგანთქმული "92-ის კლასი" მომავალი ბრწყინვალე წარმატებების ზღვარზე იდგა.

დიახ, მათ წინ მთელი ჰორიზონტი ჰქონდათ გადაშლილი. ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის ყველაზე წარმატებული გამოშვება ქალაქის ცენტრში რესტორანში იჯდა, საჭმელს მიირთმევდა და სვამდა. ბიჭებს ჯინსები, მაისურები, პერანგები და სპორტული ფეხსაცმელი ემოსათ და არაფრით განსხვავდებოდნენ ქალაქში მოსეირნე სხვა თანატოლებისგან. არ განსხვავდებოდნენ იქამდე, ვიდრე სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს არ შეუერთდნენ და ყველაფრის მომგები "მანჩესტერ იუნაიტედის" ხერხემლად არ გადაიქცნენ, გუნდისა, რომელმაც 1999 წელს ტრებლი მოიგო.

დავუბრუნდეთ 1992
წლის გერმანიას. ბიჭების უმრავლესობა 16 წლისა იყო და საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირში "წითელი ეშმაკების" ღირსებას იცავდა. ისინი ასოციაციის თასის იუნიორთა გათამაშების გამარჯვებულები იყვნენ. ერთი თვის წინ ორრაუნდიან დაპირისპირებაში მათ "კრისტალ პალასი" ჰყავდათ დამარცხებული.

მათ შორის არ იყვნენ რაიან გიგზი, ვინც უკვე პირველ გუნდში იყო გადაყვანილი და ფილ ნევილი, რომელმაც მოგვიანებით თავადაც იმარჯვა ასოციაციის თასზე იუნიორთა შორის. შემადგენლობაში იყვნენ დევიდ ბექჰემი, გარი ნევილი, პოლ სქოულზი და ნიკი ბატი. მათი დახმარებით "ეშმაკებმა" ტურნირის ფინალში გააღწიეს, სადაც "ლევერკუზენთან" 1:0 დამარცხდნენ. ეს "იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდისთვის უიშვიათესი შემთხვევა გახლდათ, გუნდისთვის, რომელიც "ბასბის ბიჭების" ეპოქის შემდეგ ყველაზე ნიჭიერად ითვლებოდა. არადა, ამ ორ ეპოქას თითქმის 4000 ოფიციალური თამაში და 100-მდე ტიტული აშორებდა ერთმანეთს.

გიგზი, ფილ ნევილი და ბატი უკვე შეუერთდნენ "მანჩესტერ იუნაიტედში" დევიდ მოიესის სამწვრთნელო შტაბს. ბატი აქამდეც მუშაობდა სარეზერვო გუნდში უორენ ჯოისის თანაშემწედ. გიგზი კი, გარდა მწვრთნელობისა, ერთი წლის განმავლობაში მოქმედი ფეხბურთელიც იქნება. ფილ ნევილმა დევიდთან "ევერტონში" 8 წელიწადი გაატარა, მაისში კი ფეხბურთიდან წავიდა და შოტლანდიელმა მას ხელახლა უხმო თავისთან.

გარი ნევილი SKY TV-ზე საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, პარალელურად კი ინგლისის ნაკრებში როი ჰოჯსონის ასისტენტია. ბექჰემი "პარი სერ-ჟერმენში" კარიერის დასრულების შემდეგ ჯერ კიდევ ელოდება საინტერესო შეთავაზებას. "იუნაიტედის" მწვრთნელად მუშაობის შანსი სქოულზსაც მიეცა, მაგრამ მოიესის განცხადებით, მას ამ ეტაპზე ოჯახთან ურჩევნია დროის გატარება.

20 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ისინი "იუნაიტედის" ფეხბურთელობაზე მხოლოდ ოცნებობდნენ, მაგრამ დღემდე არ გაჰქრობიათ ერთმანეთის ნახვის სურვილი. ერთადერთი, ვინც ამ კამპანიას ნამდვილად აკლდა, ახალგაზრდულ გუნდში მათი ყოფილი დამრიგებელი ერიკ ჰარისია:

- ძალიან კარგია მათი კიდევ ერთხელ ერთად ხილვა. ისინი ნამდვილად საუკეთესო ფეხბურთელები არიან, რომელიც კი ოდესმე მყოლია. 10 წელი გავატარე "ევერტონში" და ჩემს ხელში უამრავ ნიჭიერ ფეხბურთელს გაუვლია.

"იუნაიტედში" გატარებულ პირველ წლებში კი მარკ ჰიუზთან და ნორმან უაიტსაიდთან მიმუშავია, მაგრამ როგორც ჯგუფი, ეს ბიჭები საუკეთესოები, ფანტასტიკურები იყვნენ. ყველაზე მთავარი, რაც თითოეულ მათგანს ამოძრავებდა, ეს იყო სურვილი, გამხდარიყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი და ისინი ძალიან ბევრს შრომობდნენ თავიანთი ოცნების ასასრულებლად. დროდადრო ჩვეულებრივ ბიჭებს ემსგავსებოდნენ, ხუმრობდნენ, გარშემო ყველაფერს ურევდნენ, თუმცა მაინც ფანტასტიკურ მოთამაშეებად რჩებოდნენ. ჩვეულებრივი საწვრთნელი სესიების გარდა, ყოველთვის ბრუნდებოდნენ ბაზაზე, რათა დამატებით ევარჯიშათ.

ასაკით პატარა ბიჭებს სამშაბათს და ხუთშაბათს ვწვრთნიდი, ისინი მოედანზე ჩვენთან ერთად გამოდიოდნენ. ვიცოდი, რომ სერ ალექსს არ უყვარდა, როცა ახალგაზრდები მეტისმეტად იტვირთავდნენ თავს. ამიტომ მას არაფერს ვეუბნებოდი. არ მინდოდა, მათში ეს განწყობა ჩამეხშო. როცა გუნდიდან მივდიოდი, ბოსს ყველაფერი ვუთხარი, მიპასუხა, კარგია, მაგრამ აქამდეც ყველაფერი ვიცოდიო. არც მას უნდოდა ბიჭების სურვილის წინააღმდეგ წასვლა.

მამაჩემი თავის დროზე "იუნაიტედის" გულშემატკივარი იყო. ოდესღაც ის ჰალიფაქსში გადავიდა სამუშაოდ, ქალაქში, სადაც დავიბადე მე. ჩემი ორი საფეხბურთო სიყვარული სწორედ "ჰალიფაქს თაუნი" და "იუნაიტედი" იყო. მასავით მოჯადოებული ვიყავი "წითლებით". სერ ალექსმა გუნდის განახლება განიზრახა ზუსტად ისე, როგორც ეს ბასბიმ თავის დროზე. ეჭვი მეპარებოდა, რეალურად შესაძლებელი იყო თუ არა ამის გაკეთება.

არ ვამტკიცებ, რომ "კლასი 92" ისეთივე ძლიერი იყო, როგორც "ბასბის ბიჭები", მაგრამ მათ ბევრით ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდნენ. მეგობრობის გატანის უნარი, რაც თითოეულ მათგანს ჰქონდა, დიდად დაეხმარა საფეხბურთო მინდვრებზე. ისინი მუდამ ასეთები იქნებიან, ერთმანეთზე ყოველთვის იზრუნებენ.

დარწმუნებული ვარ, რომ დევიდ მოიესმა ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა, როცა გიგზი თავის შტაბში დაასაქმა და ფილ ნევილი დააბრუნა. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს სქოულზიც აუცილებლად დაბრუნდება. დევიდს ისინი სერიოზულად დაეხმარებიან. თუნდაც მათი გამოცდილება გაითვალისწინეთ. მარტო გიგზს ათასზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. ამ ყოველივეს შემდეგ თუკი ვერაფერი ისწავლე, სულელი უნდა იყო
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დევიდ ბექჰემი, პოლ სქოულზი, ნიკი ბატი, რაიან გიგზი, ძმები ნევილები - ისევ ერთად
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული