დევიდ მოიესის 100 მილიონი ფუნტი ტრანსფერებისთვის

AutoSharing Option
"თაიმსმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო საქმიანობაზე საინტერესო მასალა შემოგვთავაზა.

გამოცემა ამტკიცებს, რომ "ეშმაკების" შოტლანდიელ თავკაცს შემადგენლობის გასაძლიერებლად 100 მილიონი ფუნტი უჭირავს ხელში. კლუბი რომ მხოლოდ ტოპ-კლასის ფეხბურთელების შესაძენად მუშაობს, დიდი ხანია ვიცით, თუმცა რამდენად მზად არის ამხელა თანხის გადასახდელად, "იუნაიტედს" ხომ ეს ფული საკუთარი მძიმე შრომით აქვს ნაშოვნი და არა მდიდარი მეპატრონის მიერ არის ნაწყალობევი?

დევიდ მოიესს შეუძლია, "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში საკუთარი სახელი უახლოეს მომავალში ჩაწეროს. მას ამისთვის დაახლოებით 100 მილიონი ექნება სატრანსფერო ფონდში. ინგლისის ჩემპიონთა ახალი დამრიგებელი ადასტურებს, რომ მასზე
გავლენას ახდენს სერ ალექს ფერგიუსონის მემკვიდრეობა, თუმცა კლუბის ამერიკელი მესაკუთრეების მხრიდან მას მაინც სრული მხარდაჭერა აქვს და ამის ხაზგასასმელად ისინი მზად არიან, ბრიტანეთისთვის რეკორდულ გარიგებაზე წავიდნენ და "ტოტენჰემის" უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი შეიძინონ.

ორიოდე დღის წინ "იუნაიტედმა" დაადასტურა, რომ სესკ ფაბრეგასის თაობაზე "ბარსელონას" მეორედ მიმართეს ოფიციალური წინადადებით. შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, ამ ზაფხულს კლუბმა შეიძლება მინიმუმ ორი ახალი ფეხბურთელი შეიძინოს:

"ახალი ეპოქა იწყება და ვალდებული ვარ, რომ ჩემი ისტორია თავად დავწერო. რა თქმა უნდა, გავითვალისწინებ ჩემი დიდი წინამორბედების - მეტ ბასბისა და ალექს ფერგიუსონის გამოცდილებას. თითოეული მათგანის ხანა წარმოუდგენლად მდიდარი იყო, იმდენად, რომ ფილმის გადაღებაც კი შეიძლება. თუმცა ახლა ის დროა, დავამტკიცო, რომ ჩემი დრო მოვიდა. გულშემატკივრებს სალაპარაკო და ბედნიერების საფუძველი უნდა მივცეთ".

ლედლი კინგი: კარგი ბიჭი მხრებზე თავით
"ტოტენჰემის" ლეგენდარული კაპიტანი, 32 წლის ლედლი კინგი ("დეზებში" 1999/2012 წლებში თამაშობდა), ვინც აქტიური სპორტიდან ქრონიკული ტრავმების გამო წავიდა, დარწმუნებულია, რომ გარეთ ბეილის ყიდვა არც ერთ კლუბს არ გამოუვა. ამის მიზეზად ის თავად უელსელ ვარსკვლავს ასახელებს. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველის შეძენას, "იუნაიტედის" გარდა, "რეალი" ცდილობს. აი, რას ამბობს კინგი:

- გარეთ ბეილმა შარშან ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. ეს უზარმაზარი საძირკველი იყო ჩვენი მომავალი წარმატებებისთვის და ფეხბურთელმა ეს თავადაც მშვენივრად უწყის. ველოდებით, რომ ის მომდევნო სეზონშიც ასეთივე ბრწყინვალე იქნება. ვიცი, რომ გარეთი ბედნიერია. შვებულებიდან ის შესანიშნავ განწყობაზე მყოფი დაგვიბრუნდა. ვფიქრობ, რომ მისი დონის ფეხბურთელი უნდა შეეჩვიოს, რომ მის მომავალზე ყოველთვის გავრცელდება უამრავი ჭორი. ეს გარდაუვალია.

ბეილი კარგი ბიჭია, რომელსაც მხრებზე ცარიელი თავი ნაღდად არ ადევს. მან იცის, რომ უმთავრესი საქმეზე კონცენტრაციაა. აი, დანარჩენი კი, დროთა განმავლობაში ყველაფერი იქნება
.

P.S. დღის ბოლოს "მარკამ" სენსაციური ცნობა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მადრიდის "რეალი" გარეთ ბეილს პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" ბეილისთვის ბრძოლაში აუტსაიდერს ხდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დევიდ მოიესი: სესკ ფაბრეგასის ყიდვა ჩემი მთავარი მისიაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული