ნიჭი და თავისუფლება ჟოზე მოურინიოს სამყაროში

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო 6-წლიანი განშორების შემდეგ "ჩელსის" დაუბრუნდა და მის განკარგულებაში მყოფი ნიჭიერი ფეხბურთელებისგან ძლიერი გუნდის აშენებას ცდილობს.

პორტუგალიელი საკუთარ დამოკიდებულებასა და მოთხოვნებს დეტალურად გვიხსნის ტექნიკური და შემოქმედებითი მოთამაშეების მიმართ. ისეთების, რომელთაც ერთი ფინტით, ზუსტი დარტყმით ან პასით შეუძლიათ წარუმატებელი თამაშის რადიკალურად შემობრუნება. ასეთი კატეგორიის შეგირდები კი მის გუნდში ყოველთვის იყვნენ. მასალა "ჩელსის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჯო კოული
ჯო კოული მოურინიოს ძველ "ჩელსიში" ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი გახლდათ. ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ "ინგლისური ფეხბურთის ოქროს ბიჭუნა" სწორედ დასავლეთლონდონელთა რიგებში აჩვენებდა საუკეთესო ფეხბურთს. თავის
მხრივ კოულიც კმაყოფილი იყო და ყოფილ მწვრთნელზე ჟურნალისტებთან დღემდე მხოლოდ დადებით კონტექსტში ლაპარაკობს.

- კოულის თამაშის ყურება ერთი სიამოვნება გახლდათ. ამიტომაც იყო, რომ მასზე ამბობდნენ, პრემიერლიგის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელიაო. ჯოს ცხოვრება მე გავართულე, როცა მის ტრანსფორმაციას შევეცადე და მან მიიღო ეს სიახლე. მასში შევცვალეთ ის, რასაც ჩვეულებრივ ათი ნომრის პოზიციას ვუწოდებთ.

იმის ნაცვლად, რომ თამაშში 2-3 მომენტი შეექმნა, ვაქციეთ ნახევარმცველად, რომელიც უტევდა ფლანგებიდან და დაცვაშიც ეფექტური იყო. ის იქამდეც ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ რაც მისგან გამოვძერწეთ, იმით უფრო კმაყოფილი დავრჩი.

მე არ შევდივარ იმ კატეგორიის მწვრთნელთა სიაში, რომელიც ნიჭიერ ფეხბურთელს ანებივრებს. თუკი ის ასეთია, მან უფრო მეტი უნდა გაიღოს გუნდისთვის, თუკი მოთამაშე დიადია, მას უფლება არ აქვს, რომ წვრილმანებით დაკმაყოფილდეს.

აზარი-მატა
მოურინიო დღევანდელობაზეც მსჯელობს. მისი თქმით, ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები "ჩელსიში" ედენ აზარი და ხუან მატა იყვნენ:

- აზარი ტალანტია და ეს ყველამ იცის. მას თავისი ნიჭის შთამბეჭდავ სტატისტიკაში გამოხატვა მართებს, რადგან ფეხბურთი ეს ციფრებია. მან საკუთარი პოტენციალი საგოლე გადაცემებში, გამარჯვებისა და, რაც მთავარია, გადამწყვეტ შეხვედრებში გატანილ ბურთებში უნდა გამოიყენოს. მზად ვარ, მას ამაში დავეხმარო, მაგრამ ამისთვის ის თავადაც უნდა იყოს მზად.

რაც შეეხება მატას: მოურინიო მისი ნიჭის დამფასებელია. პორტუგალიელი აღიარებს "ჩელსიში" 25 წლის ესპანელის მიერ გაწეულ უზარმაზარ სამუშაოს.

- "ჩელსიში" ორი ჯილდო გაიცემა. წლის ფეხბურთელი გულშემატკივართა და ფეხბურთელთა ვერსიებით. ეს უკანასკნელი ჩემი დაწესებულია. ორი ჯილდო იმიტომ, რომ გულშემატკივარსაც და მოთამაშეებსაც თავიანთი პოზიცია გააჩნიათ. თავის დროზე წლის ფეხბურთელად მე კლოდ მაკელელეს დასახელება მინდოდა. შარშან ორივე ჯილდო ხუან მატამ მიიღო. ცხადია, მასთან დაკავშირებითაც მაქვს გეგმები. ვვარაუდობ, სად და როგორ შეუძლია მას უკეთ ნიჭის გამოვლენა. სად უფრო გაუჭირდება.

ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საუკეთესო ფეხბურთის დემონსტრირებაში დავეხმაროთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა რთული პერიოდი დაუდგება. მომწონს, როცა მემარჯვენეებს მარცხნივ თამაში შეუძლიათ და პირიქით.

ასეთ ფეხბურთელებთან ხშირად მიმუშავია. მაგალითად, რობენთან, დაფთან, პანდევთან, დი მარიასთან და იოზილთან. აზიურ ტურნეში ანალოგიური ექსპერიმენტი ჩავატარე ბერტრან ტრაორეს შემთხვევაშიც. მარცხნივ ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს. თუნდაც აზარი, მოზესი, დე ბრუინი, მარჯვნივ თამაში კი მხოლოდ მატას შეუძლია. ის თავისუფლად მოახერხებს თავდამსხმელების უკან ეფექტურად გარჯასაც. ამ ორ პოზიციაზე მას გუნდისთვის უზარმაზარი სარგებლის მოტანა შეუძლია.


დასკვნა
- თუკი ფეხბურთელს აქვს პოტენციალი, მან ის უნდა გამოიყენოს. თუკი მას კონკრეტული მიზანი ამოძრავებს, გაიტანოს ან მომენტი შექმნას, მან ეს უნდა გააკეთოს. თუკი ამ დროს ბურთს კარგავს, საშიში არაფერია, მაგრამ როდესაც ამ შემთხვევაში დაცვაში არ ჩამოდის და გუნდი გოლს უშვებს, ეს უკვე პრობლემაა. თუმცა ასეთ ფეხბურთელებს ყოველთვის შეუძლიათ თამაშის ხასიათის შეცვლა.

არასოდეს არავის ვეუბნები, შენ შეგიძლია ამის და ამის გაკეთება-თქო, რადგან შენ შეგიძლია ყველაფრის გაკეთება, როცა სხვაზე ნიჭიერი ხარ. ჰოდა, ადექი და გაიტანე, მომენტი შექმენი. ჩემს გუნდში ყოველთვის თავდაჯერებულად იგრძნობ თავს და ყოველთვის გექნება თავისუფლება, შეეცდები დრიბლინგის ხარჯზე მეტოქეთა ჩამოშორებას, კართან მიახლოებას. ასეთი მოთამაშეები მე ყველგან მყავდა, კოული, რობენი, დაფი, რონალდო, დი მარია, იოზილი. მათ მუდამ ვუმეორებდი, თუკი გამორჩეული ხარ, ადექი და დამიმტკიცე-თქო
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიოს ფერისცვალება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული