"მანჩესტერ სიტი" ისევ "ფიოტენტინას" მიადგა

AutoSharing Option
ამ დღეებში "დეილი ექსპრესი" "ფიორენტინას" თავდამსხმელით, 21 წლის ადემ ლიაიჩით "მანჩესტერ სიტის" დაინტერესებაზე წერდა. მოგეხსენებათ, "ქალაქელებმა" "ვიოლას" დიდი ხანი არ არის გასული, რაც სტევან იოვეტიჩიც წაართვეს.

სერბს მოქმედი კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულზე უმთავრდება და ჯერჯერობით ახალზე ხელმოწერას სასიკეთო პირი არ უჩანს. ფლორენციელთა სპორტულ დირექტორ დანილ პრადეს უკვე ეჭვი ეპარება, რომ ამ საქმისგან რამე გამოვა.

"ლიაიჩის აგენტისა და ჩვენი შეხვედრა ნამდვილად დაგეგმილია, მაგრამ სიმართლე ითქვას გუნდში მხოლოდ ისეთი მოთამაშეები გვჭირდება, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენთან თამაშით," - აცხადებს პრადე. თუკი სიტუაცია არ
შეიცვალა,

"ფიორენტინა" იძულებული გახდება კიდევ ერთ წამყვან ფეხბურთელს შეელიოს. ლიაიჩის შეძენას ცდილობს "მილანიც", თუმცა გუშინდელი იტალიური პრესა ამტკიცებდა, რომ ფეხბურთელმა "როსონერის" მოლაპარაკებებზე უარი უთხრა.

სინკლერი ალბათ წავა
"მანჩესტერ სიტის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი მარკ ჰიუზი დაუკავშირდა და სკოტ სინკლერის ტრანსფერზე მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. მოგეხსენებათ, უელსელი სპეციალისტი "სტოკ სიტიში" 2012/13 წლების სეზონის დასრულებისთანავე დაინიშნა. "მეთიხეთა" გარდა 24 წლის ნიჭიერი ინგლისელის გადაბირება სურთ "ევერტონს", "ნიუკასლსა" და "ვესტ ბრომვიჩს", ასევე "სუონსის", სადაც სკოტმა 2010/12 წლები გაატარა და სახელი მოიხვეჭა. სინკლერის შეძენა მსურველს 6 მილიონი ფუნტი დაუჯდება, იმდენივე, რაც მასში "სიტიმ" გადაიხადა.
ლეგენდა დაფასდება

19 ივლისს "მანჩესტერ სიტის" ლეგენდარული მეკარე ბერტ ტრაუტმანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 89 წლისა გარდაიცვალა. ორიოდე დღის წინ "ქალაქელების" გულშემატკივართა მოზრდილმა ჯგუფმა კლუბის ხელმძღვანელობას წერილი მისწერა, სადაც "ეტიჰადის" ერთ-ერთი ტრიბუნისთვის ღვაწლმოსილი გერმანელის სახელის მინიჭება მოითხოვეს. "სიტის" ვებგვერდის ინფორმაციით, ინიციატივამ დიდი მოწონება დაიმსახურა და ახალ სეზონში გუნდის პირველივე საშინაო შეხვედრაზე ეს ოფიციალურად დამტკიცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რას აპირებს ადემ ლიაიჩი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული