ინტერვიუ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაც დევიდ მოიესთან

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ბრიტანეთის სპორტული პრესის ასოციაციას მისცა ინტერვიუ. მასალა "ეშმაკების" ფანკლუბის ვებგვერდებზეც გავრცელდა. ჩავთვალეთ, რომ შოტლანდიელის მოსაზრებების გაცნობა არც "ლელოს" მკითხველისთვის უნდა იყოს უინტერესო.

- გარი ნევილის აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად თქვენი დანიშვნა რაციონალური აზრის გამარჯვება იყო. თქვენც ასე ფიქრობთ?
- იმედი მაქვს, რომ ახლა უფრო მეტ ჩემს თანამემამულე სპეციალისტს სჯერა, რომ აქვს შანსი, დიდ კლუბებში დასაქმდეს. უკანასკნელ წლებში ხომ ბრიტანელ მწვრთნელებს ნაკლებად ენდობოდნენ. მე ამ მიზნისკენ დიდხანს მივდიოდი. "ევერტონის" მთავარ მწვრთნელად 11 წელიწადი ვიმუშავე.

იქამდე კი "პრესტონი" პირველ დივიზიონში გადავიყვანე. იმისთვის, რომ დღევანდელი ავტორიტეტი მომეპოვებინა, აღიარება მჭირდებოდა. სამწვრთნელო კვალიფიკაციის ასამაღლებლად უცხოეთში კონფერენციებსა და სემინარებზე დავდიოდი ხშირად.

სამწუხაროდ, გრანდების ხელმძღვანელთა ნაწილი ორიოდე წარმატებული სეზონის შემდეგ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებს მწვრთნელებთან დაკავშირებით და მათ მეტისმეტ ტვირთს ჰკიდებს ზურგზე. ჩემი გზა ამისგან განსხვავებული იყო. ამიტომ მიმაჩნია, რომ "იუნაიტედმა" ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.

ამ კლუბში მწვრთნელებს ყოველთვის განსაკუთრებულად არჩევდნენ. უპირატესობას ანიჭებდნენ სტაბილურობასა და ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილ გეგმებს. ჩემთვის ამიტომაც იყო განსაკუთრებული პატივი, როცა "იუნაიტედმა" მუშაობა შემომთავაზა.

- "იუნაიტედი" ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ პერსონალს განსაკუთრებულად ერთგულად ედგა მხარში. ბრიტანელი მწვრთნელები ალბათ სულმოუთქმელად ელოდებიან თქვენს წარმატებებს, რათა ამის შემდეგ მათაც მიეცეთ შანსი...
- უცხოელ მწვრთნელებს შესანიშნავი შედეგები აქვთ პრემიერლიგაში. მაგალითად - არსენ ვენგერს "არსენალში", რაფა ბენიტესს - "ლივერპულსა" და შარშან "ჩელსიში", მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელებს მხოლოდ რამდენიმე თვე წვრთნიდა; ჟოზე მოურინიოს - იმავე "ჩელსიში". პრემიერლიგაში ადრეც და ახლაც მუშაობენ ძალიან ძლიერი უცხოელი მწვრთნელები და მთლიანობაში, ჩვენი ფეხბურთი ამისგან მხოლოდ იგებს.

არც იმის თქმა შეიძლება, რომ ისინი ჩვენებზე რაიმეთი უკეთესები არიან. კარგი იქნებოდა, ჩვენს მწვრთნელებსაც რომ ჰქონდეთ მუშაობის საშუალება, მაგალითად, პორტუგალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. ფეხბურთის განვითარებისთვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

- "დანფერმლაინში" თამაშისას საშუალება მოგეცემოდათ თუ არა, უცხოეთში მიდიოდით ფეხბურთის თამაშებზე დასაწრებად. უკვე აქედან გეგმავდით მწვრთნელობას?
- ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება ფეხბურთთან იქნებოდა დაკავშირებული, თუმცა ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ დონეზე მომიწევდა მუშაობა. მართლა ძალიან ბევრს ვმუშაობდი. საფრანგეთში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ნაკრებებს ვთხოვდი დახმარებას, რომ ვარჯიშებზე დასწრების ნება მოეცათ. ლამის ყველას ცალკე მივწერე. მხოლოდ შოტლანდიის თავკაცმა კრეიგ ბრაუნმა გამცა პასუხი.

რამდენიმე თამაშს კი დავესწარი, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო საკმარისი. ვიქირავე მანქანა, რომლის ფული ფეხბურთელთა ასოციაციამ მომცა. დავდიოდი ქალაქებში, რამდენიმე ღამე ავტომობილში გავათენე, თუმცა მთავარს მივაღწიე, ცოდნა და გამოცდილება შევიძინე.

მარტივად კი შეიძლებოდა თამაშების ტელევიზორში ყურება, თუმცა მინდოდა, ბედი მეცადა და მეტი ამეთვისებინა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ სხვებისთვის თვალყური უნდა მედევნებინა და ისე მესწავლა, რათა უკეთესი გავმხდარიყავი. დღემდე ასე ვიქცევი. კოლეგების მუშაობას ყოველთვის თვალს ვადევნებ. მაგალითად, ერთხელ კიდესთან მდგარი ანჩელოტის "მილანის" საწვრთნელ პროცესს ვადევნებდი თვალს. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კარლეტო შემნიშნავდა.

წლების შემდეგ, როცა "გუდისონ პარკზე" ანჩელოტის "ჩელსის" მოვუგე, რის შემდეგაც ის პოსტიდან დაითხოვეს, დერეფანში დამინახა, მომიახლოვდა და ღიმილით მითხრა, ახლა უკვე მე ვარ უმუშევარი და ჩემი ჯერია, შენს ვარჯიშებს დავესწროო. ჩემთვის ეს უზარმაზარი კომპლიმენტი იყო.

- ამბობენ, რომ ვარჯიშებზე ყველაზე დიდი ენთუზიასტი ყოველთვის თქვენ ხართ და ფეხბურთელებზე ეს გადამდებად მოქმედებს...
- ვცდილობ, რომ სავარჯიშო პროცესი მაქსიმალურად დავუახლოვო სათამაშოს. ჩემი სტილი თვალშისაცემად შეიცვალა. სამუშაო მეთოდები უკვე აღარ არის ის, რაც 15 წლის წინ იყო. ის მუდმივად იხვეწება. ბუნებრივიც არის, როცა იცვლება ფეხბურთელების კლასი, ვისთან მუშაობაც გიწევს. ანუ მოთამაშეებს განსხვავებული დავალებები უნდა მისცე შესასრულებლად. იმედია, ამ მხრივ ჩემი პროგრესი არასოდეს შეწყდება.

- და რამე საერთო თუ არის ქვედა ლიგის გუნდებსა და "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობას შორის?
- არსებობს გარკვეული სტანდარტი, რაც ნებისმიერ დონეზე აუცილებელია. მაგალითად, დისციპლინა, პუნქტუალობა, საწვრთნელი პროცესის ტემპი.

- რა დრო დაგჭირდებათ ფეხბურთელების ბოლომდე გასაცნობად?
- ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე მჭირდება, ეს არის დრო. იმედს ვიტოვებ, რომ ფეხბურთელები გვერდში დამიდგებიან და ერთად ვივლით მიზნებისკენ.

- თქვენი სჯერათ? მოიესს ხომ ხშირად განიხილავენ, თუნდაც სატრანსფერო ბაზარზე პასიურობის გამო...
- იდეალური ვარიანტია, როცა ახალ მწვრთნელს ახალი ფეხბურთელები მალევე მოჰყავს. რიგი მიზეზების გამო ეს აქამდე შეუძლებელი იყო, თუმცა მაინც მგონია, რომ ახალწვეულები აუცილებლად გვეყოლება. ხალხი ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებს და ადამიანების გასამართლებას ითხოვს. თამაშს იგებ? გულშემატკივარს უყვარხარ, წააგებ და შენს ლანძღვას იწყებს.

იმედი მაქვს, გულშემატკივარი მალე მიხვდება, საით გვაქვს აღებული ორიენტირი და რის მიღწევას ვგეგმავთ. ამის გაკეთება არც ისე იოლი იქნება. რაღაც თვალსაზრისით, ჩვენ მხოლოდ ახალი სეზონის კი არა, მომდევნო წლებისთვისაც ვემზადებით, რადგან "იუნაიტედი" ის კლუბია, სადაც ყოველთვის ფიქრობენ სამომავლო გეგმებზე. თვალს ვადევნებთ ფეხბურთელებს, რომელთა შეძენასაც რამდენიმე წელში ვიმედოვნებთ და არა მხოლოდ ხვალ და ზეგ ვგეგმავთ გადაბირებას. მომავალ წელი ალბათ უფრო იოლი იქნება, რადგან გარკვეულ გამოცდილებას შევიძენ.

- "ევერტონში" ბიუჯეტი ყოველთვის შეზღუდული გქონდათ, დღეს კი უკვე მწვერვალზე იმყოფებით, მაგრამ მხოლოდ იმას ადევნებთ თვალს, როგორ ხარჯავენ ფულს "პარი სენ-ჟერმენი" და "მონაკო". თქვენ მათთან კონკურენცია გჭირდებათ...
- "იუნაიტედში" ამ პროცესის არასოდეს ეშინოდათ. მეტიც, მოხარულები ვართ ძლიერი კონკურენციის, მაგრამ ჩვენ სხვა პლუსები გვაქვს: ისტორია, სახელი და პერსპექტივა. ფეხბურთელებს ხიბლავთ ასეთ სამყაროში მოხვედრა, რათა ერთ დღეს ამაყად განაცხადონ, რომ მათ ჰქონდათ ბედნიერება, "იუნაიტედის" ღირსება დაეცვათ. თითოეული მათგანისთვის ეს უზარმაზარი სტიმულია.

დოსიე
დევიდ უილიამ მოიესი

დაიბადა: 1963 წ. 25 აპრილი
დაბ. ადგილი: ბერსდენი (შოტლანდია)

საფეხბურთო კარიერა
სელტიკი 1980-83
კემბრიჯი 1983-85
ბრისტოლი 1985-87
შრესბერი 1987-90
დანფერმლაინი 1990-93
პრესტონი 1993-1999

სამწვრთნელო კარიერა
პრესტონი 1998-2002
ევერტონი 2002-13
მანჩესტერი 2013-დან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისის სუპერთასი "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული