სად წავა ვილიანი - "ტოტენჰემში" თუ "ლივერპულში"?

AutoSharing Option
მახაჭყალის "ანჟის" თავს რაც მოხდა, გულშემატკივრებმა იციან - კლუბის მესაკუთრემ, მილიარდერმა სულეიმან ქერიმოვმა პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა და ძვირად ღირებულ ფეხბურთელებზე უარი თქვა.

ჩრდილოკავკასიური კლუბი ვარსკვლავებს ყიდის. მათ შორის არის 25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ვილიანი.

"სქაი სპორტს იტალიის" ინფორმაციით, სამხრეთამერიკელის გადაბირების მსურველთა შორის ორი ფავორიტია - "ლივერპული" და "ტოტენჰემი". ამ ბრძოლაში მერსისაიდელებს ჯერჯერობით კონკურენტზე უკეთესი პოზიცია უკავიათ.

მიზეზი ის წინადადებაა, რომელიც "ანჟიმ" მიიღო: 30 მილიონი ევრო და პლუს, ვილიანის მომდევნო ტრანსფერიდან მიღებული თანხის 50%, თუკი "წითლები" ფეხბურთელს ამავე თანხად ან უფრო
ძვირად გაყიდიან.

"ტოტენჰემის" შეთავაზება ბევრად უფრო მოკრძალებულია - 27 მილიონი ევრო.

რაც შეეხება პირადი ხელშეკრულების დეტალებს, "ლივერპული" "ტოტენჰემთან" შედარებით ვილიანს უფრო დაბალ ხელფასს სთავაზობს.

ვნახოთ, გაბედავენ თუ არა "დეზები" "ლივერპულთან" თამაშში აყოლას და გაუგზავნიან თუ არა "ანჟის" გაუმჯობესებულ წინადადებას.

საინტერესოა კიდევ ერთი: თუკი ჩრდილოლონდონელებმა ვილიანი ხელში ჩაიგდეს, ხომ არ იქნება ეს იმის ნიშანი, რომ მზად არიან, გარეთ ბეილი "რეალს" დაუთმონ. უელსელის ტრანსფერი "ტოტენჰემს" ამ ზაფხულს გაღებულ თანხებს ერთბაშად აუნაზღაურებს.

გაზეთებში გავრცელებულ ინფორმაციას ცალყბად უარყოფს დედაქალაქელთა თავკაცი ანდრე ვილაშ ბოაში, რაც ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს. აი, რას ამბობს პორტუგალიელი:

"ვფიქრობ, ისედაც ძალიან ძლიერი გუნდი მყავს და ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე ჩვენი მუშაობით უკმაყოფილო არავინ უნდა იყოს.

მიუხედავად ამისა, სამომავლო გეგმებს უკვე ვაწყობთ. გაძლიერება ხომ ყოველთვის შეიძლება.

ვილიანი? მე მასზე დიდი ხნის წინ ვფიქრობდი, თუმცა არ ვმალავ, რომ როგორც ფეხბურთელს, დიდ პატივს ვცემ. ის "ანჟის" წევრია და ამას პატივი უნდა ვცეთ".


საბოლოო გადაწყვეტილება ახლა უკვე ფეხბურთელზეა დამოკიდებული. 19 აგვისტოს, საღამოს ის ლონდონში აპირებდა გაფრენას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული