პრემიერლიგის სეზონის ფავორიტები - ბრაიან რობსონის ვერსია

AutoSharing Option
დოსიე:
ბრაიან რობსონი
საკლუბო კარიერა: ვესტ ბრომვიჩი - 1974/81, მანჩესტერ იუნაიტედი - 1981/94, მიდლსბრო - 1994/97
საკლუბო ტიტულები: ინგლისის ჩემპიონი 1992/93, 1993/94, ასოციაციის თასი 1982/83, 1984/85, 1989/90, ლიგის თასი 1991/92, ინგლისის სუპერთასი 1983, 1990, 1993, თასების მფლობელთა თასი 1990/91, ევროპის სუპერთასი 1991
სანაკრებო კარიერა: ინგლისის U21 და ეროვნული ნაკრებები (90 თამაში, 26 გოლი)
სამწვრთნელო კარიერა: მიდლსბრო – 1994/2001, ბრედფორდი – 2003/04, ვესტ ბრომვიჩი – 2004/06, შეფილდ იუნაიტედი – 2007/08, ტაილანდის ნაკრები 2009/11
სამწვრთნელო ტიტულები: ინგლისის პირველი დივიზიონის (დღევანდელი ჩემპიონშიპი) გამარჯვებული
1994/95.

ოთხშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედის" ვებგვერდმა საკლუბო ჟურნალ "ინსაიდ იუნაიტედში" გამოქვეყნებული "ეშმაკების" ლეგენდარული კაპიტნის, ბრაიან რობსონის ინტერვიუ შემოგვთავაზა.

56 წლის ინგლისელმა თავის დროზე 400-ზე მეტი თამაში ჩაატარა მანკუნიანელთა რიგებში. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი სამწვრთნელო ასპარეზზე გადაინაცვლა.

მინდვრისგან განსხვავებით, რობსონს კიდესთან მუშაობამ სახელი და ავტორიტეტი ვერ შემატა, თუმცა მის აზრს დღემდე ყველგან სიამოვნებით ისმენენ და ითვალისწინებენ.

რობსონმა 2013/14 წლების სეზონის საკუთარი პროგნოზი შემოგვთავაზა. მასალას შემოკლებით გთავაზობთ.

- სეზონის რომელ დაპირისპირებას ელოდებით ყველაზე მეტად და რატომ?
- ვფიქრობ, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ დაამთავრებენ გუნდები სატრანსფერო კამპანიას. აი, წინა წლებში კი ყველაზე მეტად "სიტისთან" შეხვედრები მაინტერესებდა.

მიმაჩნია, რომ "ჩელსისაც" შეუძლია ჩვენთვის რეალური პრობლემების შექმნა, გუნდს, სადაც მოურინიო დაბრუნდა. მათთან შეხვედრები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ისინი, ვინც ასეთ მატჩებს იგებენ, ლიგაში გამარჯვების მეტ შანსს ფლობენ.

- მიმდინარე სეზონზე რა გავლენას მოახდენს ის ცვლილებები, რაც "სიტისა" და "ჩელსიში" მოხდა?
- ძალიან საინტერესო სეზონი უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ცვლილებები მოხდა "იუნაიტედშიც", "სიტიშიც" და "ჩელსიშიც". "არსენალში" ჯერ კიდევ ამტკიცებენ, რომ 100 მილიონი ფუნტი აქვთ გამოყოფილი ახალი ფეხბურთელებისთვის. მაინტერესებს, როგორ გამოიჩენენ თავს "ლივერპული" და "ტოტენჰემი". მათ ევროპული ტურნირების საგზურისთვის უნდა იბრძოლონ.

- ვინ მოიგებს ჩემპიონატს და რატომ?
- მგონია, რომ ჩემპიონები ჩვენ უნდა გავხდეთ. მესმის გულშემატკივართა შეშფოთების საფუძველი, რადგან სერ ალექს ფერგიუსონი წავიდა, თუმცა დევიდ მოიესი მართლა კარგი სპეციალისტია და შეძლებს ფეხბურთელებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას. იმ შემადგენლობით, რაც გვყავს, არ არსებობს მიზეზი, რატომ ვერ უნდა მოვიგოთ ჩემპიონატი.

- რომელი გუნდი გადააჭარბებს მოლოდინს?
- ყველაზე რეალურ ხიფათს "ჩელსისგან" ველი ისევ და ისევ მოურინიოს ფაქტორის გამო. მათზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე "სიტიზე", რადგან ლონდონელებს რამდენიმე ძალიან ძლიერი მოთამაშე ჰყავთ. მერე რა, რომ დიდი ხანია, ჩემპიონატი აღარ მოუგიათ? ისინი აგრძელებენ ტიტულების შეგროვებას და თანდათან სულ უფრო ძლიერდებიან.

- შეძლებენ თუ არა წელს ინგლისური კლუბები ჩემპიონთა ლიგაში უკეთ გამოსვლას, ვიდრე შარშან? როგორ გგონიათ, ვინ მოიგებს ამ ტურნირს?
- მინდა მჯეროდეს, რომ ასეც იქნება. "იუნაიტედს" შარშან დიდწილად არ გაუმართლა, თუმცა არც "სიტი" და "ჩელსი" იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. მხოლოდ "არსენალი" ეომა ღირსეულად "ბაიერნს", ვინც საბოლოოდ გახდა კიდეც გამარჯვებული. იმედია, გავძლიერდებით და წელს უკვე მეტს მივაღწევთ.

რაც შეეხება მომავალ გამარჯვებულს, მგონია, რომ ისევ "ბაიერნი" იქნება. ეს არის გუნდი, რომელიც ფიზიკური მომზადების თვალსაზრისთ გამოირჩევა და თანაც, არაერთი ბრწყინვალე ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს. მიუხედავად იმისა, ვინ წვრთნის, შეუძლებელია, არ გაითვალისწინო "რეალი" და "ბარსელონა".

- ვინ მოიგებს ასოციაციისა და ლიგის თასებს?
- ამის პროგნოზი ყოველთვის ძალიან ძნელია, რადგან ასეთ ტურნირებში მცირეოდენი იღბალი ყოველთვის გჭირდება. იმედი მაქვს, ლიგის თასს რომელიმე გრანდი მოიგებს და არა "სუონსი" ან "ბრედფორდი".

შესაძლოა, ეს იყოს "არსენალი". მგონი, დროა, ამ გუნდმა რაღაც მაინც მოიგოს, თუნდაც მსგავსი ტურნირი. შესაძლოა, ვინმესთვის მოულოდნელი იყოს, მაგრამ რვაწლიანი გვალვის შემდეგ ალბათ დადგა მათი დროც.

ასოციაციის თასზე კი ფსონს "სიტიზე" ჩავალ, ოღონდ იმ პირობით, რომ ჩემპიონატში "იუნაიტედი" გაიმარჯვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული