საინტერესო შეკითხვა: სად ვათამაშოთ ფილ ჯონსი?

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ ამერიკული "ბლიჩერ რეპორტის" ჟურნალისტმა საიმონ ედმონდსმა საინტერესო სტატია შემოგვთავაზა "მანჩესტერ იუნაიტედის" უნივერსალი უკანახაზელის, 21 წლის ფილ ჯონსის შესახებ, სადაც ფეხბურთელის უმთავრესი პლუს-მინუსები განიხილა. მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:

გულშემატკივართა მოსაზრებები ფილ ჯონსზე რადიკალურად განსხვავებულია. ნაწილი მას თანამედროვეობის ინგლისური ფეხბურთის უნიჭიერეს მცველად მიიჩნევს, ნაწილი კი ვერ ხვდება, რატომ გახდა საჭირო ორი წლის წინ "ბლექბერნიდან" მისი ყიდვა.

ზოგი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელი განსხვავებულ პოზიციებზე იმიტომ თამაშობს, რომ მან მინდორზე თავისი ადგილი ჯერ კიდევ ვერ იპოვა.

ფილს აქამდე საკუთარი ძალები მოუსინჯავს დაცვის
ცენტრში, განაპირა მცველად და თქვენ წარმოიდგინეთ, საყრდენ ნახევარმცველადაც კი. ამასობაში ხალხს ნელ-ნელა ავიწყდება, რომ "იუნაიტედში" ის უპირველესად სწორედ იმის წყალობით მოხვდა, რომ "ივუდ პარკზე" დაცვის ცენტრს ამაგრებდა.

ამგვარი გაურკვევლობა შეკითხვას ბადებს: რომელი როლი უხდება მას ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედში"?

ორშაბათს ჯონსმა "ჩელსისთან" ტრავმირებული რაფაელი შეცვალა მარჯვენა ფლანგზე. ის, უმეტესწილად, იოლად უმკლავდებოდა მეტოქის განაპირა ნახევარმცველებს. ეს პოზიცია შეტევების გაუვნებლების გარდა, იმასაც ითხოვს, რომ ფეხბურთელს შეტევაში წასვლაც შეეძლოს და მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩაწოდებაც.

ამ მხრივ ფილის პოტენციალი ნულის ტოლი არ არის, მაგრამ არ გვგონია, "იუნაიტედის" რომელიმე გულშემატკივარს სჯეროდეს, რომ ოდესმე ის რაფაელს დაეწევა. მეტოქეებს არც ბრაზილიელის დანახვაზე მისდით გული, თუმცა კონტრშეტევებისას ის აშკარად უფრო სასარგებლოა.

ჯონსს, როგორც ნახევარმცველს, ძნელად თუ განვიხილავთ. მას ამ როლს ბოლო პერიოდში სულ უფრო ნაკლებად ანდობენ. რაც უნდა გაგვიკვირდეს, ის არ არის შექმნილი ამისთვის და თუნდაც რამდენჯერმე თავის გამოჩენა ვერაფერს შეცვლის. თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით, "იუნაიტედს" მაინც ჰქონდა მიზეზი თავის დროზე დარჩენისთვის მებრძოლი "ბლექბერნიდან" მის გადასაბირებლად.

ფეხბურთელის უმთავრესი თავისტკივილის მიზეზი მაინც ის არის, რომ მას საყვარელ ადგილას ნაკლებად ეძლევა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ეს გასაგებიც არის, რადგან "ეშმაკებს" ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი ჰყავთ. აღარაფერს ვამბობთ ჯონი ევანსზე.

ყველაფერში "დამნაშავე" ფერდინანდია. დარწმუნებულები ვართ, როცა ფერგიუსონი ჯონსს ყიდულობდა, მწვრთნელი მასში სწორედ რიოს მემკვიდრეს ხედავდა. შოტლანდიელი ალბათ ფიქრობდა, რომ ვეტერანი რამდენიმე წელიწადში პოზიციებს ბუნებრივად დათმობდა.

ფილი გუნდში მესამე სეზონს იწყებს, რიო კი ისეთივე დამაჯერებელია, როგორიც ყოველთვის იყო. ჩვენს გმირს ორი გზა აქვს: ფერდინანდი მიდის და თანაგუნდელს თამაშის შანსს აძლევს ან ის თავად უმტკიცებს დევიდ მოიესს, რომ ძირითადში მოხვედრას იმსახურებს. იქამდე კი ჯონსმა ტრავმირებული ფეხბურთელების მაგივრობა უნდა გასწიოს ხოლმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული