ლუიშ ნანი: დაივიწყეთ წარსული

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ლუიშ ნანის წასვლაზე მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში წერდნენ. მიზეზი სერ ალექს ფერგიუსონსა და 26 წლის პორტუგალიელს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების გარდა, ფეხბურთელის მიერ კლუბისთვის წაყენებული მიუღებელი პირობები იყო.

ნანი "იუნაიტედისგან" ხელფასის ლამის გაორმაგებას ითხოვდა, ეს მაშინ, როცა მის თამაშში პროგრესი არ შეინიშნებოდა. დევიდ მოიესის დანიშვნის შემდეგ სიტუაცია დალაგდა. რამდენიმე დღის წინ ნანიმ "ეშმაკებთან" თანამშრომლობა 2018 წლამდე გააგრძელა. ფეხბურთელმა ინტერვიუ "იუნაიტედის" ვებგვერდს მისცა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. მასალას შემოკლებით გთავაზობთ.

- როგორ გრძნობთ თავს მას მერე, რაც პორტუგალიის
ნაკრებშიც ითამაშეთ და "იუნაიტედშიც"?
- შესანიშნავად. ამ ეტაპზე უკვე აღარაფერი მაწუხებს და მაქსიმალურად კონცენტრირებული ვარ სამუშაოზე. ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ფანტასტიკური იყო. ერთი სიტყვით, მზად ვარ გუნდის დასახმარებლად.

- როგორც ჩანს, ძალიან მოგბეზრდათ უსაქმოდ ჯდომა, რადგან პირველივე შეხვედრაში შვედეთის ნაკრებთან ზომაზე მეტად მონდომებული ჩანდით.
- დიახ, მაქსიმალურად ვცდილობდი, ამ შეხვედრაში ბოლომდე დავხარჯულიყავი. ამ ეტაპზე თავს უფრო მეტად ვუფრთხილდები. არ მინდა, კიდევ ერთი პაუზა და რეგრესის გზაზე დადგომა. პარალელურად, სულ უფრო მეტად ვგრძნობ, რომ გამძლეობა მემატება.

- ახალი კონტრაქტი ნიშნავს, რომ "იუნაიტედში" კიდევ დიდი ხნით გეგმავთ დარჩენას.
- მომავალზე სანერვიულო აღარ მაქვს. ასე რომ, შემიძლია მთელი ყურადღება მხოლოდ ფეხბურთზე გადავიტანო. თითოეული მოთამაშისთვის მნიშვნელოვანია, რომ სიმყარის შეგრძნება ჰქონდეს. იმედია, ასე უფრო დავეხმარები გუნდს ტიტულების მოპოვებაში. "იუნაიტედს" ჩემს მეორე სახლად მივიჩნევ, რადგან წლებია, რაც აქ ვთამაშობ. კარიერის საუკეთესო მონაკვეთი ამ კლუბში მაქვს გატარებული.

- ისღა დაგრჩენიათ, საკლუბო ტურნირების გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვისაც მოემზადოთ.
- დიახ, სწორედ ამას ვაპირებ. მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი ვითამაშო, რაც მთავარია, შევიდე ფორმაში და დავიბრუნო ადგილი ძირითადში. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.

- ჩემპიონთა ლიგაში "რეალთან" გაძევების შემდეგ ამ ტურნირში განსაკუთრებული მოტივაცია ხომ არ გექნებათ?
- რა თქმა უნდა. მოტივაცია არც ერთი სეზონის წინ არ მაკლდა, თუმცა წელს შარშანდელი ინციდენტის გამო გამორჩეულად მონდომებული ვიქნები. მსაჯმა მაშინ ეპიზოდი არასწორად განსაჯა, თუმცა დროა, დავივიწყოთ ეს ყველაფერი და მხოლოდ დღევანდელი დღით გავაგრძელოთ ცხოვრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პსჟ არჩევანის წინაშე - ანხელ დი მარია ან ლუიშ ნანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული