ინგლისი. პრემიერლიგა. V ტურის შეჯამება: ცისფერი სამოთხე, ალისფერი ჯოჯოხეთი

AutoSharing Option
ტაქტიკური ანალიზი
პრემიერლიგის V ტურის ცენტრალური მატჩის ტაქტიკური ანალიზისთვის ჩვენს ინგლისელ კოლეგა მაიკლ კოქსს დავესესხებით, რომელმაც მასპინძელთა კოლოსალური უპირატესობის ასახსნელად რამდენიმე ფაქტორს გაუსვა ხაზი.

პირველ რიგში, ლაპარაკია ფლანგებზე მოპოვებულ უპირატესობაზე. განსაკუთრებით ეფექტური იყო სამირ ნასრი. სხვა გარემარბებმა უღიმღამოდ ჩაატარეს შეხვედრა ან მხოლოდ იმ როლით დაკმაყოფილდნენ, რასაც მათგან მწვრთნელები ითხოვდნენ. ფრანგი კი ხშირად იწევდა ცენტრისკენ და თავის გუნდს რიცხობრივ უპირატესობას უბევებდა.

ყველასათვის სიურპრიზი იყო ალექსანდარ კოლაროვის ასეთი თამაში. იმის მაგივრად, რომ ანტონიო ვალენსიას სერბი საკუთარ ნახევარზე გამოეკეტა, სამხრეთამერიკელს აქეთ უხდებოდა თავდასხმაში
მეტოქის ჩართვებთან გამკლავება. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კოლაროვი არც პასების სიმრავლით გამოირჩეოდა და მით უფრო, ზუსტი გადაცემებით. უბრალოდ, როცა გამოსდიოდა, "იუნაიტედი" მას ვერაფერს უხერხებდა. მასპინძელი გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში სახიფათო მომენტების უმრავლესობას სწორედ საკუთარ მარცხენა ფლანგზე ქმნიდა.

"სიტის" თამაშმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა სუსტი წერტილები მასაც ჰქონდა. მაგალითად - საყრდენი ნახევარმცველების ზონა. იაია ტურე და ფერნანდინიო ხშირად ტოვებდნენ თავიანთ პოზიციას, სტუმრებს კი ამის გამოყენება შეეძლოთ. ამის დამსახურება იყო, რომ "იუნაიტედში" საუკეთესოდ უეინ რუნი დასახელდა.

მატჩის შემდგომ
მანუელ პელეგრინი
("მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი):
"უმნიშვნელოვანესი შედეგია. ასეთ ანგარიშს, ალბათ, არავინ ელოდა, მაგრამ ანგარიშზე მნიშვნელოვანი დღეს თამაშის ხარისხი იყო, რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ. დერბისთვის ყველაფერი ცოტა უცნაურად წარიმართა, თუმცა დღეს აშკარად ჩვენი დღე იყო. უპირატესობას თავიდან ბოლომდე ვფლობდით.

ბედნიერი ვიქნები, თუკი ყველა შეხვედრაში ამავე ანგარიშით მოვიგებთ, თუმცა წინსვლის საშუალება ყოველთვის დაგვრჩება.

გუნდი ახალ ტაქტიკას სწავლობს და იმედია, ის სულ უფრო გაძლიერდება. "ნიუკასლთან" პირველ ტურში უკვე ვაჩვენეთ, თუ როგორ ვაპირებთ თამაშს. დღეს კი ეს ხელახლა გავიმეორეთ. ვფიქრობ, მეორე ტაიმში ასე არ უნდა გვეჩქარა. საერთოდ, ფეხბურთელმა ჩვეულებრივ უნდა ითამაშოს, იმის მიუხედავად, თუ რა ანგარიშია ტაბლოზე"
.

დევიდ მოიესი ("მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი):
"ძალიან ცუდად ვითამაშეთ. მეტოქე ჩვენზე სახიფათოდ უტევდა და ბევრად უფრო აგრესიული იყო. "სიტი" თამაშს თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა.

ჩვენ, უბრალოდ, ვერაფერი მოვუხერხეთ მის ნახევარდაცვას და დომინირების საფუძველიც სწორედ ეს გახდა. მიუხედავად ამისა, არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ჩემი ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოდნენ. ამ მარცხს აუცილებლად გადავიტანთ. წინ გრძელი სეზონი გვრჩება. მომდევნო შეხვედრების მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ".


ტურის ფაქტები
ნორვიჩი-ასტონ ვილა 0:1
"ასტონ ვილამ" "კეროუ როუდზე" ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. აქედან ორჯერ ეს გასულ სეზონში მოხდა: პირველად ლიგის თასის 1/4-ფინალში 4:1, შემდეგ უკვე მაისში, პრემიერლიგის XXXVI ტურში - 2:1.

გასულ წლამდე "იადონებს" "ვილასთან" შთამბეჭდავი საშინაო სტატისტიკა ჰქონდათ - 14 თამაში, 7 მოგება, 5 ფრე და 2 წაგება.

ვესტ ჰემი-ევერტონი 2:3
"ევერტონმა" ზედიზედ მე-12 შეხვედრა არ წააგო "ვესტ ჰემთან". სერიაში შედის არა მხოლოდ პრემიერლიგის, არამედ თასის თამაშებიც. ბალანსი ასეთია: 8 მოგება, 4 ფრე.

ლონდონელებმა ლივერპულელებთან უკანასკნელი 6 საშინაო შეხვედრიდან მე-5 დათმეს. 2012/13 წლების სეზონში "ევერტონმა" 2:1 იმარჯვა.

მეტოქეთა უკანასკნელ ოთხ დაპირისპირებაში მსაჯმა ოთხ ფეხბურთელს უჩვენა წითელი ბარათი. აქედან ერთ შეხვედრაში - ორჯერ. ამჯერად დროზე ადრე გასახდელისკენ მარკ ნოუბლი გაეშურა.

ნიუკასლი-ჰალ სიტი 2:3
"ნიუკასლსა" და "ჰალს" შორის მხოლოდ სამი შეხვედრა შედგა პრემიერლიგის ეგიდით. "ვეფხვები" მეორედ ეწვივნენ "სენტ ჯეიმს პარკს" და მეორედაც იმარჯვეს, თანაც ისევ ერთი ბურთის სხვაობით.

ლივერპული-საუთჰემპტონი 0:1
გუნდების უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში მხოლოდ მასპინძელი ახერხებდა ქულების მოპოვებას.

"ენფილდზე" ზედიზედ მესამე თამაში დასრულდა მინიმალური ანგარიშით. წინა ორ ჯერზე "ლივერპულმა" იმარჯვა.

შაბათის წაგებამდე "ლივერპულს" უკანასკნელი მარცხი იმავე "საუთჰემპტონთან" ჰქონდა განცდილი. "სენტ მერიზე" მაშინ მასპინძელმა 3:1 მოიგო.

ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი 3:0
"ვესტ ბრომვიჩმა" "სანდერლენდი" ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში დაამარცხა. სულ უკანასკნელი 8 თამაშიდან "შავმა კატებმა" 7 წააგეს.

"სანდერლენდს" "ჰაუტორნსზე" უკანასკნელი 31 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი თამაში აქვს მოგებული. ეს 2006 წლის იანვარში მოხდა.

ჩელსი-ფულჰემი 2:0
"ფულჰემი" უკანასკნელი 34 წლის განმავლობაში "ჩელსის" 34-ჯერ შეხვდა. აქ შედის როგორც ჩემპიონატის, ისე თასის თამაშები და აქედან მხოლოდ ერთხელ იმარჯვა. ეს 2006 წლის მარტში მოხდა. ერთადერთი გოლი მაშინ ლუიშ ბოა მორტემ გაიტანა.
"ჩელსიმ" თანაქალაქელთან "სტემფორდ ბრიჯზე" ბოლოს 1979 წლის ოქტომბერში წააგო - 2:0. ის შეხვედრა მეორე ლიგაში გაიმართა.

ელიტურ ლიგაში კი "ფულჰემმა" გასვლაზე ბოლოს 1964 წელს მოიგო.
მეტოქეთა უკანასკნელი 6-დან 4 თამაში ფრედ დასრულდა.

არსენალი-სტოკი 3:1
"არსენალმა" "სტოკთან" შინ უკანასკნელი 6-დან მე-6 შეხვედრა მოიგო "ემირეიტსზე".
"მეთიხეებმა" ბოლოს "მეთოფეები" გასვლაზე 1981 წლის აგვისტოში დაამარცხეს. ეს თამაში "ჰაიბერიზე" გაიმართა. მას მერე მოუგებელმა სერიამ უკვე 12-ს უწია.

არსენ ვენგერი მარკ ჰიუზს მწვრთნელის რანგში მე-15 ჯერზე დაუპირისპირდა და აქედან 9-ჯერ იმარჯვა. 4 თამაშში უფრო ძლიერი უელსელი იყო. 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

კრისტალ პალასი-სუონსი 0:2
"სუონსიმ" "კრისტალ პალასი" ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა, სულ კი 5 თამაშია, მისგან გოლი არ მიუღია.

1920 წელს, საფეხბურთო ლიგის დაარსების ჟამს ორივე კლუბი არსებობდა, თუმცა ერთმანეთში მათ სულ 17 თამაში აქვთ გამართული და თანაც, კვირას ისტორიაში პირველად შეხვდნენ უმაღლეს ლიგაში.

სიტი-იუნაიტედი 4:1
შარშანდელ სეზონში მეტოქეებმა ერთმანეთი გასვლაზე დაამარცხეს. "ეტიჰადზე" თამაში 3:2 დასრულდა, "ოლდ ტრეფორდზე" - 2:1.

"იუნაიტედმა" ბოლო 11 თამაშიდან 6-ჯერ იმარჯვა, "სიტიმ" 4-ჯერ, თუმცა 4-დან 2-ჯერ თამაში "ქალაქელებმა" დიდი ანგარიშით მოიგეს - 2011/12 წლებში 6:1, ამჯერად - 4:1.

კარდიფი-ტოტენჰემი 0:2
1977/78 წლების სეზონიდან მოყოლებული, ეს მეტოქეთა პირველი დაპირისპირება იყო. მაშინ ისინი ერთმანეთს ძველ მეორე ლიგაში (ამჟამინდელ ჩემპიონშიპში) შეხვდნენ.

"ტოტენჰემი" "კარდიფს" გასვლაზე, 1957 წლიდან მოყოლებული, მეექვსედ შეხვდა და პირველად დაამარცხა.

უკანასკნელად ისინი ერთმანეთს ასოციაციის თასზე 2007 წელს შეხვდნენ. გასვლაზე 0:0-ის შემდეგ "ტოტენჰემმა" გადათამაშება 4:0 მოიგო.

სტატისტიკა V ტურის შემდეგ
საუკეთესო ბომბარდირები:
4 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), ოლივიე ჟირუ (არსენალი), დენიელ სტარიჯი (ლივერპული);
3 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), აარონ რემსი (არსენალი).

საუკეთესო მეპასეები:
3 - მესუთ იოზილი (არსენალი)
2 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ალვარო ნეგრედო (მანჩესტერ სიტი), პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი), პაპის სისე (ნიუკასლი), პაბლო ერნანდესი (სუონსი), დონ კოუი (კარდიფი), გაბრიელ აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), მეტ ჯარვისი (ვესტ ჰემი).

მომდევნო ტური
28 სექტემბერი:
ტოტენჰემი-ჩელსი, ასტონ ვილა-მანჩესტერ სიტი, ფულჰემი-კარდიფი, ჰალ სიტი-ვესტ ჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ბრომვიჩი, საუთჰემპტონი-კრისტალ პალასი, სუონსი-არსენალი

29 სექტემბერი:
სტოკ სიტი-ნორვიჩი, სანდერლენდი-ლივერპული

30 სექტემბერი:
ევერტონი-ნიუკასლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. V ტური: გასამართლება "ეტიჰადზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული