ინგლისი. ლიგის თასი: ფავორიტთა მრისხანება

AutoSharing Option
დაუნდობელი "სიტი"
"მანჩესტერ სიტი"-"უიგანის" თამაშის დაწყებამდევე ცხადი იყო, რომ სტუმარს მიზერული შანსი ჰქონდა პრემიერლიგის ერთ-ერთ ფავორიტთან. მით უფრო, რომ უქმეებზე "ქალაქელებმა" დიდი ანგარიშით მოგების გემო გაიხსენეს და თანაც, ვისთან? - "მანჩესტერ იუნაიტედთან". მანუელ პელეგრინიმ სასტარტო შემადგენლობა გადაახალისა და ქვედალიგელს მოტივირებული ფეხბურთელები დაუპირისპირა.

განსაკუთრებით დაუნდობელი გახდა "სიტი" მეორე ტაიმში, როცა "უიგანს" ძალა უკვე გამოცლილი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ახალ გუნდში პირველად გამოიჩინეს თავი სტევან იოვეტიჩმა და ხესუს ნავასმა. შედეგი სახეზეა - 5:0.

მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი):
"ფეხბურთელებისგან თამაშამდე მოვითხოვე, რომ ზუსტად ისე
ეთამაშათ, როგორც ეს კვირას გავაკეთეთ "იუნაიტედთან".

შემადგენლობას რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ შეცვლი. ამ დროს მთავარია, თამაშის ხარისხი, მეტოქისადმი დამოკიდებულება და ინტენსიურობა შეინარჩუნო.

ერთ კვირაში სამი თამაში ჩავატარეთ და 12 გოლი გავიტანეთ. ეს შესანიშნავი შედეგია".


ოუენ კოილი (უიგანი):
"წინა თამაშისგან განსხვავებით, ძირითადში ათი ახალი ფეხბურთელი დადგა, მაგრამ ამანაც არ გვიშველა.

იმის მიუხედავად, თუ ვინ თამაშობს, ყოველთვის მოსაგებად ვიბრძვით, თუმცა "სიტისთან" ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია.

კარგია, რომ ჩემი ფეხბურთელები ტრავმებს მაინც გადაურჩნენ. რაც მთავარია, დღეს მათ კარგი გაკვეთილი მიიღეს"
.

"ჩელსის" დუბლიც მაგარია
ლიგა 1-ის "სუინდონმა" საკუთარ "ქაუნთი გრაუნდზეც" კი ვერაფერი გააწყო "ჩელსისთან", რომელიც, ჟოზე მოურინიოს დაპირებისამებრ, სათამაშოდ "დუბლიორებით" გამოვიდა.

პორტუგალიელმა "ფულჰემთან" პრემიერლიგის მატჩისგან განსხვავებით, სასტარტოში ათი ახალი მოთამაშე დააყენა, მათ შორის, მის მიერ ათვალწუნებული ესპანელები სესარ ასპილიკუეტა, ხუან მატა და ფერნანდო ტორესი.

უკანასკნელმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შიდა ინგლისურ ტურნირებში პირველად გაიტანა (მატას პასით), რასაც შემდეგ საგოლე გადაცემაც მიაყოლა.

სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო "ჩელსიმ" ორი ფეხბურთელი დაკარგა. ჯერ კიდევ შეხვედრის დებიუტში მუხლი სერიოზულად დაიზიანა მარკო ვან გინკელმა, შემდეგ კი მის ნაცვლად შესული რამირესიც დაზარალდა. ბრაზილიელს საშიში არაფერი სჭირს, ის მაქსიმუმ ერთ კვირას თუ იუქმებს.

სტივ ჰოლანდი ("ჩელსი", მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): "
ვერ ვიტყვი, რომ თამაში ჩვენთვის იდეალურად წარიმართა. როგორც ჩანს, ვან გინკელს სერიოზული ტრავმა აქვს. ყოველ შემთხვევაში, წინასწარი პროგნოზი ასეთია. რამირესის შეცვლის მიზეზი კი ბარძაყის კუნთის დაჭიმვა გახდა.

მესმის, რომ ის, რაც მატას თავს ხდება, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ხუანმა დღეს ძალიან კარგად ითამაშა. მან შეტევის გარდა, დიდი სამუშაო გასწია დაცვაშიც და ბერტრანს მუდმივად ეხმარებოდა ფლანგის კონტროლში.

რასაც ჟოზე ფეხბურთელებისგან ითხოვს, მარტო მატას არ ეხება. კმაყოფილები ვართ ტორესის გარჯითაც. ის ჭკვიანურად ირჩევდა პოზიციას და მხოლოდ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. სწორედ ამას ველოდებით და ვითხოვთ ყველასგან.

უქმეებზე პრემიერლიგაში "ტოტენჰემთან" დერბი გველის. ამ თემაზე ლაპარაკი ნაადრევია. ხვალინდელ დღეს მთლიანად "სუინდონთან" თამაშის ანალიზს მივუძღვნით და მხოლოდ ამის მერე დავიწყებთ მზადებას შემდეგისთვის".


ტრუსებში წვდა
ანგარიშიდან გამომდინარე, "ასტონ ვილა"-"ტოტენჰემის" შეხვედრაზე დიდხანს შეჩერება არ ღირს. უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ "დეზების" ბოლო სტუმრობა ამავე სტადიონზე შარშან ანალოგიური ანგარიშით დასრულდა. არის კიდევ ერთი მსგავსება: ჯერმეინ დეფომ მაშინაც მოახერხა თავის გამოჩენა.

ჩრდილოლონდონელებმა მეტოქეს ამჯერადაც ყველა კომპონენტში აჯობეს. "სიტისა" და "ჩელსის" მსგავსად, სერიოზულად გადაახალისა შემადგენლობა ანდრე ვილაშ ბოაშმაც, ვინც თამაშამდე გამოტყდა, რომ მისთვის ლიგის თასი სეზონის პრიორიტეტებს შორის არ შედიოდა.

"დეზების" რიგებში საუკეთესო იყო ლუის ჰოლტბი. გერმანელმა სამი საგოლე გადაცემა გააკეთა და სერიოზული განაცხადი გააკეთა "ჩელსისთან" შეხვედრის წინ. მეორე ტაიმის სტარტზე თამაშის ყველაზე სახალისო ეპიზოდის მომსწრენი გავხდით. იან ვერტონგენი შეცვლაზე შესულ ნიკლას ჰელენიუსს ვარდნისას ფორმაზე ჩამოეკიდა და ფეხბურთელი საცვლების ამარა დატოვა. ამის მიუხედავად, დანიელი არ დაიბნა და დარტყმა მაინც მოასწრო, თუმცა კი მიზანს ვერ მიაღწია.

ანდრე ვილაშ ბოაში (ტოტენჰემი): "
შარშან აქ მარტო იმიტომ არ მოგვიგია, რომ ბეილმა სამჯერ გაიტანა. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო გუნდისა, რომელიც ისედაც ძალიან ძლიერად თამაშობდა. მიმდინარე სეზონში ჩემს გუნდს, უპირველესად, გუნდური პასუხისმგებლობის შეგრძნება გაუღვივდა და მას წელსაც არანაკლებ სურს წარმატების მიღწევა, ვიდრე ბეილთან ერთად უნდოდა. თავის გამოჩენის შანსი ახლა სხვა ფეხბურთელებს აქვთ
".


იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვესტ ჰემი-კარდიფი 3:2
გოლები: 1:0 მორისონი (1), 2:0 ჯარვისი (8), 2:1 ნუნი (45), 2:2 ოდმვინგე (76), 3:2 ვას ტე (88)
ვესტ ჰემი: ადრიანი, ლ. ჩემბერსი, ტომკინსი, კოლინსი, მაკარტი (82. რაცი), ჯარვისი, მორისონი (58. დიამე), მ. ტეილორი, კოლისონი, ვას ტე, მაიგა (46. პეტრიჩი)
კარდიფი: ლუისი, კონოლი, ჰადსონი, ბრეიფორდი (46. მაკნაუტონი), ო. ჯონი, ოდემვინგე, მატჩი, კაუი, ნუნი, ჯ. მეისონი, (56. ტ. სმიტი), მაინარდი (90. გესტედე)

ფულჰემი-ევერტონი 2:1
გოლები: 0:1 ნეისმიტი (12), 1:1 ბერბატოვი (54), 2:1 ბენტი (68)
ფულჰემი: სტოკდეილი, ცვეროტიჩი, ჰანგელანდი, სენდეროსი, რიისე (64. ამორებიეტა), ტაარაბტი (65. ბენტი), კარაგუნისი, პარკერი, კაჩანიკლიჩი, კასამი, ბერბატოვი
ევერტონი: რობლესი, კოულმანი, ჰეიტინგა (69. ბარი), დისტენი, სტოუნსი, ოვიედო, მაკარტი, გიბსონი (69. იაგიელკა), დეულოფეუ, ნეისმიტი (80. მირალიაში), ლუკაკუ

ასტონ ვილა-ტოტენჰემი 0:4
გოლები: 0:1 დეფო (45), 0:2 პაულინიო (49), 0:3 შადლი (86), 0:4 დეფო (90)
ასტონ ვილა: სტირი, ლოუტონი, ვლაარი, ბეიკერი, ე. ბენეტი, ელ-აჰმადი (46. ბოური),, სილა, ოლბრაიტონი, ბაკუნა, ტონევი (82. რობინსონი), კოზაკი (46. ჰელენიუსი)
ტოტენჰემი: ფრიდელი, უოლკერი (80. დოუსონი), კირიკეში, ვერტონგენი, ფრაიერსი, პაულინიო (64. დემბელე), სანდრო, ლამელა, ჰოლტბი, დეფო, კეინი (73. შადლი)

მანჩესტერ სიტი-უიგანი 5:0
გოლები: 1:0 ჯეკო (33), 2:0 იოვეტიჩი (60), 3:0 ი. ტურე (76), 4:0 იოვეტიჩი (83), 5:0 ხ. ნავასი (86)
მანჩესტერ სიტი: პანტილიმონი, რიჩარდსი, ბოაიტა, ლესკოტი, კლიში, ფერნანდინიო (46. ი. ტურე), ხ. გარსია, მილნერი, მ. ლოპეში (71. ხ. ნავასი), იოვეტიჩი, ჯეკო (79. ნეგრედო)

სუინდონი-ჩელსი 0:2
გოლები: 0:1 ტორესი (29), 0:2 რამირესი (35)
ჩელსი: შვარცერი, ასპილიკუეტა, კეჰილი, ლუისი, ბერტრანი, ვან გინკელი (10. რამირესი - 46. ტერი), ესიენი, დე ბრუინი (78. ბა), მატა, ვილიანი, ტორესი

ჰალი-ჰადერსფილდი 1:0
გოლი: 1:0 პროშვიტცი (59)
ჰალი: ჰარპერი, როსენიორი, ბრუსი, ფაიე, დადეჯონი, ბოიდი, მეილერი, ქუინი (74. ჰენდერსონი), ფრაიატი (68. გედო), პროშვიტცი, საგბო

საუთჰემპტონი-ბრისტოლ ს. 2:0
გოლები: 1:0 გ. რამირესი (15), 2:0 ჰოიველდი (83)
საუთჰემპტონი: კ. დევისი, კ. ჩემბერსი, იოშიდა, ჰოიველდი, ფოქსი, ს. დევისი (87. როუი), კორკი, ვორდ-პრაუსი, გ. რამირესი, დო პრადო (74. რიდი), ტ. ლი (74. ჯ. როდრიგესი)

სანდერლენდი-პიტერბორო 2:0
გოლები: 1:0 ჯაკერინი (32), 2:0 რობერჟი (74)
სანდერლენდი: ვესტვუდი, გ. გარდნერი, ოში (61. რობერჟი), კუელიარი, კოლბეკი, კი, ლარსონი, ა. ჯონსონი, ლ. კატერმოული, ჯაკერინი (81. ბორინი), ალტიდორი (85. უიკჰემი)

უოტფორდი-ნორვიჩი 2:3 (დ.დ)
გოლები: 1:0 აკუნა (23), 2:0 ფარაონი (55), 2:1 მერფი (77), 2:2 ჰუპერი (90), 2:3 ჰუპერი (116)
ნორვიჩი: ბენი, უიტაკერი, რ. მარტინი, რ. ბენეტი, გარიდო (46. ელმანდერი), რედმონდი, ბ. ჯონსონი (67. მერფი), ტეტი, ოლსონი, ჰულაჰანი (74. ფერი), ჰუპერი

ბარნლი-ნოტინგემ ფორესტი 2:1
გოლები: 0:1 დერბიშირი (24), 1:1 ინგსი (45), 2:1 ინგსი (68)

ლესტერი-დერბი 2:1
გოლები: 0:1 მარტინი (42), 1:1 ნოკერტი (78), 2:1 დრინკუოტერი (81)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ასტონ ვილას" თავდამსხმელ ნიკლას ჰელენიუსს მოედანზე შორტი ჩახადეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული