დენიელ სტარიჯისა და ლუის სუარესის მრისხანე დუეტი "ლივერპულში"

AutoSharing Option
"სანდერლენდთან" შეხვედრაში "ლივერპულის" გულშემატკივარმა გაიხსენა, თუ რამდენად საშიშია მათი გუნდი, როდესაც მოედანზე ორი მრისხანე თავდამსხმელით გადის.

დენიელ სტარიჯს გატანა რომ უყვარს და ეხერხება, ამას მიმდინარე სეზონშიც ამტკიცებს. "შავ კატებთან" მან კიდევ ერთი დადებითი თვისება გვიჩვენა - მეწყვილეს ორი მომენტი "ლანგრით მიართვა" და დუბლის შესრულებაში დაეხმარა.

ლუის სუარესი პრემიერლიგას ზუსტად 161-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და თანაც, უკვე ორი შვილის მამის სტატუსით. ფეხბურთელმა პირველი გოლი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა, მეორე კი უშუალოდ პატარა ბენხამინს, ვინც 27 სექტემბერს დაიბადა.

მერსისაიდელებს დიდწილად გაუმართლათ კიდეც, რადგან
სიმონ მინიოლე კვირას მოწოდების სიმაღლეზე იყო. ბელგიელმა პირველად ითამაშა "სტედიუმ ოფ ლაითზე" სტუმრის რანგში და ყოფილი თანაგუნდელები არაერთხელ გააწბილა.

ისიც სათქმელია, რომ შეხვედრის არბიტრმა ჰოვარდ ვებმა სტარიჯის გოლის ეპიზოდში ერთობ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბურთი თავდამსხმელს თავში კი არ მოხვდა, როგორც ამას თავად გეგმავდა, არამედ იდაყვს ზემოთ, მაგრამ მაინც მკლავზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
თამაშის დასრულების შემდეგ "ლივერპულის" თავკაცი პრესკონფერენციაზე ბედნიერი გამოცხადდა. გთავაზობთ ბრენდან როჯერსის შემაჯამებელ სიტყვას:

"გულზე ხელს დავიდებ და ისე ვიტყვი, რომ პრემიერლიგაში ჩვენზე ძლიერი დუეტი თავდასხმაში, ალბათ, არავის ჰყავს.

შეხვედრამდე სათამაშო სქემის ოდნავ შეცვლა გადავწყვიტეთ, რათა უკეთ გამოგვსვლოდა პასებით თამაში და თანაც, არსებული შემადგენლობის პოტენციალი უკეთ გამოგვეყენებინა.

დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში სუარესი-სტარიჯის დუეტი კიდევ უფრო ძლიერად ათამაშდება. ჩვენ აქამდეც ძალიან ბევრს ვშრომობდით ვარჯიშებზე, რათა მათ შორის შეუთანხმებლობის პრობლემა არ ყოფილიყო. მათ ეფექტურობას ზრდის ის გარემოებაც, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან.

სტარიჯი სწრაფია, ფიზიკურად ძლიერია და ორივე ფეხით კარგად თამაშობს, სუარესი - მოხერხებული და ტექნიკური, ვისაც პოზიციის შერჩევის ნიჭი აქვს. სწორედ ამიტომ არის, რომ ისინი მეტოქის მცველებს თავს ატკიებენ.

მინდორზე მათი ურთიერთგაგება ჰაერიდან არ მოსულა. ლუისიც და დენიელიც ძალიან ბევრს შრომობდნენ ამისთვის. ჯერ კიდევ შარშანდელი სეზონის ბოლოს ვგეგმავდით 3-4-1-2 განლაგებაზე გადასვლას. ამ იდეას დიდხანს ვამუშავებდით და ლუისის დაბრუნებას ველოდით. შედეგად ძალიან ძლიერი დუეტი მივიღეთ.

ორივესთვის უპირველესი გუნდის ინტერესებია. მოწოდებით ბომბარდირებს ერთნაირად ახარებთ როგორც გოლების, ისე საგოლე გადაცემების ავტორობა. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თამაშის წესებს ისინი არ გადაუხვევენ. სუარესი ძალიან ძლიერია ფსიქოლოგიურად. მას არ აინტერესებს, რას ფიქრობენ და რას ლაპარაკობენ მასზე. მისთვის მთავარი სათამაშო პროცესია.

მიუხედავად ურთულესი ცხოვრებისეული ეტაპისა, ის თავის თავში არ ჩაკეტილა და სწორი გზიდან არ გადაუხვევია. მას იმდენად უყვარს ფეხბურთი, რომ როცა ურუგვაიში გამგზავრება შევთავაზე, ის დარჩა და დამატებით ვარჯიშობდა, დარტყმებს ხვეწდა და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ზრუნავდა. მას სურდა, რომ დაბრუნების დროისთვის საუკეთესო ფორმაში ყოფილიყო.

სტარიჯზე კი იმას ვიტყვი, რომ მას ყველაფერი აქვს წარმატებული კარიერის ასაწყობად. დენიელს მხოლოდ ნდობა სჭირდება მწვრთნელისა და თანაგუნდელების მხრიდან. როცა ამის შეგრძნება იპყრობს, მაშინვე ახერხებს თამაშზე განსაკუთრებული გავლენის მოპოვებას. ზოგს ის მხოლოდ დამაგვირგვინებელ ფაზაში წარმოუდგენია, თუმცა ამგვარი დამოკიდებულება არასწორია.

დენიელს ეხერხება თამაში შეტევის სიღრმიდანაც და ფლანგებიდანაც. კარგად დაუკვირდით, თუ რამხელა სამუშაოს ასრულებს. ჩემი აზრით, ის ფენომენია"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დანიელ სტარიჯი: ხელით განზრახ არ მითამაშია [VIDEO]
ინგლისი. პრემიერლიგა. VI ტური: მანჩესტერი წყვილად აგებს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული