ინგლისური პრობლემა: არის თუ არა ნატურალიზაცია გამოსავალი?

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებს ჩერნოგორიასთან "უემბლიზე" მოუწევს დაპირისპირება, 15 ოქტომბერს კი ამავე არენაზე ის უკვე პოლონეთს უმასპინძლებს. ვიმედოვნებთ, რომ "სამი ლომი" მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს აუცილებლად მოიპოვებს. მას გარანტირებული ნამდვილად არაფერი აქვს, რადგან სხვაობა უახლოეს კონკურენტებთან უმნიშვნელოა.

ის ჩერნოგორიასა და უკრაინას თითო ქულით უსწრებს, პოლონეთს - სამით. როი ჰოჯსონის გუნდის თამაშს ვერაფრით დავარქმევთ შთამბეჭდავს. პირიქით, გამოცემები 65 წლის სპეციალისტის სანაკრებო მომავალს ეჭვქვეშ აყენებენ.

საფეხბურთო ასოციაციის პირველი პირი გრეგ ვან დაიკი საზოგადოებას საერთო მიზნის მისაღწევად გაერთიანებას სთავაზობს და სთხოვს, რომ ამ ეტაპზე აღნიშ
ნულ თემას ნუ შეეხებიან. ბატონი პრეზიდენტი, ამას გარდა, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხო.

მაგალითად - ფეხბურთელთა ნატურალიზაციას. ვან დაიკმა პოლიტიკური ტექნოლოგიების სპეციალისტთა ილეთი გამოიყენა და პირადად არც დაადასტურა და არც უარყო, რომ მისი ორგანიზაცია უკვე მუშაობს "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის ნახევარმცველის, ადნან იანუზაის ინგლისის ნაკრებში მისაწვევად.

- არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მომავალზე მსჯელობის დროა. გუნდს წინ ორი უმნიშვნელოვანესი თამაში ელის და რაც მთავარია, მას უკვე ჰყავს დამრიგებელი. თამაშებმა ჩაიაროს და დრო თავზესაყრელად გვექნება. ამ წუთას მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მე მომწონს ჰოჯსონის მუშაობა.

ასოციაციის წესებს უნდა გადავხედოთ, რათა უხეშად არ დავარღვიოთ არსებული ბალანსი. ამასთან, უცხო ქვეყნებში მოქმედი პრაქტიკაც უნდა გავითვალისწინოთ, რათა არნახული კონკურენციის პირობებში წამგებიან მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ. პირდაპირ ნამდვილად არ ვიწონებ, თუმცა არც უარვყოფ იანუზაის ინგლისის ნაკრებში თამაშის იდეას. მიმაჩნია, რომ თუკი ასეთი პრაქტიკა ერთხელ დამკვიდრდა, სხვა დროსაც განმეორდება. მთავარია, ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდა გარკვეული სისტემის ქვეშ მოექცეს.

მთავარი საფრთხეები ინგლისური ფეხბურთისთვის
გუშინდელმა BBC-მ "ოპტასპორტს"-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარს საზარელი სურათი დაუხატა. თუკი მხოლოდ ციფრებს ვენდობით, გამოდის, რომ პრემიერლიგას, წლებთან ერთად, სულ უფრო ნაკლები უფლება რჩება, რომ ინგლისური ვუწოდოთ. სხვა თუ არაფერი, ბედის ირონიაა, რომ პროცენტულად ყველაზე მეტი ინგლისელი უელსური "კარდიფ სიტის" რიგებში თამაშობს.

2007/08 წლების სეზონში ინგლისელთა წილად საერთო სათამაშო დროის 35.25% მოდიოდა, მიმდინარე სეზონში კი ეს რიცხვი 31.8-მდე ჩამოვიდა. გამოდის, რომ ჩემპიონატი, რომლითაც ინგლისელები ასე ამაყობენ, 2/3-ზე მეტით უკვე უცხოური პროდუქტია. 31.8 ძალიან ცოტაა თუნდაც იმიტომ, რომ ევროპის ტოპ-ლიგებში (მაგალითად, იტალიასა და გერმანიაში) ეს რიცხვი 50-ს ოდნავ არის ჩამოცილებული, ესპანეთში კი ის სულაც 59%-ს აღწევს.

პრემიერლიგაში მცირდება არა მხოლოდ ინგლისელების, არამედ, ზოგადად, ბრიტანელთა რაოდენობაც. შოტლანდიელები, უელსელები და ჩრდილოირლანდიელები ერთად პრემიერლიგაში უფრო ცოტანი დარჩნენ (7.17), ვიდრე ფრანგები (7.98). რაოდენობრივად საკმაოდ ბევრნი არიან ჩემპიონატში ესპანელებიც (6.18) და ჰოლანდიელებიც (3.94).

პარადოქსია, რომ უელსელთა რაოდენობა კლებულობს მაშინ, როცა ლიგაში ორი უელსური კლუბი თამაშობს. პრემიერლიგიდან განდევნილი ინგლისელები და სხვა ბრიტანელები თავს ინგლისის ჩემპიონშიპის ან შოტლანდიის ლიგის გუნდებს აფარებენ.

ალან შირერი (ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი):
- ინგლისური ფეხბურთისთვის რთული დრო დადგა. უკვე ცხადი ხდება, რომ ის იმდენად ჯანსაღი ნამდვილად არ არის, როგორც შორიდან შეიძლება ჩანდეს. ვშიშობ, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად იმაზე მეტი დრო იქნება საჭირო, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ცხადია, ეს ყოველივე ეროვნულ ნაკრებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მეორე მხრივ, იმის გახსენებაც შეიძლება, რომ ინგლისმა 1994 წელს მაშინაც კი ვერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა, როცა პრემიერლიგაში აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი ფეხბურთელები წარმოადგენდნენ. ასე რომ, პრობლემა მხოლოდ ლეგიონერთა სიმრავლეში არ უნდა იყოს, რომლებიც ახალგაზრდა ინგლისელებს ცხოვრებას ნამდვილად ურთულებენ.

უცხოელი ფეხბურთელების მოყვანა ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ინგლისელის აღზრდა. გუნდების მთავარ მწვრთნელებს დრო არ რჩებათ ექსპერიმენტებისთვის. მათ მიზნების მისაღწევად მზა ფეხბურთელები სჭირდებათ
.

არსენ ვენგერი ("არსენალის" მთავარი მწვრთნელი):
- ორად ორი გამოსავალი არსებობს. პირველი, თუკი მოვიწვევთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს და ადგილობრივ მოთამაშეებს მათ მაგალითზე გავზრდით. მეორე გზა კი ასეთია: მაქსიმალურად დავიცვათ ინგლისელები და მხოლოდ მათ მივცეთ თამაშის შესაძლებლობა. მიმაჩნია, რომ გლობალიზმის ეპოქაში რეალური გზა განვითარებისა ისედაც ცხადი უნდა იყოს.

უმთავრესი შემდეგ შეკითხვაზე პასუხის მიღებაა, შეუძლია კი მხოლოდ ინგლისურ ფეხბურთს იმდენი მაღალი დონის ფეხბურთელის გაზრდა ყოველწლიურად, რამდენიც პრემიერლიგის კლუბებს სჭირდებათ
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. VII ტური: თინეიჯერი არსაიდან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული