მესუთ იოზილი გერმანიის ნაკრებიდან "არსენალში" ტრავმირებული ბრუნდება

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მესუთ იოზილი შვედეთთან შეხვედრის 82-ე წუთზე შეცვალა.

ამ მომენტისთვის უკვე დაფიქსირებული იყო საბოლოო ანგარიში, თუმცა გულშემატკივარს შესაძლოა თვალში მოხვდა, რომ "არსენალის" 25 წლის ვარსკვლავმა ტრადიციულად სათადარიგოთა სკამს კი არ მიაშურა, არამედ გასახდელს. სპორტული ვებგვერდების მტკიცებით, პლეიმეიკერმა მოედანი მუხლის ტრავმის გამო დატოვა. რა იყო ეს, იძულებითი ნაბიჯი თუ ტაქტიკური გადაწყვეტილება, ამას უახლოეს დღეებში შევიტყობთ. რომ არა ეს შეცვლა, იოზილი გახდებოდა ერთადერთი გერმანელი ფეხბურთელი, ვისაც შესარჩევი ეტაპის ათივე შეხვედრა სრულად ექნებოდა ჩატარებული.

კასორლა მზად არის, უოლკოტი?
Goal.com-ის ცნობით, სანტი კასორლამ ტრავმა მოირჩინა. 28 წლის ნახევარმცველმა კოჭი ესპანეთის ნაკრების სექტემბრის შეკრებაზე დაიზიანა და მას მერე არ უთამაშია. შაბათს "ნორვიჩთან" კი, წესით, უკვე ძირითადში უნდა იყოს. ესპანური პრესა საფუძვლიან ეჭვს გამოთქვამს, რომ სანტის თამაში პრემიერლიგის ბოლო ტურშიც შეეძლო "ვესტ ბრომვიჩთან", თუმცა ექიმებმა მას ამის უფლება განგებ არ მისცეს, რათა ვისენტე დელ ბოსკეს ამის შემდეგ ის "ფურია როხას" შეკრებაზე არ მიეწვია.

ვარჯიში განაახლა, თუმცა ჯერ სრულფასოვანი საწვრთნელი პროცესი არ დაუწყია თეო უოლკოტს. იმისთვის, რომ უქმეებზე მატჩისწინა ტესტებზე დაუშვან, უოლკოტი გუნდს დღესვე უნდა შეუერთდეს. თეოს მუცლის კუნთების პრობლემა 18 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაში "მარსელთან" შეხვედრაში შეექმნა.

ვენგერმა ის 78-ე წუთზე ნაჩო მონრეალით შეცვალა. ექიმების პროგნოზით, სარეაბილიტაციო ეტაპი თვე-ნახევარი უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი ბევრად უფრო სწრაფად წარიმართა.

"მეთოფეებს" შემადგენლობაში სხვა დაშავებულებიც ჰყავთ, მაგალითად: ბაკარი სანია, აბუ დიაბი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ლუკას პოდოლსკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მესუთ იოზილი: სამაგალითო ევროპელი ვარ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული