როი ჰოჯსონი "მაიმუნისთვის" ბოდიშს იხდის

AutoSharing Option
ინგლისურ პრესას რომ სკანდალები უყვარს, ეს ახალი ამბავი არ არის. ამჯერად ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ როი ჰოჯსონმა ანდროს ტაუნსენდთან საუბრისას "შემთხვევით" სიტყვა მაიმუნი გამოიყენა. თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

მით უფრო, რომ ფეხბურთელს არავისთვის შეუჩივლია, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. ვისი წყალობით გახდა ცნობილი მედიისთვის მწვრთნელისა და ფეხბურთელების საუბრის შინაარსი, უცნობია, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელს მობოდიშება დასჭირდა:

"ბოდიშს ვიხდი, თუკი პოლონეთთან შესვენებისას ჩემ მიერ გამოყენებული ფრაზა ძალიან უხეში აღმოჩნდა. ნამდვილად არ მქონია სურვილი, ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. მე ეს ანდროსს
ჯერ კიდევ გასახდელში ყოფნისას ავუხსენი. ჩვენ ერთმანეთს მატჩის მეორე დღესაც შევხვდით, ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ გამიმეორა, რომ მისთვის ყველაფერი გასაგები იყო და ჩემი ფრაზა ცუდად არ მიუღია"
.

ანალოგიური განცხადება გააკეთა უეინ რუნიმაც. მან გაზეთებს უადგილო ადგილას სკანდალის აგორებაში დასდო ბრალი.

პრესკონფერენციაზე ჰოჯსონმა, თავის მართლების გარდა, ნაკრების მომავალზეც ილაპარაკა. მან ყველაზე დიდი დრო ახალგაზრდა თაობაზე ლაპარაკს დაუთმო:

- რაველ მორისონი უცბად გამოჩნდა სცენაზე. ვიცი, რომ ყველას გაინტერესებთ მისი პერსპექტივა. ის უკვე შედის ჩვენს გეგმებში, რადგან განსაკუთრებულ ტალანტად მივიჩნევთ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე უკვე გამოკვეთილია მოთამაშეების ძირითადი ჯგუფი. ძალიან მომწონს ახალგაზრდული ნაკრების თამაში. ეს გუნდი თამაშობს ზუსტად ისე, როგორც თავად გვინდა, რომ ვითამაშოთ. ის მოძრაობს სინქრონულად და პასებსაც ასე იძლევა.

მომდევნო ექვსი თვე განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის იმის გასარკვევად, ვინ არის მზად დიდი გამოცდისთვის. თუმცა გვყავს ისეთებიც, რომელთაც თავიანთი საჭიროება უკვე დაამტკიცეს. მაგალითად - უელბეკი, უოლკერი, უილშირი და ბარკლი.

იანუზაი მზად არის
"დეილი მეილის" მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის ნახევარმცველი ადნან იანუზაი მზად არის, მიიღოს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის შეთავაზება და "სამ ლომში" თამაშს დათანხმდეს. თავად ადნანი ბრიუსელშია დაბადებული.

მისი მშობლები კი კოსოვოელი ალბანელები არიან, რომლებმაც ბელგიას ბალკანური კრიზისის დროს მიაშურეს. ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ იანუზაი რამდენჯერმე მიიწვია ასაკობრივ გუნდებში, თუმცა ამაოდ. ალბანელთა წინადადება კი ადნანს სერიოზულად არც განუხილავს.

იმისთვის, რომ იანუზაიმ უახლოეს მომავალში შეძლოს ინგლისელთა რიგებში თამაში, მას დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღება დასჭირდება. ასოციაცია უკვე აწარმოებს კონსულტაციებს კვალიფიციურ იურისტებთან.

19 ნოემბერს "უემბლიზე"
"ასოშიეიტედ პრესის" ინფორმაციით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ინგლისის ნაკრები 19 ნოემბერს "უემბლიზე" გერმანიას უმასპინძლებს. ინგლისი 15 ან 16 ნოემბერსაც ჩაატარებს ერთ შეხვედრას, თუმცა ვისთან, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ლონდონ ან ავსტრალია ეწვევა, ან არგენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014: ინგლისი ირჩევს რიოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული