ინგლისი. პრემიერლიგა. IX ტურის შეჯამება და სიმბოლური: დანა ზურგში

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ტურის ცენტრალური შეხვედრა ბოლო წამებზე საკუთარი ფეხბურთელების უხეში შეცდომების გამო დათმო და მე-4 ადგილიდან მე-7 საფეხურამდე დაქვეითდა.

სტუმრად ჩატარებული 5 თამაშიდან "ქალაქელებმა" 3 წააგეს და მაქსიმალური 15 ქულიდან 11 დაკარგეს.

60 წლის ჩილელმა სპეციალისტმა საჯაროდ საკუთარი ფეხბურთელების კრიტიკისგან თავი ვეღარ შეიკავა და მარცხს სულელური უწოდა. მან უარი თქვა კონკრეტული "დამნაშავეების" დასახელებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი ვინაობა ყველასთვის ცნობილია, ვინც კი თამაშს ადევნა თვალი ან მიმოხილვა მაინც ნახა.

მანუელ პელეგრინი:
"უკვე სამი მატჩი წავაგეთ სტუმრად, თუმცა მიმაჩნია, რომ ამას
არც ერთ შემთხვევაში არ ვიმსახურებდით. არ ვიცი, ასეთ დროს მარცხი ყველაზე გულსატკენი არის თუ არა, მაგრამ ერთ-ერთი ნამდვილად არის გულის ტკივილის მიზეზებს შორის. ეს იყო მორიგი მარცხი და მორიგი ძვირად ღირებული შეცდომა. ვფიქრობ, ახლა დამნაშავეთა ძებნის დრო არ არის. ამ თემაზე უახლოესი კვირის განმავლობაში ვიფიქრებთ".

ჟოზე მოურინიო:
"შესაძლოა, ვინმემ წამოგვაძახოს, რომ საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია და რომ მეტოქე რიგ მომენტებში გვჯობდა კიდეც, რომ ჩვენგან საუკეთესო პეტრ ჩეხი იყო, თუმცა პირველ ტაიმში ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა. ცხრა ტურში 20 ქულა დავაგროვეთ, თანაც "იუნაიტედთან", "ტოტენჰემთან", "ევერტონსა" და "სიტისთან" თამაშები მოვიტოვეთ ზურგს უკან.

მესმის მეტოქის განცდების, რადგან "ბაიერნთან" სწორედ ბოლო წამებზე წავაგეთ. ისეთ შეგრძნებას ჰგავს, თითქოს, ვიღაცამ ზურგში დანა ჩაგარტყა, შენ კი მისთვის თვალებში ჩახედვის შანსი არ გქონდა. ასეთი ემოციების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია".

ფაქტები
"კრისტალ პალასმა" "არსენალი" საშინაო შეხვედრებში მხოლოდ ერთხელ დაამარცხა, ისიც შორეული 1979 წლის ნოემბერში. მოუგებელი სერია "სელსჰარტ პარკზე" უკვე 9 მატჩს შეადგენს. აქედან მასპინძელმა მხოლოდ ორჯერ ითამაშა ფრედ.

შაბათამდე მათი უკანასკნელი შეხვედრა (5:1) ერთგვარად ისტორიული იყო, რადგან პირველად პრემიერლიგური გუნდის განაცხადში, ვგულისხმობთ "არსენალს", არც ერთი ბრიტანელი ფეხბურთელი არ ყოფილა. ეს 2005 წლის 14 თებერვალს მოხდა.

* * *
"ასტონ ვილასა" და "ევერტონს" შორის, ინგლისის უმაღლესი ლიგის ეგიდით, ყველაზე მეტი მატჩია გამართული. შაბათის შეხვედრა მათ შორის 197-ე იყო. მეტოქეთა ანგარიშზე ახლა უკვე 72-72 მოგებაა.

"ევერტონმა" მეტოქე უკანასკნელი 15 შეხვედრიდან მხოლოდ მეორედ დაამარცხა, თუმცა "ვილა პარკზე" ეს მისი ზედიზედ მეორე მოგება აღმოჩნდა. იქამდე ლივერპულელთა მოუგებელი სერია 12 მატჩს აღწევდა.

"ევერტონმა" უკანასკნელ 19 შეხვედრაში პირველად მოახერხა ბირმინგემელებთან კარის მშრალად შენახვა.

* * *
"ლივერპულმა" "ვესტ ბრომვიჩს" ღირსეული პასუხი გასცა შაბათის დაპირისპირებამდე უკანასკნელი 5-დან 4 შეხვედრაში მოგებისთვის.

არადა, 2010/11 წლების სეზონამდე, სანამ "ბრომვიჩის" წარმატებები დაიწყებოდა, მერსისაიდელებს მასთან ზედიზედ 9 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული მშრალი ანგარიშით.

* * *
"სტოკს" "ოლდ ტრეფორდზე" კატასტროფული შედეგები აქვს - 1976 წლიდან მოყოლებული, 13 შეხვედრაში მხოლოდ 1 ფრე და 12 წაგება. აქედან 10 - ზედიზედ. ამ თამაშებში "იუნაიტედმა" 29 გოლი გაიტანა და მხოლოდ 7 გაუშვა.

"მეთიხეებმა" მეტოქე უკანასკნელად 1984 წლის დეკემბერში დაამარცხეს - 2:1. მას შემდეგ 11 შეხვედრაში "იუნაიტედმა" 10-ჯერ იმარჯვა.

* * *
"ნორვიჩი" და "კარდიფი" უმაღლეს ლიგაში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

ქვედა ლიგებში ისინი ერთმანეთს "კეროუ როუდზე" 23-ედ შეხვდნენ. აქედან სტუმარს მხოლოდ 2 მოგება აქვს.

გუნდებმა ერთმანეთთან ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულეს ფრედ. იქამდე კი, 2007 წლის იანვარში "იადონებმა" შინ 1:2 დათმეს შეხვედრა.

* * *
შაბათის მატჩამდე "საუთჰემპტონს" მეტოქესთან ზედიზედ სამჯერ ჰქონდა ფრედ ნათამაშები, მოუგებელი სერია კი 7 შეხვედრას მოიცავდა. "წმინდანების" უკანასკნელი გამარჯვება 2002 წლის 27 ოქტომბრით თარიღდებოდა.

"სენტ მერიზე" "ფულჰემმა" უკანასკნელად 1935 წლის 26 ოქტომბერს მოიგო.

* * *
ტაინსაიდელები პრემიერლიგაში სულ 23-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. "შავმა კატებმა" მხოლოდ 5-ჯერ იმარჯვეს, მაგრამ აქედან მიჯრით ორჯერ შეძლეს ამის გაკეთება. წინა შემთხვევაში, 2013 წლის აპრილში, ეს იყო პაოლო დი კანიოს სადებიუტო შეხვედრა, ახლა კი - გუს პოიეტის პირველი საშინაო დაპირისპირება.

"სანდერლენდმა" 12 საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ მეორედ იმარჯვა და 5-ჯერ მოახერხა ქულის აღება. კარის მშრალად შენახვა მასპინძელმა უკანასკნელად 1985 წლის აპრილში შეძლო.

* * *
"მანჩესტერ სიტი" "სტემფორდ ბრიჯზე" უკანასკნელი 16 სტუმრობიდან 11-ჯერ დამარცხდა, 4-ჯერ ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ მოიგო.

მეტოქეთა საერთო სტატისტიკაც ლონდონელთა უპირატესობაზე მეტყველებს. მოყოლებული 2000/01 წლების სეზონიდან, "ჩელსიმ" პრემიერლიგის 25 შეხვედრიდან 17 მოიგო და 2-ჯერ ითამაშა ფრედ.

ჟოზე მოურინიომ მანუელ პელეგრინი მერვე შეხვედრაში მეხუთედ დაამარცხა.

* * *
ყველა რანგის ლიგის შეხვედრათა სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, "ვესტ ჰემი" "გედებს" 23-ედ ეწვია. აქედან მას 4 მოგება, 5 ფრე და 14 წაგება აქვს.

"სუონსი"-"ვესტ ჰემის" უგოლო ფრე უჩვეულო სანახაობაა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ აქამდე მათ შეხვედრებში საშუალოდ 3.5 გოლი გადიოდა.

* * *
"ჰალს" "უაით ჰართ ლეინზე" ბოლო ორი შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული, 2008 წლის ოქტომბერში მინიმალური ანგარიშით მოიგო, 2010-ის იანვარში კი 0:0 დაასრულა.

საერთო ბალანსი მაინც "დეზების" უპირატესობაზე მეტყველებს: 25 თამაში, 10 მოგება, 8 ფრე და 6 მარცხი.

"ტოტენჰემმა" მიმდინარე სეზონში შინ 5-დან 3 თამაში მოიგო და სამივე მშრალი ანგარიშით.

IX ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge

სტატისტიკა IX ტურის შემდეგ
საუკეთესო ბომბარდირები:
8 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული)
7 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
6 - ლუის სუარესი (ლივერპული)

საუკეთესო მეპასეები:
4 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), აარონ რემსი (არსენალი)
3 - მესუთ იოზილი (არსენალი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), კევინ მირალიაში (ევერტონი)

გოლი+პასი:
10 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული) - 8+2
9 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 7+2, აარონ რემსი (არსენალი) - 5+4, ოლივიე ჟირუ (არსენალი) - 5+4
7 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 6+1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. IX ტური: "ელ ნინიოს" დიდი დაბრუნება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული