ინგლისი. ლიგის თასი. 1/8-ფინალის გამოხმაურება: ნაცნობი წყვილები

AutoSharing Option
გმირი პენსიონერი
"ტოტენჰემი" "ჰალ სიტის" ოთხ დღეში მეორედ დაუპირისპირდა "უაით ჰართ ლეინზე" და შეხვედრის ბედი ისევ პენალტის წყალობით გადაწყვიტა. არადა, "დეზებს" ნამდვილად შეეძლოთ, საქმე აქამდე არ მიეყვანათ.

42 წლის ბრედ ფრიდელი 53-ე წუთზე უხეშად შეცდა, როცა ბურთი ხელიდან გაუვარდა და კარში შეგორდა. წერტილის დასმა შეეძლო ჰარი კეინსაც, თუმცა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა ბურთი ხარიხას გაარტყა. საბოლოოდ, ამერიკელმა გოლკიპერმა დანაშაული პენალტების სერიაში გამოისყიდა. ის ორჯერ დარჩა დუელში გამარჯვებული.

"ფანტასტიკური ატმოსფერო იყო. მადლობა გულშემატკივარს ამისთვის. ფეხბურთი სწორედ ამითია განუმეორებელი, რომ არავინ იცის წინასწარ,
როგორ დასრულდება ის. შესანიშნავ მატჩს დაძაბული დასასრული ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, 3-4 თვეა, პენალტების სერიისთვის არ გვივარჯიშია,"
- განაცხადა მატჩის შემდეგ ანდრე ვილაშ ბოაშმა.

პელეგრინი მომავალს გეგმავს
"სიტი" და "ნიუკასლი" მიმდინარე სეზონში მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს და ფავორიტმა ამჯერადაც მიაღწია მიზანს. პრემიერლიგის პირველ ტურთან ოთხშაბათის შეხვედრის შედარება არ შეიძლება. მიუხედავად "სიტის" სოლიდური უპირატესობისა, ეს არ იყო ის, რაც აგვისტოში "ეტიჰადზე" ხდებოდა. "ქალაქელებმა" მეტოქე მაშინ მიწასთან გაასწორეს.

ამჯერად "კაჭკაჭებს" შანსი მაინც ჰქონდათ თავის გამოსაჩენად. შეხვედრის დებიუტში სისე ცოტა უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო, პანტილიმონს ბურთს თავზე გადაუგდებდა. არადა, როგორი საქმეა ამის გაკეთება, როცა რუმინელი 202 სმ-ია. გამარჯვებულის ვინაობა ჯეკომ გადაწყვიტა. ბოსნიელმა ჯერ ნეგრედოს გაატანინა, მერე თავად შეაგდო.

"სიტის" ანგარიშის გაზრდა კიდევ შეეძლო, თუმცა საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა. თამაშის დასრულების შემდეგ, ბუნებრივია, პელეგრინის ჰარტის თავს დატრიალებულ ამბებზე მოუხდა კომენტარი. აი, რა თქვა 60 წლის სპეციალისტმა:

"პანტილიმონს მეც და ჩემი ფეხბურთელებიც ბოლომდე ვენდობოდით. თავისი საქმე მან კარგად იცის და ჩვენთან ამიტომაც თამაშობს. კოსტელს სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად აქვს, რადგან ჰარტი პირველ მეკარედ რჩება, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ დღეს შანსი მას მიეცა. მომდევნო ეტაპზე "ლესტერს" უნდა ვეთამაშოთ.

ქვედალიგელთაგან ტურნირს ის ერთადერთი შემორჩა, თუმცა მაინც არ მგონია, რომ იოლი მეტოქე იქნება. "მელიებმა" "ფულჰემი" დამსახურებულად გამოაგდეს. იქამდე დრო ჯერ კიდევ არის. ხვალიდან უკვე "ნორვიჩთან" პრემიერლიგის მატჩზე უნდა ვიფიქროთ"
.

1/8-ფინალი

ნიუკასლი-სიტი 0:0 დ.დ 0:2
გოლები: 0:1 ნეგრედო (99), 0:2 ჯეკო (105)
ნიუკასლი: კრული, დებუში, იანგა-მბივა, უილიამსონი, აიდარა (46. დამეტი - 80. ბენ არფა), ანიტა, ტიოტე, სისოკო, გუფრანი, სისე, შ. ამეობი (66. კაბაი)
სიტი: პანტილიმონი, რიჩარდსი (82. საბალეტა), ბოაიტა, ლესკოტი, კოლაროვი, როდუელი (63. დ. სილვა), ხ. გარსია, ნავასი, მილნერი, იოვეტიჩი (9. ნეგრედო), ჯეკო

ტოტენჰემი-ჰალი 1:1 დ.დ 1:1 პენ: 8:7
გოლები: 1:0 სიგურდსონი (16), 1:1 ფრიდელი (53-ს.კ-ში), 1:2 მაკშეინი (99), 2:2 კეინი (108)
პენ: 1:0 სიგურდსონი, 1:0 მაკლინი (მეკარე); 2:0 დეფო, 2:1 ქუინი; 3:1 ვერტონგენი, 3:2 ბოიდი; 3:2 ლამელა (მეკარე), 3:3 გედო; 4:3 კეინი, 4:4 პროშვიტცი; 5:4 პაულინიო, 5:5 მეილერი; 6:5 კაბული, 6:6 როსენიორი; 7:6 დემბელე, 7:7 მაკშეინი; 8:7 უოლკერი, 8:7 ელმოჰამადი (მეკარე)
ტოტენჰემი: ფრიდელი, უოლკერი, კაბული, ვერტონგენი, ნაუტონი (67. კირიკეში), დემბელე, პაულინიო, ერიკსენი (67. შადლი - 77. კეინი), სიგურდსონი, ლამელა, დეფო

1/8-ფინალის დარჩენილი წყვილი
6 ნოემბერი: სანდერლენდი-საუთჰემპტონი

1/4-ფინალში შეხვდებიან
9 დეკემბერი: ლესტერი-მანჩესტერ სიტი, სტოკ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი, სანდერლენდი/საუთჰემპტონი-ჩელსი, ტოტენჰემი-ვესტ ჰემი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგის თასი. 1/8-ფინალის გამოხმაურება: მეორე დიდი საჩუქარი "ჩელსის" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული