რამირესი - წვრილმანებს გამოდევნებული კაცი

AutoSharing Option
"ჩელსის" საკლუბო ჟურნალმა ბოლო ნომერში რამირესთან ინტერვიუ შემოგვთავაზა, სადაც ბრაზილიელი აღწერს, თუ რამდენად განსხვავებულია ის მოედანზე და ცხოვრებაში.

26 წლის ნახევარმცველი "სტემფორდ ბრიჯზე" 2010 წელს "ბენფიკადან" 19.36 მილიონ ფუნტად გადავიდა. მას შემდეგ პრემიერლიგაში 105 თამაში ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. გაითვალისწინეთ, რომ ის საყრდენი ნახევარმცველია. უნივერსალიზმი რამირესს გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად აქცევს. აი, რას ამბობს ფეხბურთელი თავის თავზე:

- მოთამაშეები ხშირად ამბობენ, რომ სტადიონზე იმისგან რადიკალურად განსხვავებულები არიან, ვიდრე ცხოვრებაში. მეც ყოველთვის ასეთი ვიყავი და ამას
თავისი მიზეზები აქვს. მჯერა, რომ მოედანზე გაგაქვს ის ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ნახე და განიცადე. სწორედ ამიტომ ვარ ისეთი, როგორსაც მხედავთ. ეს დაკავშირებულია მძიმე შრომასთან, ბრძოლასთან.

საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ვითხოვ და ველოდები, რომ საქმეს კარგად გავუძღვები. როცა არაზუსტ პასს ვაკეთებ ან სხვა რამეს ვაშავებ, ჩემს თავს ვადანაშაულებ. მერე მომენტალურად ვიწყებ იმაზე ფიქრს, როგორ უნდა გამოვასწორო საქმე. ამის გამოა, რომ ხალხი მინდორზე ასეთს მხედავს. სწორედ ეს არის მუდმივი საბრძოლო განწყობის ბრალი.

მინდა, რომ რაც შეიძლება მეტად დავეხმარო ვილიანს ადაპტაციაში. ის კარგი ადამიანია, დიდი, კეთილი გულით. არ მგონია, რომ გუნდთან შეგუება გაუჭირდეს, თუმცა, რასაკვირველია, მას ამისთვის დრო დასჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოახერხებს და "ჩელსის" დიდ სარგებელს მოუტანს.

ოსკარის პროგრესის ტემპი ნამდვილად მაოცებს. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ წარმატებული ფეხბურთელი იყოს, მათ შორის, დროც და ნიჭიც. მას "ათიანის" როლი აკისრია. ამას კი, როგორც წესი, უფრო გამოცდილ მოთამაშეებს ავალებენ ხოლმე და არა მასავით ახალგაზრდებს. ვიცი, რომ ერთ დღეს ის აუცილებლად მოიგებს "ოქროს ბურთს". ამისთვის უამრავი წინაპირობა არსებობს.

ხანდახან ვერ ვახერხებ 90 წუთი თანაბარ ტემპში თამაშს, თუმცა ცდას ამისთვის არასოდეს ვაკლებ. გამიმართლა, რომ გამძლეობა არ მაკლია და ზოგადადაც, ამ ეტაპზე კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ. ცენტრალური ნახევარმცველისთვის ეს თვისება აუცილებელია, რადგან ის შეტევაშიც და დაცვაშიც ერთნაირად ეფექტური უნდა იყოს. ეს კი არც ისე მარტივია, როგორც შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს.

აუცილებელია გახსოვდეს, რა ამოცანა გაქვს შესასრულებელი და ამის მიხედვით დააბალანსო შენი თამაში. ყოველთვის ვცდილობ, გავაკეთო მაქსიმუმი იმისა, რაც შემიძლია. მესმის, რომ ნებისმიერი წვრილმანი, რასაც თავს ვერ გავართმევ, გუნდს აზარალებს
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: მსაჯობით "ვესტ ბრომვიჩი" კი არა, ჩვენ უნდა ვიყოთ უკმაყოფილო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული