ინგლისის ნაკრები: საფრთხე ჰარტის ამბიციებისთვის

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებს უთვალავი პრობლემა აქვს. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, რომ სიტყვა არ გაგვიგრძელდეს, თუმცა არის თემები, რომლებიც "სამი ლომის" გულშემატკივარს ყველაზე მეტად აწუხებს.

მაგალითად, ნაკრების კანდიდატთა შეზღუდული სათამაშო დრო პრემიერლიგაში, ტრავმები, რაც კუნძულელებს წლების განმავლობაში ფეხდაფეხ სდევს და რა თქმა უნდა, მეკარის პოზიცია.

ყველას ესმის, რომ რამდენიც უნდა იმუშაოს გუნდმა, რა სქემებიც უნდა შეიმუშაოს ჰოჯსონმა, ყველაფერი წყალში გადაიყრება, თუკი გუნდს კარგი გოლკიპერი არ ეყოლება. ჯერჯერობით ჯო ჰარტის პოზიციას ნაკრებში არაფერი ემუქრება, მაგრამ "სიტიში" სკამზე დიდხანს ჯდომის შემთხვევაში ნაკრებშიც მოუწევთ ალტერნატივაზე ფიქრი.

ჯონ რადი ჰარტს არც ამ ეტაპზე სჯობს და ეჭვი გვაქვს, რომ "ნორვიჩის" კარის დარაჯის თამაშში განსაკუთრებული გარდატეხა არც უახლოეს მომავალში მოხდება. აი, რაც შეეხება სელტიკელ ფრეიზერ ფორსტერს, ეს უკვე საინტერესო ვარიანტია. გიგანტური აღნაგობის მეკარე (201 სმ) შოტლანდიაში უკვე სამი წელია თამაშობს და "კელტების" პირველ ნომრად ითვლება.

მიუხედავად ზომებისა, ის საკმაოდ მოქნილია, უხეშ შეცდომებს, პრაქტიკულად, არ უშვებს და კიდევ ერთი, პენალტებისას დამაჯერებლად თამაშობს, იღებს რა ყოველი ოთხიდან ერთს. "ჰალის" 38 წლის მეკარე სტივ ჰარპერი, ვინც ფორსტერს უკვე 9 წელია იცნობს, პირდაპირ აცხადებს, რომ მისი აზრით, ბრაზილიაში ინგლისის ნაკრების კარის ხაზზე სწორედ მისი მეგობარი უნდა იდგეს:

"იმ დონემდე ასასვლელად, რომელზეც ფრეიზერი ახლა თამაშობს, მას დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ ბოლო წლებში მისი პროგრესი აშკარაა. ამაზე ალბათ კამათიც არ ღირს. ის ჭკვიანი ბიჭია. დაინახა რა, რომ "ნიუკასლში" შანსი არ ექნებოდა, ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადადგა და უცხო ლიგაში წავიდა სათამაშოდ. ფრეიზერს ყოველთვის ჰქონდა უნარი, რომ თამაშები მარტოს მოეგო. ფორსტერს ნამდვილად შეუძლია გაუვალ კედლად დადგომა.

მას ამაში საქმისადმი ფანატიკური სიყვარული ეხმარება. ის ყოველთვის ყურადღებით აკვირდება სხვებს. ეჭვიც კი არავის შეეპაროს, რომ ის ჰარტის ამბიციებისთვის სერიოზული საფრთხეა".

ჰენდო პროგრესის გზაზე
მიმდინარე სეზონში ჯორდან ჰენდერსონი ჯერჯერობით ერთადერთია "ლივერპულის" მინდვრის მოთამაშეთაგან, ვისაც პრემიერლიგის 11 ტურში წუთითაც არ დაუსვენია. ცხადია, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მიერ გამოცხადებული ნდობა ნათელი დადასტურებაა, რომ ფეხბურთელი სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს. მიუხედავად ამისა, ნაკრების შემადგენლობაში მან ფეხი ვერ მოიკიდა.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჰენდოს არ უთამაშია. წელიწადზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩილესთან და გერმანიასთან თამაშებისთვის როი ჰოჯსონმა მას შეკრებაზე უხმო. აი, რას ფიქრობს მერსისაიდელი საკუთარ სანაკრებო პერსპექტივაზე:

- ინგლისის ნაკრებში მიწვევა ჩემი კარიერის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. როდესაც ჰოჯსონის განკარგულებაში ვარ, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებ, ზუსტად ისე, როგორც ეს "ლივერპულში" ხდება. მსოფლიოს ჩემპიონატი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაციაა.

თუკი საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ და შენი თამაშით გუნდის წარმატებებს განაპირობებ, გულშემატკივრები აუცილებლად გამოგარჩევენ სხვებისგან. ნაკრებში კიდევ ერთხელ მომეცა შანსი, ვითამაშო და ჩემი ადგილი დავიმკვიდრო. ამისთვის მუხლჩაუხრელი შრომა მმართებს.

ბრაზილიაში თამაშის პერსპექტივა სხვებივით მეც განსაკუთრებულად განმაწყობს. ჯერარდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე მეხმარება როგორც ვარჯიშებზე, ისე ცხოვრებაშიც. მისგან უკვე ბევრი რამ ვისწავლე და ეს პროცესი ყოველდღიურად გრძელდება
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისის ნაკრებში ორი ახალწვეულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული