უეინ რუნი: საკუთარი როლის ძიებაში ვარ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" 28 წლის თავდამსხმელი უეინ რუნი სეზონის დაწყებამდე მანჩესტერიდან გარბოდა, თუმცა დევიდ მოიესთან ძველმა კავშირებმა თავისი ქნა და დარჩა. არ გვეგულება "ეშმაკების" გულშემატკივარი, ვინც ამას ნანობს, რადგან რუნი მიმდინარე სეზონში საუკეთესოა. განსაკუთრებით ეფექტურია მისი დუეტი რობინ ვან პერსისთან. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ფეხბურთელმა "იუნაიტედ რევიევს" მისცა.

- მოიესის თქმით, ის თქვენი და ვან პერსის მძლავრი დუეტის ჩამოყალიბების პროცესს ადევნებს თვალს. თქვენც ასე ფიქრობთ?
- დიახ, მიმაჩნია, რომ თავდამსხმელებისთვის მთავარი ერთად მუშაობის პრაქტიკა
და გოლებია. გუნდი მხოლოდ მოგებული დარჩება, თუკი მე და რობინი ერთმანეთისთვის მომენტების შექმნაზე ვიზრუნებთ. ეს გამარჯვებების წინაპირობა გახდება. ჩვენ მოედანზე ძალიან გვსიამოვნებს გვერდიგვერდ ყოფნა და ალბათ ამის დამსახურებაც არის, რომ შედეგიანად ავთამაშდით. სეზონი კარგად დავიწყეთ, თუმცა მუდმივად ვეძებთ გზებს თამაშის გასაუმჯობესებლად.

- თქვენ შორის პარტნიორობა ბუნებრივად ვითარდება თუ ამისთვის დიდი შრომა გიწევთ?
- ორივე ფაქტორი მუშაობს. ვან პერსი და მე იოლად ვუღებთ ალღოს ნებისმიერ სიტუაციას, თუმცა არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ გვყავს "ჩიჩარიტოც", ვინც ბოლო დროს შედეგიანად ათამაშდა; ასევე - უელბეკი, ვინც მნიშვნელოვანი წევრია ჩვენი გუნდის. მოედანზე ხშირად ყოფნა და გოლები ამ ბიჭებსაც სწყურიათ.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ "იუნაიტედი" მძიმე სტარტის შემდეგ სიჩქარეს ნელ-ნელა კრეფს...
- უკანასკნელ თამაშებში ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით, ვიდრე სეზონის დასაწყისში. სიმართლე ითქვას, ჩვენ ამას ველოდით კიდეც ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ. გუნდს გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება მოიესის იდეების მოედანზე გადასატანად. ეტაპობრივად ვემსგავსებით ისეთ გუნდს, როგორიც წარმოუდგენია მთავარ მწვრთნელს. გრძელი წაუგებელი სერია გვაქვს. მიმაჩნია, რომ დეკემბერი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება, რადგან წინ დაძაბული თამაშები გველის.

- ვიღაცებს მიაჩნიათ, რომ "სტოკ სიტისთან" თამაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან 1:2 ჩამორჩენის შემდეგ თამაში შემოაბრუნეთ.
- შესაძლოა, "სტოკთან" შეხვედრა არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, თუმცა "ბრიტანიაზე" ნამდვილი გუნდური სულისკვეთება და გამარჯვებებისკენ სწრაფვა გამოვავლინეთ. შესვენებაზე უკვე ვიცოდით, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო, ნებისმიერი შედეგი, გარდა 3 ქულისა, მიუღებელი იქნებოდა. მეორე ტაიმში ვითამაშეთ მაქსიმალურად დისციპლინირებულად და მიზანმიმართულად. ამიტომაც მოვახერხეთ თამაშში დაბრუნება, რამაც გუნდზე გარკვეული დადებითი ზეგავლენა იქონია.

- რისი თქმა შეგიძლიათ საკუთარ ფორმაზე? რჩება შთაბეჭდილება, რომ კმაყოფილი ხართ.
- არაერთხელ მითქვამს, რომ უბრალოდ, ფეხბურთის თამაში მინდა. მიმაჩნია, რომ სეზონი ნორმალურად დავიწყე, გოლების გარდა, თანაგუნდელებს საგოლე სიტუაციებსაც ვუქმნი. ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდი ცხრილის სათავეებს დაუბრუნდეს. უმთავრესი მიზანი სწორედ ეს არის და თუკი ამაში გარკვეულ როლს მეც ვითამაშებ, კმაყოფილი ვიქნები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უეინ რუნი: გერმანელების დამარცხება ორმაგად სასიამოვნოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული