ამ 51 წლის ინგლისელს მაიკ, მიკ, მიკი... ფელანს ალბათ "იცნობთ", იგი 2008 წლის შემდეგ, ფერგიუსონის თანაშემწედ მუშაობდა. სერ ალექსის ნაცვლად პრესკონფერენციაზეც ყოფილა და ისიც ხშირად გვინახავს, მატჩისას როგორ უთათბირიათ ერთმანეთთან მწვრთნელსა და ასისტენტს. თუმცა ფელანს თუ ვენდობით, კიდევ საკითხავია ვინ იყო მწვრთნელი.
სხვათა შორის, სათამაშო კარიერისას, მას ფერგიუსონის შეგირდადაც უბურთავია, 1989-1994 წლებში და
"თავს ბოსად ვგრძნობ, ეს ბუნებრივიცაა, სწორედ ამით ვიყავი დაკავებული უკანასკნელი ხუთი წელიწადი, მაგრამ ასისტენტის სტატუსით. რასაკვირველია, მთლიანობაში ყველაფრის სათავეში ფერგიუსონი იდგა და სახე ის იყო.
იგი რომ დიდი გადაწყვეტილებებების მიმღები არ ყოფილიყო, ვერ აღმოჩნდებოდა იქ, სადაც ახლა არის, მაგრამ პირველი სწორედ თავად აღიარებს, რომ ბოლო წლების წარმატებებში სხვებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. ჩვენ არ ვჩანდით და პატივისცემის ნიშნად ხმასაც არ ვიღებდით, ასეც უნდა ყოფილიყო, ჩემი მხრიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. ახლა თავისუფლად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრი აღარ ვარ.
ჩემთვის პროგრესია, რომ უპრობლემოდ შემიძლია მთავარ მწვრთნელად ვიმუშავო და თუ საინტერესო შემოთავაზებას მივიღებ, სიამოვნებით დავთანხმდები მას. არ ვამბობ, რომ "მანჩესტერში" ვისწავლე ყველაფერი, მაგრამ იქ რომ ხარისხი ავიმაღლე ეს ფაქტია" - განაცხადა ფელანმა.
შესაძლოა ამ ადამიანმა სათანადო დაფასება ვერ მიიღო და ცოტა განაწყენებულიცაა. დევიდ მოიესის მისვლის მერე, "ევერტონის" ყოფილმა თავკაცმა ბევრი რამ შეცვალა და სამწვრთნელო შტაბიც გადაახალისა. ეს ფელანსაც შეეხო, რომელიც გაუშვეს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ გაბრაზება ნაკლებადაა შუაში და ფელანს უბრალოდ სამსახურის პოვნა და ოფიციალურად მთავარ მწვრთნელად სურს თავის მოსინჯვა.
"მოკლედ, ვაპირებ ფეხბურთის დიდ და მრისხანე სამყაროში გამოვჩნდე. ხალხი, რომლებიც მწვრთნელებსა და მენეჯერებს ეძებენ, შესაძლოა არც მიცნობენ ან ისე მიცნობენ, როგორც - მიკ ფელანს, მწვრთნელის ასისტენტს. მათ არ იციან ამ წლების მანძილზე რას ვაკეთებდი, რას მივიღე და რას მივაღწიე. ამიტომაც მინდოდა ეს ყველაფერი მეთქვა" - გვეუბნება ფელანი.
ერთი სიტყვით, ფელანის თქმით, იგი ფაქტობრივად "ფარულ აგენტად" მუშაობდა, ახლა კი ჩრდილში ყოფნა მობეზრდა და სინათლეზე გამოვიდა. საინტერესოა რა გამოხმაურება მოჰყვება მის კომენტარებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ბანაკში და იტყვის თუ არა რამეს თავად ფერგიუსონი.
ისე, ფელანს იმედი უნდა ჰქონდეს, რომ სამუშაოს მალე იპოვნის, რადგან სულ ახლახან მისი კოლეგა და "იუნაიტედის" კიდევ ერთი კადრი რენე მიოლენსტენი "ფულემში" მიიყვანეს მწვრთნელად. იგი თანამემამულე მარტინ იოლს უნდა დაეხმაროს, რადგან "კოტეჯელთა" მენეჯერს სერიოზული პრობლემები აქვს და მოხსნის პირასაა. თუმცა თავად ფელანი ჯერჯერობით რადიოსა და ტელევიზიებში სტუმრობებითაა დაკავებული. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს საკუთარი თავის ასეთი პიარი. ახლახან იგი დუბლინს ესტუმრა და საუბრობდნენ იმაზეც, რომ შესაძლოა შემოთავაზება რომელიმე ირლანდიური კლუბისგანაც მიიღოს.
"მზად ვარ მივიღო წინადადებები ინგლისიდან, პრემიერლიგა იქნება, ჩემპიონშიპი თუ უფრო ქვედა ლიგები. ასევე უცხოეთიდან, თუნდაც ირლანდიიდან, სადაც მუშაობა ინგლისელისთვის განსხვავებული რამაა. არავისადმი არ მაქვს აგდებული დამოკიდებულება, ყველას პატივსვცემ და თავს ყველგან კარგად ვიგრძნობ, მთავარი საქმე და კლუბის გეგმებია" - დასძინა ფელანმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექს ფერგიუსონის 45 შეცდომა