წიგნს სრულად არ გავცნობივართ, თუმცა, ჩანს, რომ "ჩემი ავტობიოგრაფია" უფრო გულახდილი და შესაბამისად, ცოტა უფრო სკანდალურია.
შევეცდებით, ყველაზე საინტერესო თავები ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე გაგაცნოთ...
წინათქმა
ფიქრი იმაზე, თუ რას დავწერდი ამ წიგნში, რამდენიმე წლის წინ დავიწყე. თავისუფალ დროს შევუდექი ისეთი ჩანაწერების გაკეთებას, რაც საინტერესო უნდა ყოფილიყო როგორც საქმეში ჩახედული, ისე, რიგითი გულშემატკივრისთვის.
შესავალი
პირველად დაახლოებით 30 წლის წინ გავიარე ეს გვირაბი და "ოლდ ტრეფორდის" მინდორზე დავდგი ფეხი. ვნერვიულობდი, ვგრძნობდი, რომ ჩემკენ მილიონი წყვილი თვალი იყო მომართული. "სტრეტფორდ ენდის" ტრიბუნას ხელი დავუქნიე. წარმადგინეს როგორც "იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი.
ახლა კი ვდგავარ ამავე ადგილას, საკუთარ თავში დარწმუნებული და გემშვიდობებით. რამდენად დარწმუნებულიც არ უნდა ვყოფილიყავი საკუთარ თავში კონტრაქტის გაფორმების დროს, წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, თუ რამდენად წარმატებული კარიერა მელოდა წინ.
ფოტოზე: სერ ალექსის პირველი ტიტული "აბერდინთან" ერთად მოგებული თასების მფლობელთა თასი იყო
განსჯა
თუკი საჭიროა თამაში, რომელიც დაახასიათებდა იმას, რასაც წარმოადგენდა "იუნაიტედი" ჩემთვის, ეს იყო მატჩი ნომერი 1500 - "ვესტ ბრომვიჩთან". უკანასკნელი შეხვედრა კარიერაში. 5:5. გიჟური. ბრწყინვალე. სუნთქვის შემკვრელი. დაუჯერებელი.
თუკი "იუნაიტედის" თამაშზე მიდიხართ, მაშინ უნდა ელოდოთ გოლებს და დრამას. თქვენს გულს ნამდვილი გამოცდა ელის. არ მისაყვედურია, რომ ბოლო 9 წუთში უპირატესობა გავფლანგეთ, თუმცა მატჩის ანალიზი მაინც ჩავატარე და ფეხბურთელებს ვუთხარი: "მადლობა, ბიჭებო, ძალიან კარგები იყავით. უკანასკნელ თამაშში ნამდვილი სანახაობა მაჩუქეთ".
მოიესი ჩემს შემცვლელად სწორედ მაშინ დაინიშნა. თამაშის შემდეგ ჯერ კიდევ გასახდელში ვისხედით, როცა გიგზმა გამოგვიცხადა, რომ დევიდი საკუთარი პოსტიდან გადადგა. ჩემი კარიერა უკვე დასრულებული იყო. ოჯახი "ვესტ ბრომის" სტადიონზე მელოდა, წინ კი - სრულიად ახალი ცხოვრება.
თამაშის დაწყებამდე, ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ თითოეულ წამს ვაფიქსირებდი. ჩემთვის სულაც არ იყო რთული ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ვიცოდი, რომ ამისთვის საუკეთესო დრო იყო შერჩეული. ბიჭებმა თამაშამდე მაცნობეს, რომ ჩემთვის განსაკუთრებული საჩუქარი ჰქონდათ. ეს აღმოჩნდა 1941 წლის გამოშვება "როლექსი". ისრები 3:04-ზე იყო გაჩერებული. ზუსტად იმ დროზე, როცა დავიბადე. იდეა რიო ფერდინანდს ეკუთვნოდა, საათების დიდ მოყვარულს.
ფეხბურთელებს დაბნეული გამომეტყველება ჰქონდათ. ბევრმა მათგანმა არ იცოდა, როგორ უნდა ეთამაშა ფეხბურთი ჩემ გარეშე და საკუთარ თავს ეკითხებოდა, რა იქნებოდა შემდეგ.
ჩვენს კარში გოლების წვიმის მიუხედავად თამაშის შემდეგ გასახდელში ყველანი მშვიდად ვიყავით. მოედანზე დავრჩით, რათა მივსალმებოდით ჩვენს გულშემატკივარს. გიგზმა მათკენ მიმითითა. ფეხბურთელებმა დისტანცია დაიჭირეს. ასე დავრჩი ბედნიერი ხალხის სახეებით შეკრულ უზარმაზარ მოზაიკასთან. რა თქმა უნდა, გვინდოდა, 5:2 მოგვეგო, მაგრამ გარკვეულწილად 5:5 უფრო შესაბამისი ანგარიში იყო. ეს იყო პირველი მსგავსი ანგარიში პრემიერლიგის ისტორიაში და პირველი ჩემს კარიერაში.
ეს იყო ჩემი სამწვრთნელო ისტორიის უკანასკნელი ნაჭერი.
პირველად 2012 წლის მარტში დავფიქრდი წასვლაზე. სადღაც შობისთვის უკვე გადაწყვეტილი მქონდა. "უნდა გადავდგე", - "რატომ" მკითხა კეტიმ. "შარშან ტიტული უკანასკნელ თამაშში დავთმეთ. წელს ამის მაგვარს უკვე ვეღარ გადავიტან. იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატს მოვიგებთ, გავალთ ჩემპიონთა ლიგისა და ასოციაციის თასის ფინალებში. ჩემთვის ეს შესანიშნავი დასასრული იქნება".
მეუღლეს ოქტომბერში და ბრიჯეტი დაეღუპა. ძალიან გაუჭირდა და იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩემი გადაწყვეტილება მართებული იქნებოდა, დრო ცოტა დასჭირდა. კონტრაქტის თანახმად კლუბი 31 მარტამდე უნდა გამეფრთხილებინა.
დამთხვევები ხდება ხოლმე. თებერვლის ერთ-ერთ კვირა საღამოს დევიდ გილი მირეკავს და მთხოვს, რომ ვესტუმრო. კვირას? მაშინვე ვიფიქრე, რომ წასვლას აპირებდა. დევიდმა დამიდასტურა. "დალახვროს ეშმაკმა, დევიდ," - სხვა რა გზა მქონდა გარდა იმისა, რომ მისთვის ჩემი გეგმები გამეცნო?
რამდენიმე დღეში დევიდმა დამირეკა და მითხრა, რომ გლეიზერებისგან ზარს დავლოდებოდი. ჯოელ გლეიზერი დავარწმუნე, რომ ჩემი გადაწყვეტილება არ იყო დაკავშირებული გილის წასვლასთან და რომ მე ამაზე ბევრად უფრო ადრე ვფიქრობდი.
ავუხსენი ჩემი მოტივაცია. ყველაფერზე დავეთანხმეთ ერთმანეთს და ნიუ იორკში შეხვედრა დავთქვით. ამერიკაში ის კიდევ ერთხელ შეეცადა, რომ დარჩენაზე დავეყოლიებინე, რისთვისაც მადლობა ვუთხარი. რაკი ჩემს გადაწყვეტილებას შეურიგდნენ, ახალ მწვრთნელზე ფიქრს შევუდექით და დევიდ მოიესზე იოლად შევთანხმდით.
შოტლანდიელებს ხასიათის სიმტკიცე მოგვდგამს. თუკი ჩვენს მხარეს ვტოვებთ, მხოლოდ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ არასოდეს მივდივართ სამშობლოდან მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ წარსულს გავექცეთ. მივდივართ, რათა გავხდეთ უკეთესები. ამის მაგალითები მრავლად არის მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ამერიკასა და კანადაში. ჩვენი სიმტკიცე ნიღაბი არ არის. ეს არის გადაწყვეტილება, მივაღწიოთ მაქსიმუმს.
შოტლანდიელები უცხოეთში იუმორს მოკლებულნი არ არიან. ეს შტრიხი მოიესის ხასიათშიც ზის, მაგრამ ჩვენთვის სამუშაოზე მნიშვნელოვანი არაფერია.
ხალხი ხშირად მეუბნება: "არასოდეს მინახავს, რომ სტადიონზე იღიმებოდე". მე კი ვპასუხობ: "იქ იმისთვის კი არ მივდივარ, რომ გავიღიმო, არამედ იმისთვის, რომ თამაში მოვიგო".
გლეიზერებს დევიდი მოეწონათ. მან თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. პირველი, რაც აღნიშნეს, მისი გულწრფელობა იყო. გულწრფელობა ნიჭია და ის ყველას არ გააჩნია.
გაგრძელება მომდევნო ნომერში
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"