ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტურის შეჯამება: იდეალური გეგმა ხიშტების წინააღმდეგ

AutoSharing Option
"არსენალს" ბოლო თამაშებში გაუჭირდა. "მეთოფეებმა" ზედიზედ მე-4 შეხვედრაში ვერ იმარჯვეს. მეტოქეთა დონის გათვალისწინებით, ამაში გასაკვირი, ერთი მხრივ, არაფერი უნდა იყოს, თუმცა ფეხბურთელების თავდაჯერებაზე, ვშიშობთ, ამან დამღუპველად არ იმოქმედოს.

ჟოზე მოურინიო დიდი ეშმაკი ვინმეა, თუმცა დიდი გამჭრიახობაც არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ მასპინძელთა სწრაფ და ტექნიკურ შუახაზთან შემტევი ფეხბურთელებით დაპირისპირებამ შესაძლოა უბედურება მოიტანოს.

"განსაკუთრებულმა კაცმა" "ემირეიტსზე" დაცვაზე ორიენტირებული შემადგენლობა გაუშვა საბრძოლველად და შედეგიც შესაბამისი მიიღო. "არსენალს" პეტრ ჩეხის კარისკენ მიმავალი ყველა ბილიკი გადაკეტილი დახვდა. მასპინძელმა კარის ჩარჩოში პირველად მსაჯის მიერ
კომპენსირებულ პირველ წუთზე დაარტყა ზუსტად. "ჩელსიმ" კი ზუსტად ის ფეხბურთი ითამაშა, რაც მწვრთნელს ჰქონდა ჩაფიქრებული. სტუმრებს 3 ქულის აღების მეტი შანსი ჰქონდათ.

ცალკე თემაა მაიკ დინის მსაჯობა. 45 წლის არბიტრმა ჩვეულ სტილში მისცა გუნდებს ხისტი ბრძოლის საშუალება და 19 ჯარიმიდან მხოლოდ 3-ჯერ გაიმეტა ფეხბურთელები ყვითელი ბარათისთვის. წესის დარღვევათა ხასიათიდან გამომდინარე, მისი ქმედება მეტისმეტად ლოიალურის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

განსაკუთრებით, მე-11-მე-12 წუთებზე მომხდარ ეპიზოდებს ვგულისხმობთ, როცა ჯერ ასპილიკუეტამ და მერე ლემპარდმა, შესაბამისად, რემსისა და სანიას უკნიდან გამეტებით ჩაარტყეს. 36-ე წუთზე დინმა სულაც 100%-იანი პენალტი არ დანიშნა სტუმართა კარში, როცა ვილიანმა უბურთო უოლკოტს ფეხი გამოუსვა.

ტურის ფაქტები
"ლივერპული"-"კარდიფი" ერთმანეთს უკანასკნელად 2012 წელს ლიგის თასის ფინალში დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო "უემბლიზე" 2:2 დასრულდა, გამარჯვება კი პენალტების სერიაში საბოლოოდ ფავორიტს დარჩა.

2013 წელს ლუის სუარესს პრემიერლიგის 26 შეხვედრაში 29 გოლი (აქედან 20 "ენფილდზე") დაუგროვდა. ურუგვაელს 2 შეხვედრა კიდევ დარჩა, თუმცა უკვე გადააჭარბა რობინ ვან პერსის შარშანდელ შედეგს: 27 გოლი (39 თამაშში).

17 ტურის შემდეგ "ლივერპულს" 42 გოლი აქვს ანგარიშზე. ეს უკეთესი შედეგია, ვიდრე 1987/88-ის საჩემპიონო სეზონში.

***
"კრისტალ პალასმა" "ნიუკასლთან" "სელსჰარტ პარკზე" ზედიზედ მეხუთე შეხვედრა დათმო და თანაც ყველა მშრალი ანგარიშით.
17 ტურის შემდეგ "ნიუკასლის" 30 ქულა 3-ით მეტია, ვიდრე 2011/12-ის სეზონში, როცა "კაჭკაჭებმა" სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულეს.
"ნიუკასლის" 24-დან 22 გოლი ფრანგების ანგარიშზეა.
17 ტურში "პალასს" მხოლოდ 17 ყვითელი აქვს მიღებული, რაც საუკეთესო შედეგია ჩემპიონატში.

***
"ფულჰემმა" "მანჩესტერ სიტისთან" ზედიზედ მე-19 შეხვედრაში გაუშვა გოლი.
"სიტისთან" "ფულჰემის" მოუგებელი სერია 10-მდე გაიზარდა.
"ფულჰემი" ბოლო 9 ტურში 8-ჯერ დამარცხდა.
სტუმრად ჩატარებული მატჩების არაოფიციალურ ცხრილში "სიტიმ" ამ გამარჯვების შემდეგ 11 ქულით მე-11 ადგილიდან მე-9-ზე აინაცვლა.

***
"მანჩესტერ იუნაიტედის" წაუგებელი სერია "ვესტ ჰემთან" 10 მატჩამდე გაიზარდა. 10-დან "ეშმაკებს" 9 გამარჯვება აქვთ.
უეინ რუნიმ ამჯერად ვერ მოახერხა თავის გამოჩენა. არადა, წინა 6 მატჩში "ჩაქუჩებისთვის" 7-ჯერ ჰქონდა გატანილი.
"იუნაიტედს" "ოლდ ტრეფორდზე" გამართულ 9 შეხვედრაში მხოლოდ 11 გოლი აქვს გატანილი. ეს მაშინ, როცა თანაქალაქელმა "სიტიმ" ერთით ნაკლებ მატჩში 35-ჯერ გამოიჩინა თავი.

***
"სტოკს" პრემიერლიგის უკანასკნელ 8 შეხვედრაში მხოლოდ 1 მატჩი აქვს წაგებული (3 მოგება, 4 ფრე).
პოლ ლამბერტის "ასტონ ვილამ" ჩემპიონატში ზედიზედ მესამე თამაში წააგო და ამ შეხვედრებში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

***
"სანდერლენდი"-"ნორვიჩის" შეხვედრა 1995 წლის 19 აგვისტოს შემდეგ პირველად დასრულდა მშრალი ანგარიშით. მეტოქეებმა ამ პერიოდში 15 მატჩი ჩაატარეს ერთმანეთში.
მიუხედავად უგოლო მატჩისა, "ნორვიჩს" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში ყველაზე მეტი (21) გოლი აქვს გაშვებული.
სამაგიეროდ, "სანდერლენდს" საშინაო შეხვედრებში აღარ აქვს ყველაზე ცუდი შედეგი (16). "სიტისთან" 2:4-ის წყალობით მას "ფულჰემმა" "გადაასწრო".
"სანდერლენდი" შობას ბოლო ადგილზე შეხვდა. პრემიერლიგაში ერთადერთხელ მოხდა (2004/05 წლებში "ვესტ ბრომვიჩი"), რომ მსგავსი შედეგის მქონე გუნდმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

***
"ვესტ ბრომვიჩმა" "ჰალთან" ზედიზედ მეორე შეხვედრაში ითამაშა ფრედ, მოუგებელი სერია კი უკვე 4 მატჩს აღწევს.
"ვეფხვებს" 20 გოლიდან 17 სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში აქვთ გაშვებული.
"ბრომვიჩმა" შეწყვიტა 4-მატჩიანი წაგებათა სერია.

***
"საუთჰემპტონმა" "ტოტენჰემთან" უკანასკნელი 5-დან 4 მატჩი დათმო და აქედან 3 ზედიზედ.
"წმინდანებს" 9 ნოემბრის შემდეგ ჩემპიონატში აღარ უმარჯვიათ. მოუგებელი სერია 6 თამაშამდე გაიზარდა.
"ტოტენჰემი" საუკეთესოა სტუმრად აღებული ქულებით (19). მას კვალში "არსენალი" და "ევერონი" უდგანან (16-16 ქულით).
პირველი ათეულის წარმომადგენელთაგან მხოლოდ "ტოტენჰემსა" და "სტოკს" აქვთ ბურთების უარყოფითი ბალანსი.

***
"სუონსი" პრემიერლიგაში "ევერტონს" მეხუთედ შეხვდა და მეოთხედ დამარცხდა. გუნდები ისტორიაში 18-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და "გედებს" ჯერ არ უმარჯვიათ (5 ფრე, 13 მარცხი).
17 ტურის შემდეგ "ევერტონს" პრემიერლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავს - მხოლოდ 16 გაშვებული ბურთი.
66-ე წუთზე შეიმუს კოულმანის გოლი მე-8 აღმოჩნდა "ევერტონის" უკანახაზელებისთვის, რაც საუკეთესო შედეგია პრემიერლიგაში.
მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ მესამე შეხვედრაში უშვებს, "ევერტონს" მაინც ყველაზე მეტი მშრალი მატჩი (8) აქვს ჩემპიონატში.

***
"ჩელსისთან" "არსენალის" მოუგებელი სერია 5 მატჩამდე გაიზარდა.
არსენ ვენგერმა ჟოზე მოურინიოსთან მე-10 თამაში ჩაატარა და ჯერ ერთიც არ მოუგია (5 ფრე, 5 მარცხი).
"ემირეიტსის" გახსნის პერიოდიდან, ანუ 2006/07 წლების სეზონიდან მოყოლებული, "ჩელსის" ამ სტადიონზე უკვე 12 ქულა აქვს აღებული, რაც საუკეთესო შედეგია პრემიერლიგური კლუბებისთვის.
1996 წლის შემდეგ "არსენალის" თავკაცის რანგში ვენგერი "ჩელსის" 11 მწვრთნელს შეხვედრია მოედნის კიდესთან.

XVII ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge

სტატისტიკა XVII ტურის შემდეგ

საუკეთესო ბომბარდირები
19 - ლუის სუარესი (ლივერპული)
13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
9 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)

საუკეთესო მეპასეები
7 - მესუთ იოზილი (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
6 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული), აარონ რემსი (არსენალი)
5 - პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი), ლუის სუარესი (ლივერპული)

გოლი+პასი
24 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 19+5
17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 13+4
15 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 8+7
14 - აარონ რემსი (არსენალი) - 8+6

ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები
7 - პაულინიო (ტოტენჰემი)
6 - ვეს ბრაუნი (სანდერლენდი) კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი)
წითელი ბარათი - 3 ქულა, ყვითელი - 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტური: არაჩვეულებრივი წინასაშობაო უქმეები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული