ინგლისი. ლიგის თასი. 1/2-ფინალი: პირველად 22 წლის შემდეგ...

AutoSharing Option
კვირაზე ცოტა მეტია გასული 2014 წლის დადგომიდან, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" მაინც მოასწრო ზედიზედ სამი თამაშის წაგება და რაც ყველაზე საინტერესოა, სამჯერვე ერთნაირი ანგარიშით - 1:2. მიჯრით სამი მარცხი "ეშმაკებს" ბოლოს 1992 წელს ჰქონდათ განცდილი.

"იუნაიტედის" წინააღმდეგ მისმა სამმა ყოფილმა წევრმა ითამაშა. გულშემატკივარს ჯონ ოში და უეს ბრაუნი უფრო ეხსომება; რაც შეეხება ფილ ბერდსლის, 28 წლის შოტლანდიელი თავის დროზე სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში მხოლოდ ირიცხებოდა და მოედანზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გადიოდა. ანგარიში ორი მათგანის აქტიურობის წყალობით გაიხსნა. პირველი ტაიმის მიწურულს სებასტიან
ლარსონის საჯარიმოს ბრაუნის გამჭოლი გადაცემა მოჰყვა, გიგზმა კი ბერდსლისთან ორთაბრძოლაში ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

"იუნაიტედმა" მეორე ნახევარში მალევე გაათანაბრა. კუთხურის გათამაშებას ნემანია ვიდიჩის თავური მოჰყვა. 65-ე წუთზე ანდრე მარინერმა საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო, როცა საჯარიმოში კლევერლისა და ჯონსონის მინიმალური კონტაქტის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც ფაბიო ბორინიმ მშვიდი სინდისით გამოიყენა.

მარინერის გადაწყვეტილებათაგან მხოლოდ პენალტის ეპიზოდი არ ყოფილა საკამათო. 43 წლის არბიტრმა 0:0-ზე ადნან იანუზაის გოლი იმის გამო არ ჩათვალა, რომ ბელგიელის მისამართით პასის მომენტში თამაშგარეში გიგზი იმყოფებოდა. 18 წლის ფეხბურთელს ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგაც შეეძლო 1-2-ჯერ გუნდის გადარჩენა, თუმცა თანაგუნდელებმა თინეიჯერს მხარი ვერ აუბეს.

"იუნაიტედს" ლიგის თასის ფინალში გასვლისთვის ბრძოლა განმეორებით შეხვედრაში მოუწევს, რომელიც 22 იანვარს "ოლდ ტრეფორდზე" გაიმართება. შესაძლოა, "იუნაიტედმა" მიზანს მართლა უწიოს და მერე ტიტულიც მოიგოს, თუმცა ვერსად დავემალებით იმას, რომ მოიესის გუნდი უკვე აღარავისთვის წარმოადგენს ავტორიტეტს.

ამაში დასარწმუნებლად მხოლოდ მშრალ სტატისტიკას გაგაცნობთ: შოტლანდიელის ხელმძღვანელობით "ეშმაკებმა" 1978 წლის შემდეგ "ოლდ ტრეფორდზე" პირველად წააგეს "ვესტ ბრომვიჩთან", 1992 წლის შემდეგ იმავე არენაზე პირველად დათმეს შეხვედრა "ევერტონთან", 1972 წლის შემდეგ - "ნიუკასლთან" და ისტორიაში სულაც პირველად დამარცხდნენ "სუონსისთან". "შავ კატებს" მრისხანე მეტოქე ბოლოს 2000 წლის 28 ნოემბერს წუხანდელი ბრძოლის ადგილას, "სტედიუმ ოფ ლაითსზე" ლიგის თასის მე-4 რაუნდში ჰყავდათ დამარცხებული.

გუსტავო პოიეტი
(სანდერლენდი): "ცოტა უცნაურია, რომ ჩვენი თამაშის მანერა უფრო დიდ გუნდებთან დაპირისპირებისთვის გამოდგება, ვიდრე სხვებთან. საერთო ჯამში, თანაბარი და საინტერესო შეხვედრა გამოდგა. წინასწარ ვიცოდით, რომ "იუნაიტედთან" თამაში იოლი ვერ იქნებოდა. "ოლდ ტრეფორდის" მატჩის წინ უმნიშვნელო უპირატესობას ვფლობთ. რაკი ტურნირის ფინალში არასოდეს გვითამაშია, ყველაფერს ვიღონებთ მიზნის მისაღწევად. ფეხბურთში ხანდახან ასეთი რამეც ხდება ხოლმე, როცა არბიტრები შენს სასარგებლოდ ცდებიან".

დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი): "რამდენად მძიმეც უნდა იყოს, უნდა ვაღიაროთ, რომ დავმარცხდით და ცხოვრება გავაგრძელოთ. ვერ ვიტყოდი, რომ ჩემი შეგირდები ცუდად თამაშობდნენ. ანგარიშის გახსნის მომენტში მეგონა, რომ არბიტრი წესის დარღვევას დააფიქსირებდა, თუმცა ასე არ მოხდა. არა უშავს, რაკი ორრაუნდიანი დაპირისპირებაა, ფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს".

მოიესი უარყოფს
ინგლისური პრესის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "რეალს" შორის ფაბიო კოენტრაუს ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და 25 წლის პორტუგალიელი "ოლდ ტრეფორდს" იანვარშივე მიაშურებს. ინფორმაცია "ეშმაკების" თავკაცმა დევიდ მოიესმა "სანდერლენდთან" ლიგის თასის პირველ 1/2-ფინალური მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე უარყო.

სანდერლენდი-იუნაიტედი 2:1
გოლები: 1:0 გიგზი (45+2-ს.კ-ში), 1:1 ვიდიჩი (52), 2:1 ბორინი (65-პენ)
სანდერლენდი: მანონე, ბერდსლი, ოში, ბრაუნი, ალონსო, ლარსონი, კატერმოული, კი, ჯაკერინი (56. ა. ჯონსონი), ს. ფლეტჩერი (72. ალტიდორი), ბორინი
იუნაიტედი: დე ხეა, რაფაელი, ვიდიჩი, ევანსი (62. სმოლინგი), ევრა, კერიკი, კლევერლი (74. დ. ფლეტჩერი), გიგზი, ვალენსია (87. ერნანდესი), იანუზაი, უელბეკი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბავშვობიდან მანჩესტერს ვგულშემატკივრობ, მაგრამ გიგზის თამაშგარის გოლი არც იყო ჩასათვლელი და მანდ მსაჯს შეცდომა არ დაუშვია, რასაც პენალტზე ვერ ვიტყვით. ნებისმიერ შემთხვევაში, მსაჯის შეცდომას შეიძლება დააბრალო წაგება მაშინ, როცა რეალს ეთამაშები. სანდერლენდისნაირ გუნდებთან რომ აგებს კლუბი, იმას გრანდი აღარ ჰქვია და სერიოზულ მიზნებს აღარ უნდა უმიზნებდეს. იმედია, იანვრის ტრანსფერების მერე მდგომარეობა გაუმჯობესდება
Lasha
16:51 09-01-2014
0

სიახლეები პოპულარული